ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მან წარმატებით ჩამოაყალიბა ახალი სამთავრობო კოალიცია, რაც მას კვლავ ძალაუფლებაში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ისრაელს ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე მთავრობა ეყოლება, რომელსაც სათავეში ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჩაუდგება.
ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება ოთხშაბათს, 21 დეკემბერს გააკეთა, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან სატელეფონო საუბარში. შუაღამით, მას მოლაპარაკებების და მთავრობის შექმნის ვადა ეწურებოდა. პრეზიდენტისგან ნეთანიაჰუს მთავრობის ჩამოყალიბებისთვის 28 დღე ჰქონდა და 14 დღით ვადის გაგრძელების შანსი. ნეთანიაჰუს და ჰერცოგის საუბრის ჩანაწერი ლიკუდის პარტიამ გამოაქვეყნა.
მოვლენებს წინ უძღოდა ნეთანიაჰუს მიერ პარტნიორებთან გამართული, რამდენიმეკვირიანი რთული მოლაპარაკებები. ძალაუფლების გადანაწილება ისრაელის მომავალ მთავრობაში ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის, მაგრამ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ პროცესს რაც შეიძლება სწრაფად, "მომავალ კვირაში" დაასრულებს.
ისრაელის ახალი პრემიერის მიერ ფიცის დადების დღე ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. ნეთანიაჰუს რთული ამოცანა აქვს, მის კოალიციაში ულტრა მემარჯვენეები და ულტრა ორთოდოქსი ლიდერები დომინირებენ. ისინი დრამატულ ცვლილებებს ითხოვენ, რაც ზრდის პალესტინელებთან კონფლიქტის რისკს და საფრთხის ქვეშ აყენებს ისრაელის მხარდამჭერებთან კარგ ურთიერთობებს, მათ შორის - ვაშინგტონთან და ამერიკელ ებრაელებთან.
Facebook Forum