ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური სახელმწიფოს კიბერ-ომი?


შუქი ქრება, ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი მთავრდება, ქარხნები ჩერდება - ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის სცენარს ჰგავს, მაგრამ ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამერიკულ ინდუსტრიას “ისლამური სახელმწიფოს” კიბერთავდასხმებისგან თავდასაცავად უსაფრთხოების სისტემების გაძლიერება არ აწყენდა.

“რა თქმა უნდა, ამ საფრთხის წინაშე დგას შეერთებული შტატების მთავრობა და სხვა დასავლელი მთავრობები, მაგრამ საფრთხე ემუქრება საწარმოებსა და ენერგოტრანსპორტირების კომპანიებსაც,” ამბობს ბობ გურლი, სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი.

გურლის თქმით, რუსეთისა და ჩინეთის კიბერთავდასხმებისაგან განსხვავებით, “ისლამური სახელმწიფოს” მიზანი არა უბრალოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მთლიანად სისტემების მოშლაა. მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებას სხვა კრიმინალური ქსელების მსგავსი გავლენები არ აქვს, მას სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებზე ბევრად მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.

“ისლამურმა სახელმწიფომ” ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეფექტური გამოყენებით გაითქვა სახელი. მან ამ მეთოდით მიმდევრები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მიიზიდა."

“ჩვენ საფრთხის ახალ ეპოქაში ვართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისა არის, რომ ჩვენი სისტემები იმაზე უკეთ უნდა დავიცვათ, ვიდრე ამას დღეს ვახერხებთ”

​კლიფტონ ტრიპლეტი, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის სპეციალისტია. ის აცხადებს, რომ მისი სამსახური ონლაინ-თავდასხმებისგან სამთავრობო სისტემების უკეთ დაცვაზე მუშაობს.

“ისლამური სახელმწიფო ალბათ გარკვეულ წარმატებას მოიპოვებს. ჩემი საქმე მოყენებული ზიანის შემცირება იქნება,” ამბობს ის.

2015 წლის დასაწყისში პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური თავად აღმოჩნდა კიბერთავდამსხმელთა სამიზნე. მაშინ ჰაკერებმა ამერიკის მთავრობაში დასაქმებული 21.5 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემი იგდეს ხელთ.

ალ ბერმანი, ტექნოლოგიური კატასტროფების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, მიიჩნევს, რომ სინამდვილეში “ისლამურ სახელმწიფოს” ინფორმაციის მოსაპოვებლად კიბერშეტევების მოწყობა არ სჭირდება. მას შეუძლია, სასურველი ინფორმაცია ჰაკერებისგან შეიძინოს.

კალიფორნიაში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაცია Privacy Rights Clearinghouse-იც პერსონალური მონაცემების დაცვაზე მუშაობს. ამ ორგანიზაციის თანახმად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ შეერთებული შტატების უმაღლესი სასწავლებლებიდან უკანონოდ მოიპოვეს 2.5. მილიონი პირადი მონაცემი .

“უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ყველაზე სუსტი უსაფრთხოების სისტემები აქვთ. სტუდენტები ღია IP მისამართებს იყენებენ, რომელიც ჰაკერებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია,“ ამბობს ჯონ მათერლი. ის ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების საძიებო სისტემის, Shodan-ის დამფუძნებელია.

მისივე თქმით, სუსტია წყალმომარაგების კომპანიებისა და ენერგოობიექტების უსაფრთხოების სისტემებიც. "იმდენად სუსტი, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" მებრძოლებს აღნიშნული სისტემების მოსაშლელად განსაკუთრებული ცოდნაც კი არ სჭირდებათ," ამბობს მათერლი.

XS
SM
MD
LG