საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. ეს პირველი კვლევაა 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების შემდეგ.
IRI-ის ბოლო კვლვევის შესახებ ევრაზიის პროგრამის დირექტორს, სტივენ ნიქსს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.
სტივენ, რა არის თქვენი კვლევის მთავარი მიგნებები?
მე ვიტყოდი, რომ ამ კვლევას სამი უმთავრესი მიგნება აქვს. პირველი, ეს არის ფოკუსი ეკონომიკურ საკითხებზე. ქართველი რესპონდენტების 77%-მა თქვა, რომ ეკონომიკური საკითხები უმთავრესია მათთვის. რას ვგულისხმობთ ამაში? ეს ეხება სამუშაო ადგილებს, დასაქმებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, პენსიებს, ანუ ძირითად ეკონომიკურ საკითხებს. ძირითადად ესაა რაზეც ფოკუსირდება ხალხი და რაზეც მოსახლეობას სურს, რომ მთავრობამ იმუშაოს.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა იზრდება და საკმაოდ მაღალია. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ამბობს, რომ სურთ მათი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, ხოლო 75%-ს სურს, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. ორივე მაჩვეენებლი წინა კვლევასთან შედარებით გაზრდილია, ამიტომ ძალიან მაღალია ევროპულ და დასავლურ ინსტიტუციებთან ინტეგრაციის მხარდაჭერა.
მესამე საკითხი კი რუსული აგრესიაა. გამოკითხულთა 77% ამბობს, რომ რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებისთვის, იცოდნენ, როგორ აღიქვამს ხალხი რუსეთს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ ხალხის ძირითადი ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, 78-მა პროცენტმა იმათგან, ვისაც ინფორმაცია ჰქონდა ამ სისტემის შესახებ თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ ამ ცვლილებას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
რეიტინგების მხრივ გარკვეული ცვლილებები დავინახეთ ამ კვლევაში, მაგალითად, შეიცვალა პოლიტიკური პარტიებისა და ეკლესიის რეიტინგი. რა ძირითადი განსხვავებებია წინა კვლევასთან შედარებით?
ძირითადი ტრენდები, თითქმის იგივეა. პოლიტიკოსების რეიტინგები კი ყოველთვის იცვლება, ასე რომ ამაში არაფერია გასაკვირი. პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მცირედი ცვლილებებია, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთ კვლევას საპარლამენტო არჩევნებამდე ჩავატარებთ და უფრო ზუსტად გვეცოდინება დეტალები. მაგრამ ახლა ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ეკონომიკურ, ევროკავშირისა და ნატოს და პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხებზე.
ამ კვლევას საქართველოში, უკვე, წლებია ატარებთ და ის ყოველთვის განხილვის საგანი ხდება. როგორ ფიქრობთ, ითვალისწინებს თუ არა მთავრობა იმას, რაც კვლევაში წერია?
IRI-ის პროგრამის ფარგლებში, ამ მონაცემებს ვუზიარებთ, როგორც მთავრობას, ისე სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ორი მიზეზის გამო: გვსურს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებმა იცოდნენ, რა სურს ხალხს, რა არის მათი დაკვეთა და ასე მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათთვის ეს საჭიროა, რომ გააუმჯობესონ თავიანთი მესიჯები და ასევე ეს მონაცემები დაეხმაროს მათ სწორად მიმართონ ძალისხმევა ხმების მოსაზიდად. ასე რომ, ეს მონაცემები მიმართულია ერთის მხრივ, პოლიტიკის შესამუშავებლად და მეორეს მხრივ, პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად.
მაგრამ, რას ფიქრობთ, ითვალსიწინებენ თუ არა ისინი რეალურად ამ მონაცემებს?
დიდი იმედი მაქვს, რომ კი. არჩეული პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულები უნდა იყონ საზოგადოების წინაშე. ისინი იმისთვის არიან, რომ იცოდნენ ხალხის აზრი და ეს გაითვალისწინონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.
საქართველოს მთავრობა კრიტიკულად შეხვდა თქვენს კვლევას. ისინი მაბობენ, რომ სჯერათ საკუთარი კვლევების და ამბობენ იმასაც, რომ თქვენს მონაცემებში ყოველთვის არის ცდომილება. რა შეგიძლიათ ამის შესახებ გვითხრათ?
მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ IRI-ის გამოცდილი რეპუტაცია აქვს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. IRI-ის მონაცემები პატივსაცემია, აღიარებულია და მას ხშირად იყენებენ უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი მონაცემების სისწორესა და ნამდვილობაში და ეს ჩვენი რეპუტაციის საკითხიცაა. ამას უკვე ძალიან დიდი ხანია ვაკეთებთ. ჩვენ ობიექტურები ვართ, არავის მხარეს არ ვიჭერთ, მონაცემები ყველასთვისაა და ჩვენ გვჯერა ჩვენი მონაცემების.
Facebook Forum