ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IRI საქართველოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გაგზავნის


ინტერვიუ სტივენ ნიქსთან, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ევრაზიის განყოფილების დირექტორთან

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” წლებია საქართველოში პოლიტიკური პარტიების მშენებლობაზე მუშაობს, როგორ ფიქრობთ, რა როლი იქონია თქვენმა საქმიანობამ პოლიტიკურ პარტიებზე, როგორ აისახა მათ აქტივობებზე თქვენთან თანამშრომლობა?

ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება, ეს საქართველოში მრავალპარტიული და კონკურენტული პოლიტიკური სისტემის მშენებლობაა. ვფიქრობ საქართველოში დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ბოლო არჩევნებით მმართველობის მშვიდობიანი გადაცემა მოხდა, რაც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებს შექმნან მრავალპარტიული და შეჯიბრითობის პრინციპზე აგებული პოლიტიკური სისტემა,

არსებობს მოსაზრება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთგვარი ტესტი, სადაც გამოჩნდება თუ რამდენად მდგრადია საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით მონაცვლეობის პრინციპი. თქვენ ფიქრობთ რომ ამის საფრთხე არსებობს?

იმედი გვაქვს რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება. ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტისას განვიხილეთ. ვიცით რომ მან ისაუბრა ოპოზიციურ პარტიებთან და მას გულწრფელად სურს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება.

თუმცა, მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა აჭიანურებს საარჩევნო სისტემის რეფორმას, მოქმედი საარჩევნო სისტემა კი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის არჩევანის პროპორციულად ასახვას საპარლამენტო მანდატებში და პარლამენტში პოლიტიკური ძალების სამართლიან წარმომადგენლობას.

საქართველოს უნიკალური სისტემა აქვს, ვიცი რომ საარჩევნო კოდექსზე დისკუსია მიმდინარეობს, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას გააგრძელონ ცენტრალურ სააარჩევნო კომისიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობა და შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

როგორც ჩანს ეს არ მოხდება საპარლამენტო არჩევნებამდე

ჯერ კიდევ არის დრო. გვაქვს იმედი, რომ ზოგიერთი ცვლილების მოხდენა მოესწრება

თქვენს მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს ჯერ ისევ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა მომავალ არჩევნებზე. როგორ ახსნით ამ გაურკვევლობას?

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა ამ ეტაპზე გასაკვირი მოვლენა არ არის. კვლევა გაზაფხულზე ჩატარდა, არჩევნები შემოდგომასაა დანიშნული, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრე იწყება. ბევრი რამე შეიცვლება არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ ეს იქნება კონკურენტული არჩევნები, რაც საქართველოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის კარგია.

ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად თითქმის ერთნაირი რეიტინგი აქვთ მმართველ და მთავარ ოპოზიციურ ძალას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ ერთნაირი შანსები აქვთ?

ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ არჩევნები კონკურენტული იქნება. ვფიქრობ ეს დადებითი ნიშნებია საქართველოს განვითარებაში, არავინ იცის როგორი იქნება არჩევნების შედეგი.

საპარლამენტო მანდატისთვის მეტი პოლიტიკური პარტია იბრძოლებს. ზოგიერთი ამას დადებით მოვლენად აფასებს და ამბობს, რომ ეს ხელს უწყობს მრავალფეროვნებას, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ამ ვითარებით შესაძლოა პრო-რუსულმა ძალებმა იხეირონ. თქვენ ხედავთ ამის საფრთხეს?

არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მონაცემებიდან ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება. რაც ჩენს მონაცემებში იკვეთება რუსეთთან მიმართებით ისაა, რომ ქართველები განაგრძობენ სვლას დასავლეთისკენ, რომ დასავლეთს ქართველები ხედავენ როგორც რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის საშუალებას, ასევე როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ქართველებს იმედი აქვთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მათი ცხოვრების სტანდარტს გაზრდის, შექმნის სამუშაო ადგილებს, გაზრდის ვაჭრობას.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ამ კვლევებში სწორედ ევროპის კავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა, რასაც მხარს გამოკითხულთა 85 პროცენტი უჭერს, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ქართველების დიდი ნაწილი თავს ევროპაში ხედავს. ასევე 79 პროცენტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ქართველები მომავალს დასავლეთში ხედავენ.

თქვენივე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. ამავდროულად 59 პროცენტი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. როგორ ხსნით ამ ორ მაჩვენებელს?

ქართველების უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს და აქვს ამის საფუძველი. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ქართველებს სურთ მათმა მთავრობამ რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს. ჩვენ ეს საკითხი შემდეგნაირად გვესმის - მათ სურთ დიალოგი ვაჭრობაზე, ეკონომიკაზე, რადგან რუსეთი საქართველოს პროდუქციისთვის დიდი ბაზარია. ეს მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის ზრდისთვის.

ეს ძალიან მკაფიო განაცხადია მოსახლეობისგან, ისინი აღიქვამენ რუსეთს საფრთხედ, მაგრამ ასევე გაცნობიერებული აქვთ რუსეთის ბაზრის მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის.

შესაძლებელია რუსული პოლიტიკის და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განცალკევება?

ვერაფერს ვიტყვი რუსულ მხარეზე, მაგრამ საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ცდილობს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.

კვლევის მიხედვით ქართველი ამომრჩევლებისთვის სამი მთავარი პრობლემა უმუშევრობა, ზოგადიი ეკონომიკურ ვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ჰპოვებს თუ არა ეს პრიორიტეტები ასახვას პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში?

იმედი გვაქვს რომ აისახება. “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების მთავარი და უპირველესი მიზანია დაეხმაროს პარტიებს პლატფორმების ჩამოყალიბებაში. ჩვენ ვაწვდით ამ მონაცემებს პარტიებს, რათა მათ ამომრჩევლების პრობლემების მიხედვით მესიჯების შექმნა შეეძლოთ.

ამ კვლევებით ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ რა არის საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემები, რა საკითხები აწუხებთ ამომრჩევლებს, რისი მოგვარება სურთ მათ პირველ რიგში - ეს კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა სწორედ ამის გამოვლენაა, გავიგოთ რა აწუხებთ ამომრჩევლებს ყველაზე მეტად, იმედია პარტიებსაც იგივე ინტერესი აქვთ. ეს მონაცემი პოლიტიკურ პარტიებს მათვე პოზიციონირებისთვის ჭირდებათ, რომ სათანადო პასუხი გასცენ ამომრჩევლების მოთხოვნებს.

ითვალისწინებენ ამ მონაცემებს პოლიტიკური პარტიები?

წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პარტიების მხრიდან ძალიან დიდი ძალისხმევა პერსონებიდან მეტი ყურადღება საკითხებზე, პრობლემებზე გადაიტანონ. ასევე პარტიების ლიდერებს კარგად აქვთ გაცნობიერებული კვლევების მნიშვნელობა, იციან როგორ გამოიყენონ მონაცემები, ცდილობენ მათი შედეგები პლატფორმების ფორმირებისთვის გამოიყენონ.

საარჩევნო წელს მთავარ პოლიტიკურ პარტიებში დიდი ცვლილებებია. სამთავრობო კოალიცია დაიშალა, მთავარი ოპოზიციური პარტია მისმა რამდენიმე ლიდერმა დატოვა. რას ცვლის ეს?

პარტიები იცვლებიან, ეს ბუნებრივი პროცესია. პარტიიდან ხალხის წასვლა, ახალი სახეების გამოჩენა, ეს ყველაფერი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და ნორმალური პროცესია. პარტიები ყოველთვის ცდილობენ ცვლილებას, გარდაქმნას, რებრენდიგს, რათა უფრო მეტი ამომრჩევლის მიზიდვა შეძლონ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია.

პოლიტიკური პარტიების “რეიტინგი რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის” მეორეხარისხოვანია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის მთავარი ღირებულება პრობლემების იდენტიფიცირებაა, იმ საკითხების გარკვევა, რაც საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს.

როდის ტარდება მომდვნო კვლევა?

მომდევნო გამოკითხვა სექტემბერში, არჩევნებამდე იგეგმება, რათა პარტიებს ჰქონდეთ საშუალება კიდევ ერთხელ შეხედონ ამომრჩევლების პრობლემებს, გაიგონ მათი მოსაზრებები და შეცვალონ მესიჯები.

ამას გარდა, არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით, გვეყოლება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები. ჩვენი სტანდარტული მისია დაახლოებით 30-50 წევრისგან შედგება. გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 2-თვეს, მოკლევადიანები კი ერთ კვირას გაატარებენ.

ორიოდ კვირაში თბილისში მივემგზავრები, სადაც მთავრობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ამ თემებს უფრო დეტალურად განვიხილავთ.

XS
SM
MD
LG