ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტები ერაყის უმსხვილეს ნავთობ-ნაგებობას დაესხნენ


სუნიტი ისლამისტები ერაყის უმსხვილეს ნავთობ-გადამამუშავებელ საწარმოს დაესხნენ თავს და ნაგებობას ზიანი მიაყენეს. იერიში ოთხშაბათს, ქალაქ ბაიჯიში მოხდა, რომელიც ბაღდადსა და მოსულს შორის მდებარეობს.

მეამბოხეებმა მოსული გასულ კვირას დაიკავეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქის აღებისას ისლამისტებმა 40 ინდოელი გაიტაცეს, რომლებიც მოსულში სამშენებლო პროექტებზე მუშაობდნენ.

ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალები მეამბოხეების წინააღმდეგ ოპერაციებს გააგრძელებენ. გასულ კვირას შეიარაღებული ძალების დამარცხებას კი დროებითი დანაკარგი უწოდა.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ პირობა დადო, რომ ძირითადად შიიტური ირანი ყველაფერს გააკეთებს ერაყში მდებარე შიიტური წმინდა ადგილების „ტერორისტებისგან“ დასაცავად.
XS
SM
MD
LG