ერაყის საპარლამენტო კომიტეტმა ქვეყნის ხელისუფლებას კვირას მოუწოდა, რომ გადადგას საპასუხო ნაბიჯები აშშ-ის საპრეზიდენტო გადაწყვეტილების შემდეგ. პარასკევს, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც შვიდი, ძირითადად მუსლიმური ქვეყნიდან შემომსვლელ ადამიანებს აშშ-ში მოგზაურობას უკრძალავს 90 დღის განმავლობაში. ეს ქვეყნებია ერაყი, სირია, ირანი, სუდანი, ლიბია, სომალი და იემენი. ახალი პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს ლტოლვილთა განსახლების შეჩერებას აშშ-ში 120 დღის განმავლობაში და უვადო აკრძალვას სირიელი ლტოლვილების შემოსვლაზე.
ერაყის მთავრობას ჯერჯერობით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია ამ საპრეზიდენტო გადაწყვეტილებაზე, თუმცა ოფიციალური პირები ბაღდადში აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობასთან ამ თემაზე მოლაპარაკებისას მათ ინტერესებს ლობისტები დაიცავენ. ბაღდადში ოფიციალური პირები აცხადებენ იმასაც, რომ ერაყიდან აშშ-ში იმიგრაციაზე დროებითი შეზღუდვა რისკის ქვეშ აქცევს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო თანამშრომლობას.
სხვა არაბული ქვეყნების მთავრობებს არ დაუფიქსირებიათ საჯაროდ თავიანთი პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაზე. არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ლიდერები კვირას აშშ-ის პრეზიდენტს ტელეფონით დაელაპარაკებიან.