ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თავის ვიზიტს დროზე ადრე წყვეტს და თეირანში ბრუნდება, რათა ჰაჯის პილიგრიმობაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.
საუდის არაბეთის ქალაქ მექაში დაღუპული 769 ადამიანიდან 169 ირანელია, აქამდე იძებნება ირანის 300-ზე მეტი მოქალაქე.
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ საუდის არაბეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
„ამ უბედურ შემთხვევაზე და უზარმაზარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის მთავრობას ეკისრება, მან მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ ნათქვამია ხამენეის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირანის ლიდერები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთს არ ძალუძს გამართოს ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღებს.
საპასუხოდ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანი ტრაგედიის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.