ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან 6 მარტს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ „საკუთარი თავის დასაცავად ისრაელს პრევენციული დარტყმის განხორციელების უფლება აქვს.“ ამ განცხადებამ არაერთ ვარაუდს ჩაუყარა საფუძველი და მათ შორის იმასაც, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსეთის მოქმედებები კავკასიაში ირანის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შემთხვევაში.
ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის პროფესორი და არმიის პოლკოვნიკი ჯონ ჩიკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სერიოზული გათვლების გაკეთება რთულია:
„ჩემი აზრით, უცნობია თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამხრეთ კავკასიაში. არ მგონია, რომ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს რაიმე სახის პირდაპირი სამხედრო დანიშნულება მიეცეთ. ირანის წინააღმდეგ ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩაერთვებიან. უნდა ითქვას, რომ ომის განვითარებისა და შედეგების გათვლა ძალიან ძნელია, მაგრამ ის უდავოა, რომ ირანთან ომის შემთხვევაში რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვნად შეირყევა.“
ჰერითიჯის ფონდის მკვლევარი არიელ კოენი კი ამბობს, რომ კავკასიას საფრთხე არ ემუქრება გამომდინარე იქიდან, რომ ირანთან ომი ნაკლებად სავარაუდოა:
„არ მგონია, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია განხორციელდეს. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ირანმა ახლო მომავალში ბირთვული ბომბი არ შეიმუშავა და თელ ავივს არ დაუმიზნა.“
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუმ ისრაელის მიერ პრევენციული დარტყმის უფლება გამოიყენა და ირანის წინააღმდე სამხერდო ოპერაცია დაიწყო, კოენი მიიჩნევს, რომ კაკვკასიას ირანის მხრიდან მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება:
„ირანის ყურადღება ჰორმუზის სრუტეზე იქნება გამახვილებული. თეირანი შეეცდება გადაკეტოს ნავთობის ტანკერების მარშრუტი. ამასთან, მისი ფიზიკური სამიზნე ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზები და რა თქმა უნდა, ისრაელი იქნება.“
ირანის მხრიდან კავკასიის ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო სამხერდრო ოპერაციის განხორციელება ნაკლებად სავარაუდოა მოველნების ნებისმიერ სცენარით განვითარების შემთხვევაში. თუმცა, საფრთხე მაინც არსებობს, არა ირანის, არამედ რუსეთის მხრიდან.
ჩიკი ამბობს, რომ ის, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი კავკასიაში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს თეირანი:
„ცხადია, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია არ აწყობს გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში, რუსეთს საზღვარზე დამატებითი საზრუნავი გაუჩნდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, სომხეთში - რომელიც ირანს ესაზღვრება - რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, რომელზეც დესტაბილიზაცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. აზერბაიჯანში კი რუსებს დიდძალი ფინანსური ინტერესები აქვთ. ამ ფაქტორების გამო, არ მგონია რუსეთმა ნაადრევი გადაწყვეტილება მიიღოს სამხედრო რეაგირების გაკეთებაზე.“
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთმა საქართველოს გავლით სომხეთში დისლოცირებულ საკუთარ ბაზასთან, ეგრეთ წოდებული, სახმელეთო ხიდის გაკეთება სცადა, ჩიკის აზრით ეს მოქმედება მოსკოვს კარგს არაფერს მოუტანს:
„ამაზე საერთაშორისო გამოხმაურება დადებითი არ იქნება. გარდა ამისა, რუსეთი კიდევ ერთხელ იქნება მიჩნეული მოძალადე ქვეყნად. ჩემი ზარით, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მის უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი საფრთხე მიადგება. მაგრამ მართალი გითხრათ, მოვლენების ამ სცენარით განვითარების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რადგანაც სომხეთის საზღვარი ირანთან იმდენად მოუხერხებელ ადგილზეა და იმდენად პარატაა, რომ რთულია გავთვალოთ რა საფრთხე შეიძლება მიადგეს რუსეთს საზღვრის ამ მონაკვეთიდან.“
ამ ეტაპზე, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გადაჭრის მცდელობა დიპლომატიური და ეკონომიკური მექანიზმებით წარმოებს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ირანისა და ისრაელის ომი არავის აწყობს და გლობალური ეკონომიკური კრიზისი ამ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ამყარებს. შესაბამისად, თუ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ განხორციელდა, კავკასიაზე ამ კონფლიქტის გავლენაზე საუბარიც მხოლოდ ანალიტიკური სავარჯიშოს ნაწილად დარჩება. თუმცა, ომის შემთხვევაში გათვლების გაკეთება და სავარაუდო საპასუხო ნაბიჯების შემუშავება ისეთივე რთული იქნება, როგორც დღეს იმის გადაჭრით თქმა, რომ ირანს ბირთვული ბომბი ნამდვილად ექნება.
ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობა და განსაკუთრებით, ისრაელი უკვე რამდენიმე წელია ძალისხმევას არ ზოგავს. ამჟამად, ირანის წინააღმდეგ არაერთი ეკონომიკური სანქცია არსებობს, რომელთა მიზანიც ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის დასუსტებაა. მიუხედავად მკაცრი ენერგო და ფინანსური სანქციებისა, ირანი კვლავ აგრძელებს ბირთვულ პროგრამას და აცხადებს, რომ მას მხოლოდ დანიშნულება აქვს. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები კი შიშობენ, რომ ირანი ბირთვული ბომბის შემუშავებას აპირებს.