ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული ობიექტები დასავლეთის მთავარი თავსატეხია


ირანის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის მომხრეა, ამავე დროს ის გაეროს ინსპექტორებს საკუთარი ბირთვული ობიექტების მონახულების საშუალებას არ აძლევს.

ირანის ბირთვული ობიექტები დასავლეთის მთავარი თავსატეხია. ახალი ცენტრიფუგების საშუალებით ურანის გამდიდრების პროგრამა შესაძლოა წარმატებით გაგრძელდეს და ატომური ბომბის შესაქმნელად აუცილებელ დონეს მიაღწიოს.

გასულ კვირას ირანის ხელისუფლებამ გაეროს ინსპექტორები ერთ-ერთ ამგვარ ობიექტზე არ დაუშვა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის ჰერმან ნაკაერტის განცხადებით:“ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რადგან არ მოგვცეს მუშაობის საშუალება.“

თეირანის განცხადებით მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აკბარ სალეჰის განცხადებით:“ არსებობს თანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის გზა და კონფრონტაციის და კონფლიქტის გაღვივების გზა. ირანის ისლამური რესპუბლიკა დარწმუნებულია თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის წარმატებაში და ყოველთვის პირველი გზის მომხრე იქნება.“

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ ეთანხმება ირანის ხელისუფლების თვალსაზრისს. ამ ორგანიზაციის მესვეურთა აზრით ირანის ბირთვული პროგრამა შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენონ.

დასავლეთის ლიდერები თვლიან, რომ ირანმა თავად უნდა გამოთქვას მზადყოფნა ახალი მოლაპარაკებების დასაწყებად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით:“ ნებისმიერი დისკუსია ირანთან ამ ქვეყნის ბირთვული პროგრამით უნდა დაიწყოს. პირველ რიგში ირანმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.“

ეს ნიშნავს ირანის ბირთვული ობიექტების ყოველმხრივ შემოწმებას, რასაც თეირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

როგორც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტი მარკ ფიცფატრიკი ამბობს:“ ის ფაქტი, რომ გაეროს ინსპექტორებმა ვერ შეძლეს ირანელებთან შეთანხმება, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში მკაცრი და ზომიერი კურსის მომხრეების დაპირისპირებაზე მიანიშნებს.“

ამერიკის ხმის სპარსულ განყოფილებასთან საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დენის როსმა განაცხადა, რომ საერთაშოროს სანქციების ეფექტურობამ შესაძლოა ირანის ხელმძღვანელობაში მკაცრი კურსის მომხრეების პოზიციები შეასუსტოს. ყოველშემთხვევაში მათ უკან დახევის შანსი უნდა მიეცეთ.

დასავლეთის ლიდერებსაც ამის იმედი აქვთ, თუმცა ისინი სკეპტიკურად არიან განწყობილნი ირანის ხელისუფლების მიმართ, რომელიც ჯერ-ჯერობით ოფიციალური კურსის შეცვლას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG