ორშაბათს ირანის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გაეროს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი და უფრო მკაცრი სანქციების მიუხედავად თეირანი საწვავის შეძენასთან დაკავშირებით არანაირ სირთულეებს არ განიცდის. თუმცა გავრცელებული ცნობების თანახმად ირანის მთავრობას საწვავის ნაკლებობასთან გამკლავება ძალიან უჭირს.
ირანის ოფიციალური პირები კვლავინდებურად უარყოფენ იმას, რომ ქვეყანა საწვავის მწვავე დეფიციტს განიცდის მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო ხშირია ცნობები საწვავზე გრძელი რიგებისა და მზარდი ფასების შესახებ.
მოჰამად ალი ხატიბი ირანის წარმომადგენელია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში. ორშაბათას მან განაცხადა, რომ გაეროს, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციები „ირანს საწვავის შეძენაში დაბრკოლებებს არ უქმნის.“
მოჰამად როიანიანი ირანის ტრანსპორტისა და საწვავის განაწილების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელია. მან გასულ შაბათ-კვირას უარყო, რომ საწვავზე ფასი გაიზარდა.
მისი თქმით, საწვავის ოფიციალური ანუ სუბსიდირებული ფასი, ისევე როგორც არსებული კვოტები, არ შეცვლილა. ირანის მთავრობა ფასებს შეცვლის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიზნობრივი სუბსიდიების გამოყოფის საკითხი გადაწყდა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ფასების გაზრდასთან დაკავშირებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.
მართალია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაში ირანი ნავთობის წარმოების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს, ირანს ფაქტობრივად არ გააჩნია ნავთობის გადამუშავებისთვის საჭირო სამრეწველო ინფრასტრუქტურა, რაც მოძველებული აღჭურვილობითა და კაპიტალ დაბანდებების უკმარისობით აიხსნება. ამ მიზეზის გამო თეირანი საშინაო მოხმარებისთვის საჭირო საწვავის ერთ მესამედს საზღვარგარეთ იძენს.
ბოლო დროს გავრცელებული ცნობების თანახმად ირკვევა, რომ ივნისში გაეროს მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რასაც შეერთებული შტატების მხრიდან დამატებითი ცალმხრივი სანქციების გამოცხადებაც მოჰყვა, ირანისთვის საწვავის ტრადიციულმა მომწოდებლებმა თეირანისთვის საწვავის მიწოდება შეწყვიტეს.
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ფრანგულმა კორპორაციამ „ტოტალმა,“ რუსულმა „ლუკოილმა,“ და საწვავის ექსპორტიორებმა მალაიზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში ირანისთვის საწვავის მიწოდება შეწყვიტეს ან მნიშვნელოვნად შეამცირეს.
თელ ავივში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიზის ცენტრის მკვლევარი მეირ ჯავედანფარი აღნიშნავს, რომ ირანთან ახლო და მეგობრული ურთიერთობების მიუხედავად თურქეთმაც მეზობელი სახელმწიფოსთვის მიწოდებულ საწვავზე ფასი გაზარდა.
„საინფორმაციო სააგენტო რეიტერის ცნობის თანახმად, ირანი თურქეთიდან მოწოდებულ საწვავში ამჟამად საბაზრო ფასზე 25 პროცენტით მეტს იხდის. ამდენად ირანში საწვავი ილევა და თეირანს მარაგის შენარჩუნებისთვის უფრო მეტის გადახდა უხდება,“ აღნიშნავს ჯავედანფარი.
რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციები ირანის საწვავის მარაგს არ ავნებს. პირიქით, მან დადო დაპირება, რომ საწვავის მარაგი გაიზრდება. გასულ თვეს ნავთობმომპოვებელი მრეწეველობის მინისტრის მოადგილემ ალირეზა ზეიღამიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ თეირანი ახალ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების აშენებაზე 26 მილიარდ დოლარს დახარჯავს.