ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალექსანდრე ქართველის მემკვიდრეობას მისი სახელობის ასოციაცია ბავშვების განათლების ხელშეწყობით აგრძელებს


ალექსანდრე ქართველიშვილი, ავიაინჟინერი, ამერიკის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთ ფუძემდებელი, ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com
ალექსანდრე ქართველიშვილი, ავიაინჟინერი, ამერიკის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთ ფუძემდებელი, ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com

ალექსანდრე ქართველიშვილი საქართველოში დაიბადა და მეორე მსოფლიო ომამდე საფრანგეთში სასწავლებლად წავიდა, სადაც საავიაციო ინჟინერია ისწავლა. ომის დამთავრების შემდეგ ის ამერიკაში გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. ამერიკაში ტრაგიკული პირადი ცხოვრების მიუხედავად, პროფესიულად უდიდეს წარმატებებს მიაღწია. მან ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რომელთა ნაწილი ამერიკის საჰაერო ფლოტის ნაწილი დღესაცაა. "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ქართველის ასოციაციის დამფუძნებელ რიჩარდ რუბინს და ნასას პეოგრამების ყოფილ მენეჯერს ჯონ კასანის ქართველის მემკვიდრეობასა და მის მიერ ამერიკის სამხედრო ავიაციის განვითარებაში შეტანილ წვლილზე ესაუბრა.

რიჩარდ, მოდით ქართველის ასოციაციით დავიწყოთ. საიდან გაჩნდა ასოციაციის შექმნის იდეა? რატომ დააარსეთ ეს ორგანიზაცია და რა გაკავშირებთ ალექსანდრე ქართველთან?

ქართველის ლეგენდარული თვითმფრინავი P-47, ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com
ქართველის ლეგენდარული თვითმფრინავი P-47, ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com

მადლობა მოწვევისთვის. ასოციაციის შექმნის იდეა ბუნებრივად გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ერთმა ჩემმა ქართველმა მეგობარმა მისი ცხოვრების დეტალები გამაცნო. რამაზ ბლუაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა ქართველის მოღვაწეობას ამერიკაში და განსაკუთრებით ნასასა და ავიაციაში. ჩვენ გადავწყვიტეთ ქართველის ამბავი - რაც ამერიკის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში მის როლს, ინოვაციებს, გამოგონებებს უკავშირდება - გამოგვეყენებინა ახალგაზრდებში სტემის საგნების პოპულარიზაციისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, დავიწყეთ სპიკერების სერია, რომელიც ამერიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს და ალექსანდრე ქართველი ამის საუკეთესო მაგალითია.

რამდენიმე დღის წინ ამ სერიის პირველ პრეზენტაციას საქართველოს საელჩომ უმასპინძლა და ჯონ, თქვენ პირველი სპიკერი იყავით. რა გაკავშირებთ ქართველთან - გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე მიგიწვიეს - და რა გაკავშირებთ საქართველოსთან?

ქართველის მიერ შექმნილი A-10, ფოტო კრედიტი www.alexanderkartveli.com
ქართველის მიერ შექმნილი A-10, ფოტო კრედიტი www.alexanderkartveli.com

ქართველის სპეციალიზაცია თვითმფრინავები და აერონავტიკა იყო. მე ღრმა კოსმოსს ვსწავლობ. ამ მხრივ, ჩვენი საქმიანობა პირდაპირ არასოდეს გადაკვეთილა. თუმცა, ძალიან ვაფასებ მის საქმიანობას და ამერიკის სამხედრო ავიაციაში შეტანილ წვლილს, რომელიც დღემდე გრძელდება მის მიერ შექმნილი თვითმფრინავების სახით.

ჯონ, თქვენ საქართველოში იყავით.

დიახ, საქართველოში გასული წლის სექტემბერში ვიყავი ქართველის ასოციაციისა და საქართველოს მთავრობის მოწვევით. ოთხ-დღიანი ღონისძიება იყო, რომელიც ქართველის საქმიანობას ეძღვნებოდა. მგონი ოთხი დღე იყო - უფრო ხანგრძლივად. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის ამაღლება იყო. ის სამაგალითო ადამიანი იყო, განსაკუთრებით ქართველი მოზარდებისთვის. ქართველი ბავშვები მართლაც არაჩვეულებრივად ნიჭიერები არიან.

სტემის პრომოუშენზე დამატებით რას იტყვით, რიჩარდ?

ამას რამდენიმე მიმართულებით ვაკეთებთ. ორი წლის წინ სა ქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა მოვაწყეთ და მის სანახავად ბავშვები მთელი საქართველოდან ჩავიყვანეთ. მათთვის არა მხოლოდ ქართველის მიერ შექმნილი სამხედრო თვითმფრინავების ჩვენება, არამედ პირველი ხომალდებიც გვინდოდა გვეჩვენებინა, რომელიც ალექსანდრე ქართველმა შექმნა. ცოტა ხნის წინ, თავისუფალ უნივერსიტეტშიც გავაკეთეთ მსგავსი გამოფენა. უნივერსიტეტში თვითონ სტუდენტებმაც შექმნეს ქართველის ნახაზების მიხედვით მაკეტები. მომავალში, გვინდა სკოლის ბოლო კლასების მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის სტიპენდიები დავაწესოთ.

ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com
ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com

სწავლის საქართველოში თუ ამერიკაში გასაგრძელებლად?

ორივეგან და სპიკერების სეირია ამ მიზნის ერთ-ერთი ნაწილია.

ვინ იყო ალექსანდრე ქართველი და რატომ არის მისი ისტორია საყურადღებო? რიჩარდ, რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე?

ჯონს არ ვეთანხმები იმაში, რაც ქართველზე თქვა. ამ ადამიანმა უამრავი დიდი წინაღობა გადალახა. მან თვითმფრინავების შექმნა ხის თვითმფრინავებით დაიწყო, შემდეგ გადავიდა ლითონზე და საბოლოო ჯამში, ზებგერითი თვითმფრინავების დიზაინი გააკეთა. მის თავდაპირველ თვითმფრინავებს პროპელერები ჰქონდა, ბოლო მოდელები კი რეაქტიული ზებგერითი ძრავები იყო. მან ისეთი ხომალდიც შეიმუშავა, რომელსაც ატმოსფეროდან გასვლა და უკან დაბრუნება შეეძლო. ადამიანის კოსმოსში გაფრენაც ბევრი მსგავსი გამოწვევის გადალახვას უკავშირდება. ამიტომ მისი ისტორიიდან, ბავშვებმა სწორედ ეს გვინდა ისწავლონ - გქონდეთ დიდი ოცნებები, გააკეთეთ ყველაფერი ოცნებების შესასრულებლად და ამ გზაზე გადალახეთ ყველა გამოწვევა.

ქართველის ზოგიერთი თვითმფრინავი ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ დღესაც გამოიყენება.

ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com
ფოტო კრედიტი: www.alexanderkartveli.com

დიახ, "ეი-10 ვორჰოგი", რომელიც მან შექმნა, დღესაც გამოიყენება.

ჯონ, ახლა „ვოიაჯერზე“ გადავიდეთ. რამდენადაც მე ვიცი, თქვენ იყავით ერთ-ერთი ავტორი იდეისა, რომ კოსმოსში გასაგზავნად დისკზე ჩაწერილიყო დედამიწის ხმები. როგორ იხსენებთ იმ მოვლენებს?

იმას ვერ ვიტყოდი, რომ დედამიწის ხმების კოსმოსში გაგზავნა ჩემი იდეა იყო, მაგრამ ამ ხმების დისკზე ჩაწერის ინიციატივა ნამდვილად ჩემი იყო. ეს იდეა დიდი ხანია მქონდა, მაგრამ სანამ ნასას პროგრამების მენეჯერი არ გავხდი, ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. მაშინ კარლ სეგანს დავურეკე, რომელიც ნასას მეცნიერი იყო და ვკითხე დაინტერესდებოდა თუ არა ამ იდეით. წინადადება მას ძალიან მოეწონა და შეადგინა ჯგუფი, რომელმაც ის გადაწყვიტა, თუ რა გაიგზავნებოდა კოსმოსში. ამ დისკის შედგენის მიღმა ჩანაფიქრი ის იყო, რომ კოსმოსში კაცობრიობის ხმები გაგვეგზავნა და არა ნასას მიერ შექმნილი რაღაც პროდუქტი. დისკზე 100-ზე მეტ ენაზე მისალმება იყო ჩაწერილი, 27 სიმღერა...

ჩაკრულო ამ 27 სიმღერიდან ერთ-ერთი იყო. რას ფიქრობთ ამაზე? ცივი ომის დროს, ამ პატარა ქვეყნიდან ნასას ხომალდზე ხალხური სიმღერა მოხვდა...

ეს არაჩვეულებრივი რამაა. საქართველოზე დღესაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ეს ქვეყანაა და ზოგიერთს ის შეიძლება ამერიკის შტატი ჯორჯია ეგონოს. ამ ქვეყნიდან სიმღერის შერჩევა დიდი ამბავია. თან ეს ხომ ისეთი სიმღერაა, რომელიც საქართველოს ხასიათს წარმოაჩენს. ის, რაც მე მომეწონა ქართველებში ყველაზე მეტად არის ის, რომ თუ მათთან მეგობრობა გინდა, ქართველები ძალიან მეგობრული ადამიანები არიან. თუ მეგობრული ზრახვები არ გაქვს, მაშინ თავს უნდა გაუფრთხილდე. თბილისში ქალის ქანდაკება დგას, რომელსაც ერთ ხელში ღვინის ფიალა, მეორეში კი ხმალი უჭირავს. ჩემთვის, სწორედ ეს არის ქართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.

რიჩარდ, ქართველები ძალიან ამაყობენ ჩაკროლოთი, ქართველით. სულ ორიოდე ათწლეულის წინ, საქართველოში მათ შესახებ ბევრმა არ იცოდა. თქვენ ნაწილობრივ შეესწარით იმას, თუ როგორ მიიღეს საქართველოში ეს ყველაფერი. როგორ აფასებთ იმას, რაც საქართველოში გამოსცადეთ?

რეაგირება ძალიან დადებითი იყო და ვფიქრობ, ეს პოზიტიური დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენთვის საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ამერიკა უყვარს და იმის ცოდნა, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა ამ ადამიანს ამერიკის ავიაციის განვითარებაზე, უდიდესი მუხტია. ის არის სიმბოლო, უდიდესი წარმატების ამბავი და ამასთან ერთად, საქართველოსა და ამერიკას შორის კავშირის მკაფიო დადასტურება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG