საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ კი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის ხმამ კომენტარი თხოვა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკოსსა და წარსულში, "ქართული ოცნების" მრჩეველს ლინკოლნ მიტჩელს: მისი განცხადებით:
"საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ ქმედება ნამდვილად შემაშფოთებელია. არა ყოველთვის პროდუქტიული და აკურატული, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ხმის-რუსთავი 2-ის დადუმება მიუღებელია. მედია გამჭვირვალობა სწორედაც რომ არის არამხოლოდ დემოკრატიული პროცესების მთავარი საზომი, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვისაც მნიშვნელოვანია, ის ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე საქართველო ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება და ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს ერთი საკითხია.
მეორე: ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მუდმივად დგას კანონის უზენაესობის პრობლემა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ კითხვები ჩნდება, ბუნებრივია, ამ კონკრეტულ სასამართლო გადაწყევტილებაზეც გაჩნდება კითხვები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იცით, ეს სასამართლოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მგონია ვინმეს ბოლომდე სჯეროდეს ამის. იმის გათვალისწინებით ან მას მერე, რაც ხელისუფლებას უთქვამს მედიასთან დაკაშირებით, ისევე როგორც კონკრეტულად, რუსთავი 2-ის შესახებ, რთულია რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო და რომ არ იყო რაიმე ტიპის ზეწოლა პრემიერისგან ან ყოფილი პრემიერისგან. ეს ძალიან პრობლემატური იქნება საქართველოსთვის. რათქმაუნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება დიქტატურას ამყარებს, ან ნაციონალების მსგავსები არიან და მათსავით ცუდად იქცევიან. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა იმ პირობით, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ეს ძალა უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ეს საქმე.
რომ წარმოიდგინოთ: ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის ან ქართული ოცნების რომელიმე ლიდერის ადგილას თავი, როცა რუსთავი 2-ს მუდმივად მოაქვს იერიში, გაღიზიანებთ და თქვენ ამას ხსნით იმით, რომ ეს ტელეკომპანია არის ნაციონალური მოძრაობის რუპორი, რომელსაც ქართული ოცნება ვერ აკონტროლებს თუმცა ამ არხს დიდი ძალაუფლება არ გააჩნია, ამ სიტუაციაში, რუსთავი 2-ის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ხელისუფლების მიმართ უფრო ზრდის მხარდამჭერთა რაოდენობას. ეს ჩემთვის ამოუცნობი კროსვორდია. ამით უარესი ვითარება იქმნება თავად "ქართული ოცნებისთვის." ნაცვლად ამისა, მგონია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესებითსვის გაცილებით უპრიანი იქნებოდა პოზიცია - გვაკრიტიკებენ, არ მივაქცევთ ყურადღებას. იმათ რაც უნდათ ის ილაპარაკონ და ჩვენ რასაც გვინდა იმას ვილაპარაკებთ.
არაფერი ცუდი არ არის იმაში, როდესაც მედია ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია. არავის არ აინტერსებს ისეთი ინფორმაციის მოსმენა, რომ აი ქართული ოცნება კარგად მუშაობს. ვის უნდა ეს? როდესაც მედია აღიზიანებს ხელისუფლებას, მედია აკრიტიკებს მას. პრეზიდენტობის დროს, აბრაამ ლინკოლნს ხალხი უამრავ წერილს წერდა, ზოგი იდიოტს უწოდებდა, ზოგი მაიმუნს ეძახდა, წერდნენ, რომ მან ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. " შეიძლება თქვენ არ ცდებით ", ასე პასუხობდა ამ წერილების ავტორებს ლინკოლნი.
თუ კრიტიკას ვერ უძლებ პოლიტიკაში არ უნდა იყო"-აცხადებს ლინოკლნ მიტჩელი, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა.