ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორსულობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა კორონავირუსის პანდემიის დროს


"ჩვენ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. კორონავირუსი, ალბათ, დიდ ხანს იქნება ჩვენს გვერდით," აცხადებს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელი და დირექტორი ლიკა ჭყონია.

მას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსზე რაც შეიძლება სწორი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მოვაგროვოთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ცხოვრება შევძლოთ, არამედ იმისთვისაც, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა პაციენტებს სწორი რეკომენდაციები მისცენ.

ერთ-ერთი სფერო, რომელსაც კორონავირუსი ეხება, რეპროდუქციული ჯანმრთელობაა. ამ მიმართულებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმის“ შეკითხვებს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დირექტორი ლიკა ჭყონია პასუხობს.

რა საფრთხეს უქმნის მამაკაცისა და ქალის რეპროდუქციულ სისტემას კორონა ვირუსი?

ბოლომდე ჯერ არ არის ცნობილი, აზიანებს თუ არა კორონავირუსი რეპროდუქციულ სისტემას. ერთ-ერთ კვლევაზე დაყრდნობით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კორონავირუსმა მიაღწიოს სათესლე ჯირკვალს და გამოიწვიოს ამ ჯირკვლების დაზიანება. SARS-Cov-2 ვირუსს უჯრედში შესასვლელად ესაჭიროება ანგიოტენზინ კონვერტაზას ACE2 ენზიმი, რომელსაც ემაგრება ვირუსის წვეტიანი ცილა. ანგიოტენზინ კონვერტაზა ACE2 დიდი რაოდენობა არის სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა უჯრედში.

ზოგიერთი წინასწარი კვლევა ამბობს, რომ ორსულ ქალებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, უფრო მეტი გართულება ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ვირუსი არ ჰქონდა.

თუმცა, კვლევების მიხედვით, ვირუსი არ აღმოჩნდა სპერმაში. იმის თქმა, რომ ეს ასეა ძნელია, რადგან კვლევები ვირუსის გამომჟღავნებიდან 30 დღის შემდეგ ჩატარდა. ვირუსი ვერ ნახეს ქალის ცერვიკალურ ლორწოში და ვერც ფოლიკულურ სითხეში.

დღეს არსებული მონაცემებით, კორონავირუსი არ არის სექსუალური გზებით გადამდები დაავადება, თუმცა შემდგომი კვლევებია საჭირო ამ მონაცემების გასამყარებლად.

უნდა შეწყვიტონ თუ არა ადამიანებმა უშვილობის მკურნალობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში?

ევროპული და ამერიკული, და ასევე თითოეული ქვეყნის პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციაა, რომ შეწყდეს მკურნალობა გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად არ ვიცით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ორსულობას.

არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა რეკომენდაცია, რომ ბუნებრივი ჩასახვით არ მოხდეს ორსულობა. საქართველოში თითქმის ყველა რეპროდუქციულმა კლინიკამ, მათ შორის, "რეპროარტმაც" შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა.

ჩემი აზრით, საქართველოში კორონავირუსის პიკი ჯერ არ ყოფილა. სანამ პიკი არ ჩაივლის და დაინფიცირება კლებისკენ არ წავა, კლინიკები სადაც ინ-ვიტრო განაყოფიერება კეთდება, სავარაუდოდ, არ გაიხსნება. თუმცა, ასე თუ გაგრძელდა და ეს ვირუსი დარჩა მუდმივად ჩვენთან, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად მუშაობა და უნდა შევძლოთ პაციენტებისთვის და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.

არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური პრობლემები ქალებისთვის, რომლებიც უშვილობას მკურნალობდნენ და კორონავირუსის გამო ამ პროცესის შეწყვეტა და დაორსულების გადადება მოუწიათ?


პრობლემები არის გამოკვეთილი და მათ ხშირად ობიექტური მიზეზები ქმნის. ქალები, რომლებსაც მკურნალობის შეწყვეტა მოუწიათ, არიან გაურკვევლობაში იმის გამო, რომ არ იციან როდის შეძლებენ მკურნალობის განახლებას. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ასაკობრივი ლიმიტი, რომლის შემდეგაც ქალს აღარ უმკურნალებენ. ეს ლიმიტი ზოგიერთი ქალისთვის შეიძლება მომდევნო ერთი ან ორი თვის განმავლობაში დადგეს. ეს ქალები კარგავენ შანსს, რომ შვილი ეყოლოთ.

იმის გამო, რომ არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა ბუნებრივი გზით ორსულობისგან თვის შეკავების რეკომენდაცია, ის ადამიანები, რომლებსაც შეეზღუდათ მკურნალობის შესაძლებლობა თვლიან, რომ მათი უფლებები ირღვევა.

არიან თუ არა ორსული ქალები კორონავირუსით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ?

ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, ზოგიერთი წინასწარი კვლევა ამბობს, რომ ორსულ ქალებს, რომლებსაც ვირუსი დაუდასტურდათ, უფრო მეტი გართულება ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც ვირუსი არ ჰქონდა.

ჯერჯერობით, არ არის სამეცნიერო კვლევები იმაზე, ინფიცირდებიან თუ არა ორსულები კორონავირუსით უფრო ადვილად, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისედაც ამაღლებული აქვთ საფრთხეები, ისინი მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ დაინფიცირებას გადარჩნენ.

არის თუ არა ვირუსის ვერტიკალური გადაცემის შემთხვევები - ანუ შემთხვევები, როცა ვირუსი დედიდან ნაყოფს გადაეცემა?

ერთადერთი სტატიაა გამოქვეყნებული, რომელიც ვარაუდობს, რომ შესაძლოა ნაყოფი ყოფილიყო დაინფიცირებული. დაბადებიდან 2 საათში, ჩვილს აუღეს ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ მას სისხლში ანტისხეულები ჰქონდა, როგორც M ასევე G. ასევე ჰქონდა ციტოკინების დიდი რაოდენობა. ეს ქმნის ვარაუდს, რომ მას შესაძლოა ჰქონოდა კორონავირუსი, თუმცა მოგვიანებით ცხვირ-ხახის ლორწოვანი ზედაპირიდან აღებული სინჯის ნუკლეინის მჟავის ანალიზმა ვირუსი არ აჩვენა. ორსული და მშობიარე ქალების შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ გროვდება და მალე დაიწყება სანდო დასკვნების გამოქვეყნება.

კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებში უფრო ხშირია ნაადრევი მშობიარობა, მომატებულია ორსულობის შეწყვეტის საშიშროება. ასევე, შესაძლოა დედის ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები.

უნდა გაიკეთოს თუ არა ყველა ორსულმა ქალმა ტესტი კორონავირუსზე?

კარგი იქნება გამოვავლინოთ ყველა ორსული ქალი, რომელიც შეიძლება დაინფიცირებული იყოს.

დედის რძეში ვირუსი დაფიქსირებული არ არის და ამ ეტაპზე ჩანს, რომ რძე ბავშვს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, დაინფიცირებულ დედასთან ბავშვის კონტაქტი ვირუსის მასზე გადადების შანსს ზრდის. რა უნდა გააკეთოს დედამ ამ შემთხვევაში?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბავშვის დაინფიცირება ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის. ჩვილს დაბადებისთანავე, ექიმების რჩევით, აცილებენ დედას. არ არის რეკომენდებული დაავადებული დედის მიერ ბავშვის ძუძუთი კვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG