ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი: საქართველო რეალური საფრთხის წინაშე დგას


საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, პრემიერ-მინისტრის გადადგომას და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწვეტილებას, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი გამოეხმაურა. იალოვიცი ამბობს, რომ ქვეყანა არ უნდა დაუბრუნდეს პერიოდს, როცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ.

მისი თქმით, „რეალურად საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რომ გახდეს ერთპარტიული სახელმწიფო. ისეთი, როგორიც მექსიკა იყო მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, განსაკუთრებით ახლა როცა, ამერიკას შეერთებული შტატებში ახალი ადმინისტრაციაა, რომელიც ბევრად უფრო მეტად იქნება კონცენტრირებული ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებზე, ვიდრე წინა ადმინისტრაცია“.

ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ღირებულებებს უფრო დიდი ადგილი ექნება და საქართველოს მთავრობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. თუმცა მან ასევე დასძინა, რომ „ამის მეორე ნაწილი, ცხადია, ნაციონალური მოძრაობაა. მიშა სააკაშვილის უწყვეტი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე ძალიან სამწუხაროა. ეს არაა კონსტრუქციულია და არ არის გამოსადეგი“.

იალოვიცს მიაჩნია, რომ იმისთვის, რომ ქვეყანა მიმდინარე ჩიხიდან გამოვიდეს, „ორი რამ უნდა მოხდეს. ერთი ისაა, რომ მელიასთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიჭრას. უნდა შეტრიალდეს ეს ნაბიჯები. არ მაქვს სურვილი გავაკრიტიკო ქართული მართლმსაჯულების სისტემა, მაგრამ გარე დამკვირვებლისთვის ეს პოლიტიკურ მანევრად აღიქმება. მაგრამ მეორეს მხრივ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში. მე ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ პოლიტიკური ვითარება გაუმჯობესდეს და გახდეს ფუნქციური“.

ყოფილი დიპლომატი გიორგი გახარიას გადადგომასა და ახალი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასაც გამოეხმაურა. „არ მსურს ნეგატიური განცხადება გავაკეთო ახალ პრემიერ-მინისტრზე, მაგრამ პრემიერის თანამდებობაზე ადამიანები ხშირად იცვლებიან. ისინი დაინიშნებიან, შემდეგ ბატონ ივანიშვილთან უთანხმოება მოსდით და მათ ცვლიან. ეს ბატონი [ირაკლი ღარიბაშვილი] წარსულშიც იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ის ძალიან კარგი ტექნოკრატით [გიორგი კვირიკაშვილი] შეცვალეს, რომელიც ასევე გაუშვეს თანამდებობიდან. საქართველოს სჭირდება კარგი მმართველობა, კარგი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნება პატრიოტი, ადამიანი რომელიც იქნება გამაერთიანებელი მესიჯების მქონე“, - ამბობს ის. „საქართველომ უნდა სცადოს და გადადოს გვერდზე განსხვავებები, სიძულვილი და განაგრძოს სიარული წინ“, თქვა იალოვიცმა.

იალოვიცი "ქართულ ოცნებაზე" ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობს.

„მიშას მმართველობის დროს ძალიან სერიოზული პრობლემები იყო, შემდეგ ქართული ოცნება ვნახეთ, როცა ასევე სერიოზული პრობლემებია. ბატონი ივანიშვილი არ არის არჩეული პირი, მაგრამ როგორც ჩანს ის ქვეყანას კულისებიდან მართავს“, განაცხადა ყოფილმა ელჩმა.

ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ მას არ ჯერა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილი, ქართულ პოლიტიკას ჩამოცილდა.

„მჯერა თუ არა რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა? არა. ის ქართულ ოცნებას აფინანსებს. ის საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანია და მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს სახიფათოა. ამაზე წლების წინ სხვა ადამიანებთან ერთად ვწერდი, რომ მისი გავლენა, როგორც დემოკრატიულ სისტემაში არ-არჩეული პირისა, არის სახიფათო. პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, მიმდინარე პრობლემა უნდა გადაიჭრას. ჩვენ ყველას გვეშინია ძალადობის. არავის გვსურს ვნახოთ ისეთი ვითარება საქართველოში როგორც ეს 20-30 წლის წინ იყო, როცა სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ. ახლა დროა ცივი გონების ადამიანებმა გაიმარჯვონ და როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე ქართულმა ოცნებამაც გააცნობიერონ, რომ საქართველოს მომავალი გზაჯვარედინზეა“, - თქვა მან.

მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით, იალოვიცს მიაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამერიკისა და ევროკავშირის უმაღლეს ეშელონებში უნდა შეაფასონ.

„ვისურვებდი, რომ შედგეს რაღაც სახის ერთობლივი ინიციატივა შეერთებული შტატების და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, რაღაცა ასეთ დონეზე უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ორივე პარტიის ყურადღება მიიქციოს. ვფიქრობ ეს ჩიხში ყოფნა უნდა შეწყდეს. ვიცი, რომ ამერიკაში ახალ ადმინისტრაციას უამრავი საკითხი აქვს გადასაჭრელი საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ საქართველო წარმოადგენს რაღაც ისეთს, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით წლების მანძილზე. ასეთი მიდგომა ამ დონეზე იმის დემონსტრირება იქნება, თუ რამდენად სერიოზულად უყურებდნენ მოვლენებს საქართველოში დასავლელი პარტნიორები და რომ აფრთხილებენ მას, რომ კონფრონტაციის ამ გზაზე სიარულის გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტი ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს ის.

იალოვიცი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში რაციონალური ადამიანები გაიმარჯვებენ და „გააზრებული, მშვიდი დისკუსიისა და დიპლომატიის“ მეშვეობით ქვეყანას მიმდინარე კრიზისიდან ძალადობის და დამატებით არეულობის გარეშე გამოიყვანენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG