ამერიკის ხმის სტუმარია შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი დავით კირვალიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. გთავაზობთ 25-წუთიანი ინტერვიუს სრულ ჩანაწერს. ასევე შეიგიძლიათ იხილოთ ტელევერსია, რომელიც მხოლოდ 7 წუთს მოიცავს.
ბატონო დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გვესტუმრეთ ამერიკის ხმაში. დავიწყოთ ვიზიტის მიზნით: რას უკავშირდება შეერთებულ შტატებში თქვენი ვიზიტი?
ძირითადი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, იყო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოში მონაწილეობა. ამას გარდა, გამოვიყენე რა ის შანსი, რომ ვიყავი ვაშინგტონში, მქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მსოფლიო ბანკში, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში და სახელმწიფო დეპარტამენტში. კიდევ იგეგმება შეხვედრები კერძო კომპანიებთან.
ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, ასე რომ მდგომარეობის მინიმალურ დონეზე მაინც შესწავლის საშუალება გექნებოდათ. რა იქნება მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობაში?
მთავარი აქ ის არის, რომ ჩამოვყალიბდეთ, რა გზით მივდივართ. პრიორიტეტები უკვე განხორციელების დროს იკვეთება. ის, რომ სოფელი უნდა იყოს მყარად ფეხზე და სოფლად მცხოვრები ადამიანი საკუთარი შრომით ისეთ შემოსავალს უნდა იღებდეს, რომ თავი საზოგადოების ღირსეულ წევრად იგრძნოს, ეს ფაქტია. ამის მიღწევა რამდენიმე გზით შეიძლება. სახელმწიფოს შეუძლია ისინი მუდმივად სუბსიდირებაზე ჰყავდეს და პირდაპირ მხარდაჭერაზე იყოს ეს ხალხი დამოკიდებული. და მეორე: მას შეუქმნას ისეთი ხელსაყრელი პირობები, რომ მათ თავად აწარმოონ საჭირო სარჩო-საბადებელი თუ სარეალიზაციო პროდუქცია იქ, სადაც ეს მაქსიმალურად შესაძლებელია და მიიღონ ისეთი შემოსავალი, რომელიც მათ თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად აგრძნობინებს. ვფიქრობ, რომ ეს მეორე არის სწორი, აპრობირებული გზა, რომელიც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გაიარა. მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ შევქმნათ გარემო, სადაც ბიზნესი, ფერმერი, გლეხი, გადამამუშავებელი მრეწველობა, კვების მრეწველობა თავს იგრძნობს კომფორტულად და იმუშავებს.
ამაში ძალიან ბევრი რამ შედის. დავიწყოთ ფერმერებით. აუცილებელია მათთვის ირიგაციის და დრენაჟის სისტემების მოგვარება. მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, ციფრებით გეტყვით: საქართველოში 280-დან 300 ათას ჰექტრამდე სარწყავი ტერიტორიაა, წელს კი მხოლოდ 24 ათასზე იყო შესაძლებელი წყლის მიყვანა. ეს ნიშნავს, რომ უზარმაზარი ფართობებია წყლის გარეშე დარჩენილი და ეს მალიმიტირებელი ფაქტორია საქართველოში მოსავლის მიღების, განსაკუთრებით - აღმოსავლეთ საქართველოში. ან დასავლეთი რომ ავიღოთ, სადაც დრენაჟია მნიშვნელოვანი ფაქტორი, იქაც 110-120 ათასი ჰექტრიდან მხოლოდ 6-12 ათასი ჰექტარია დრენაჟის ქვეშ. გასატარებელი სამუშაოების გათვალისწინებით, ფაქტიურად ცაიტნოტში ვართ, იმიტომ რომ საინჟინრო დაპროექტებაც არის საჭირო ამ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც თავისთავად დროს მოითხოვს. წყალი კი უკვე აპრილის თვეში არხში უნდა იყოს, რომ სეზონს მოესწროს. ინტენსიური მუშაობა მიდის, რომ რაც შეიძლება მეტი არხის შეკეთება მოხდეს სეზონისთვის, მაგრამ ეს რამდენიმეწლიანი პროგრამა იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ფერმერების და გლეხებისთვის აუცილებელი სარწყავი წყლის მიწოდებას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი შეხვედრა მსოფლიო ბანკში. ვისაუბრეთ ახალ პროექტზე, რომელიც დაახლოებით 30 მილიონი დოლარი ჯდება სწორედ ირიგაციის და დრენაჟის აღდგენის საქმეს მოემსახურება.
კიდევ რა მთავარ მიმართულებებზე გამახვილდება ყურადღება?
ამ სისტემის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც უნდა შექმნას გლეხებისთვის და ფერმერებისთვის სასიცოცხლო სამუშაო გარემო, არის კვლევის და კონსულტაციის ცენტრი, დასავლეთში გავრცელებული Extension Center-ის პროტოტიპი. იანვრიდან ეს უკვე ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ჩვენ ყველა რაიონში დავიწყებთ ამ ცენტრების შექმნას და რაც შეიძლება სწრაფად შევკრავთ ქსელს, რომელიც ფერმერებს კონსულტაციებით მოემსახურება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს ცენტრები სამინისტროსაც მოაწვდის ინფორმაციას ადგილიდან. განსჯისთვის და სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის ეს აუცილებელი წინაპირობაა. ინფორმაციის გარეშე მიღებული სამინისტროს გადაწყვეტილება ეფექტური ვერ იქნება და ფაქტიურად თურმეობითში გადადის, ან გამოდგება ქმედითი, ან არა.
შემდეგი და არანაკლები მნიშვნელობისაა ფერმერებისთვის იაფ და გრძელვადიან საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ძალიან რთული მოსაგვარებელი იყო ეს საკითხი, გლეხებს სესხის აღება უჭირდათ და თუკი ახერხებდნენ ამას, საპროცენტო განაკვეთი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს გრძელვადიანი წარმოების განვითარებას ხელს უშლიდა. თუმცა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და კოალიციის თანადგომით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ სულ რამდენიმე დღეში, შეიძლება მომავალ კვირაშიც კი დაფუძნდეს დაპირებული ფონდი და ის ოპერირებადი უკვე ახალი წლიდან გახდება.
ზემოთჩამოთვლილ პრიორიტეტებს ემატება ფერმერების სერვისებით უზრუნველყოფის საკითხი. ანუ, მომსახურება მანქანა-ტრაქტორებით, რომელიც უფრო კერძო სექტორის საქმეა. დღეს სახელმწიფო ამ საქმეში ზედმეტადაა ჩარეული და ჩვენ ამას ყველაფერს თანდათან კერძო მეწარმეთა ხელში გადავიყვანთ. რაც მთავარია წარმატებული პრაქტიკული გამოცდილება უკვე გვაქვს საქართველოში, ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის, შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილია კერძო სერვის-ცენტრები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, თუ როგორ ესაუბრონ და მოემსახურონ ფერმერებს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის საკითხი, რომელსაც სპეციალური ორგანიზაცია - სურსათის უვნებლობის სააგენტო - განაგებს და რომლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში მოყვანა ხდება ევროკავშირის რეგულაციებთან. ესეც ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ეს არის წინაპირობა ევროკომისიასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიღების.
რა გამოწვევებზე შეიძლება ამ ეტაპზე საუბარი?
ძალიან ძნელია რაიმეს გამოყოფა, ფაქტიურად ყველაფერი მოსაგვარებელია იმისათვის, რომ პროცესი ოპერირებადი გახდეს. მაგალითს გეტყვით: ავიღოთ კვლევის და კონსულტაციის ცენტრი. ეს არის ის, რაც ფაქტიურად არ არსებობდა, არც საბჭოთა კავშირის დროს. განსხვავება საბჭოთა და დასავლურ სოფლის მეურნეობას შორის უმთავრესად იყო ამ სერვისის ქონა-არქონაში. იყო ირიგაცია იქაც და აქაც, ვეტერინარია - იქაც, აქაც. მექანიზატორული მომსახურება - იქაც, აქაც. ჩვენთან არ არსებობდა კვლევის და კონსულტაციის ცენტრი მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. მართვა ცენტრალიზებული იყო, გადაწყვეტილება ერთ ადგილას მიიღებოდა და შემდეგ ხდებოდა მისი სავალდებულო აღსრულება. გახსოვთ ალბათ, ავადსახსენებელი კამპანია, როცა ერთი ადამიანი გადაირია და თქვა, რომ ყველგან სიმინდი უნდა დაითესოს. ან უფრო ადრე - ყაზახეთის სტეპების არასწორი ხვნის კამპანია, რამაც გაუდაბნოების პროცესი გამოიწვია და ასე შემდეგ. გლეხს უნდა ჰქონდეს ადგილი, სადაც მივა, საკუთარ პრობლემებზე ისაუბრებს, დასვამს კითხვას და მიიღებს კონკრეტულ, ზუსტ პასუხს. წლის განმავლობაში კვლევის და კონსულტაციის ცენტრი მუდმივ ურთიერთობაშია ფერმერთან. და ეს სამსახური სულ თავიდან არის დასაწყები და შესაქმნელი. ეს არ მოხდება ერთ და ორ დღეში, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მომავალი წლიდან ამ პროცესს დავიწყებთ. ამის გარეშე სასიცოცხლო კავშირი მთავრობას და ფერმერს, მთავრობას და გლეხს შორის გაწყვეტილია, ეს არის ფაქტიურად ხიდი, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და რომელიც ამერიკაში და მთელ დასავლეთში წარმატებით მუშაობს.
პარალელურად ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე. დღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში არის შექმნილი საგანგებო ჯგუფი, რომელიც კოოპერაციის კანონის დახვეწაზე და დასრულებაზე მუშაობს. ჩართული არიან ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები და დიდი იმედი გვაქვს, რომ საახალწლოდ ეს კანონიც ძალაში შევა და იურიდიული საფუძველიც მზად იქნება.
ამერიკა ახსენეთ. არსებობს ქვეყანა, რომლის კონკრეტულ მოდელსაც იღებს განვითარებისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო?
იცით რა, ჩვენ ქართულ მოდელზე ვფიქრობთ. არანაირი დუბლირება ჩვენთან არ გამოვა იმ სირთულეების გათვალისწინებით, რაც საქართველოს თავისი მრავალფეროვანი გეოგრაფიული, კლიმატური, ნიადაგური და ეკოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე გააჩნია. ყველა მოდელს ვსწავლობთ, ვეცნობით. თითოეულ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, მაგრამ მიმაჩნია, რომ კოპირება არცერთის შეიძლება და არც გამოვა, ელემენტარულად არ იმუშავებს. ცოტა მეტი ფიქრია საჭირო, იმისთვის, რომ რამდენიმე საუკეთესო გამოცდილება მოვარგოთ ქართულ რეალობას, რომელსაც შემდეგ იმპლემენტაციის პროცესში გარკვეული კორექტირებაც შესაძლოა გაუკეთდეს. მაგრამ არა ისე, რომ რაღაც გამზადებული მოდელი მარტივად გადმოვიტანოთ და მოვირგოთ.
ბევრს საუბრობენ რუსეთის ბაზრების დაბრუნებაზე, არადა, რამდენიმე დღის წინ ქართულმა ღვინოებმა კანადის საერთაშორისო კონკურზე გაიმარჯვეს. კანადა და შეერთებული შტატები მოცულობით რუსეთს არ ჩამოუვარდება. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აქცენტი რუსულ ბაზარზე?
მოდით, ასე ვთქვათ: ჩვენთვის პრიორიტეტული არის ბიზნესის ხელშეწყობა. ჩვენი რეკომენდაცია, როგორც სახელმწიფოსი, არის ბაზრების დივერსიფიცირება. არცერთი ბაზარი, თუნდაც ისეთი მიმზიდველი და საინტერესო, როგორიც რუსეთია, არ შეიძლება იყოს არჩეული ერთადერთ უალტერნატივო გზად. მაშინ დგება ძალიან დიდი საფრთხე, ის, რაც დაემართა 2006 წელს ქართულ ღვინოს. ამერიკის ბაზარი, კანადის ბაზარი, ევროკავშირის ქვეყნების ბაზარი, ჩინეთის ბაზარი ისეთივე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, როგორც ყველა სხვა, მათ შორის რუსეთის ბაზარიც. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ბაზარზე შესვლას და დამკვიდრებას ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს. თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ბევრი უწყება სწორედ იმით არის დაკავებული, რომ რუსეთთან ვაჭრობის საკითხები მოგვარდეს. ჩვენ ამას არ უარვყოფთ, და ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თან არამარტო ღვინისთვის, არამედ მინერალური წყლისთვის, ქართული ციტრუსისთვის, ბოსტნეულისთვის და ასე შემდეგ. ქართული წარმოება ამ მასშტაბზე იყო ტრადიციულად მორგებული, იმ განსხვავებით, რომ მაშინ მარკეტინგი საჭირო არ იყო და გამზადებული პროდუქცია პირდაპირ იგზავნებოდა. და არამარტო რუსულ, არამედ უკრაინულ, აზერბაიჯანულ ბაზრებზე.
ქართულ ღვინოს რაც შეეხება, ამერიკაში მას განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს. მქონდა შეხვედრები რამდენიმე კერძო კომპანიასთან, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას იმისთვის, რომ აქტიურად ჩაერთონ ქართული ღვინის პროპაგანდის საქმეში და მის უფრო ფართოდ გავრცელებაში. ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ ქართული მეღვინეობის ასოციაციასთან, ვაზის და ღვინის დეპარტამენტთან ერთად. ძალიან საინტერესო შემოთავაზებებია, სულ სხვა სეგმენტზეა საუბარი, ვიდრე აქამდე იყო გათვლილი ეს საქმე. ანუ - არა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან ემიგრირებულ ადამიანებზე, არამედ ე.წ. მილენიუმის თაობაზე, რომელიც ჩემდა გასაოცრად, აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლის მოხმარებაში პირველ ადგილზეა. საუბარია საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც ითვლება, რომ უფრო ღიაა სიახლეებისადმი, უცხო ხილის, უცხო პროდუქტის გასინჯვაზე. ამიტომ ეს სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული კომპანია გვთავაზობს, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა და გათვლილია იმ თაობაზე, რომელიც ღვინის ძირითადი მომხმარებელია. ჩვენთვის ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი აგრესიული მარკეტინგის სტრატეგიის განსახორციელებლად. ასე რომ ვნახოთ, საბოლოო სიტყვა ბიზნესზეა, მათ უნდა გადაწყვიტონ რამდენად საინტერესოა ეს საქმე მათთვის.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ ინვესტიციები შეწყდა. თუ შეესაბამება ეს სიმართლეს და რა მდგომარეობაა ამმხრივ კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროში?
ძალიან ძნელია იმის თქმა, ერთი თვის მანძილზე რა შეწყდა და ახალი დაიწყო თუ არა. სოფლის მეურნეობა საერთოდ ყველაზე ნაკლებად იყო ინვესტორების თვალსაწიერში მოქცეული, სხვა დარგებთან შედარებით. მე ვფიქრობ, რომ პირიქით: ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ის აუცილებლად გაიზარდოს. აუცილებლად გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ ვთავაზობთ ნათელ და სწორ სიგნალს, რომ ეს არის მთავრობის პოზიცია: ბიზნესი არის წამყვანი მამოძრავებელი ძალა. ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, ბიზნესი მუშაობს და ჩვენ მას ხელს ვუწყობთ. ჩვენგან მათ არც დიქტატი აქვთ, არც მითითება, რაც თავისუფლებას სძენს მათ გადაწყვეტილების მიღებაში. ჯანსაღი გადაწყვეტილება ყოველთვის კერძო სექტორიდან მოდის, ამიტომ კერძო სექტორი უნდა იყოს წამყვანი. ჩვენ ფაქტიურად მათი მსახური ვართ. და ვუქმნით, ისე როგორც მომხმარებლებს, ისეთ გარემოს, რომელშიც მათ უნდა იმუშაონ. ხშირად არის, რომ ბიზნესი მოდის და მიგითითებს, რომ ესა თუ ის კანომდებლობა ან რეგულირება არასწორია. იმიტომ, რომ ჩვენ ამაში ხელს გვიშლის, შესაცვლელია. ეს არის სწორედ ის ჯანსაღი დამოკიდებულება, რაც ბიზნესთან უნდა გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ასეთ გარემოში მუშაობაზე არცერთი ინვესტორი უარს არ იტყვის. თანაც საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი გვაქვს მეზობლებთანაც. არანაკლებ საინტერესო ბაზრებია უკრაინა, ყაზახეთი, თუნდაც აზერბაიჯანი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო ბაქოს მოსახლეობა საქართველოსას აჭარბებს, იქ 4 მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს. თან ბაქო არის პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე ყველაზე ძვირი ქალაქი, ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარიანობით.
შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში ჩვენ რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფთან გვქონდა შეხვედრა, რომელთაც სპეციალური ინსტრუმენტები გააჩნია ამერიკული ინვესტიციების მიზიდვის და წახალისების ქვეყნის გარეთ. ჩვენ მათთან მუშაობა დავიწყეთ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ ისინი, რომ ფული უნდა ჩაიდოს არამარტო ვაჭრობაში, არამედ სოფლის მეურნეობის განვითარებაშიც და უშუალოდ პროდუქციის წარმოებაში.
თვლით თუ არა, რომ წარმატებული იყო თქვენი ვიზიტი ამერიკაში და თუ არის შესაძლებელი უკვე რაიმე მოკლევადიან შედეგებზე საუბარი?
წარმატებული ნამდვილად იყო. შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მოგეხსენებათ. და სოფლის მეურნეობაშიც, მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს. გვიჭერდნენ ადრეც, 2000-2004 წლებში, როცა მქონდა მათთან ურთიერთობა. რამოდენიმეჯერ ფაქტიურად შიმშილის ზღვარზე იყო საქართველო, როცა ამერიკის მთავრობამ ქმედითი დახმარება გაგვიწია. და ახლაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ინტენსიურს გავხდით ამ თანამშრომლობას. კონკრეტიკას რაც შეეხება, ეს არის, როგორც მოგახსენეთ, მსოფლიო ბანკთან ირიგაციის საკითხებზე დაწყებული მოლაპარაკება, რომლის შესახებ თანხმობა უკვე მიღებულია და მხოლოდ დეტალები და ტექნიკური საკითხები ზუსტდება. მოლაპარაკების სტადიაშია ახალი პროექტები სახელმწიფო დეპარტამენტთან და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან. მათ შორის ერთი ასევე ირიგაციას ეხება. ტირიფონი-სალთვისის არხი, რომელიც პოსტკონფლიქტურ ზონაში მდებარეობს და რუსეთის აგრესიის გამო სათავე ნაგებობა დარჩა მეორე მხარეს, ახლა იმის აღდგენა მიმდინარეობს. ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი. განიხილება ასევე დამატებითი სერვის-ცენტრების, მომსახურების პუნქტების შექმნა ფერმერებისთვის. ესეც ვფიქრობ, მომავალ წელს დაიწყება. და საერთოდ, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან ჩვენი ურთიერთობა უმაღლეს დონეზე უნდა ავიყვანოთ, რადგან მათი ექსპერტიზა ძალიან საინტერესოა კვლევის და კონსულტაციის ცენტრების შექმნაში და განვითარებაში, სურსათის უვნებლობის სამსახურის ფუნქციონირებაში, სავაჭრო ურთიერთობის მოწესრიგებაში, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ასე შემდეგ. მათ შეუძლიათ დამატებითი სტიმულირება მისცენ იმ ბიზნესებს, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდებიან.
დიდი მადლობა ბატონო დავით საინტერესო საუბრისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.
აუცილებლად, დიდი მადლობა თქვენ.
ინტერვიუს ტელევერსია: