პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გამართული დემონსტრაციების შედეგად 133 ადამიანია დაშავებული, 400-ზე მეტი კი დაკავებული. დაშავებულთა შორის 23 პოლიციელია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვირას საგანგებო შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან იმის თაობაზე თუ როგორ გადაჭრას ხელისუფლებამ პრობლემა, რომელსაც უკვე მესამე კვირაა "ყვითელ ჟილეტიანთა" პროსტესტი ქმნის ქვეყანაში.
წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამოქალაქო პროტესტი იყო პარიზში, სადაც შაბათს დემონსტრაციას სხვადასხვა ისეთი ქმედება მოჰყვა, როგორიცაა ვიტრინებისა და ფანჯრების ჩამსხვრევა, ტრიუმფალურ თაღზე საღებავებით წარწერების გაკეთება და ასე შემდეგ. შაბათს, პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 36 000-მდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
მაკრონმა თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურებზე თავდასხმას, საჯარო და კერძო შენობების დაზიანებასა და დაწვას, ფეხით მოსიარულეებისა და ჟურნალისტების მიმართ მუქარას გამართლება არ აქვს.
მთავრობის პრეს-სპიკერი დემონსტრანტებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს. საპროტესტო აქციების მონაწილეები ქვეყანაში მაკრონის მმართველობისას გადასახადების გაზრდას ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით კი საწვავზე ფასების მატებას.
Facebook Forum