ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრალის წაყენებას, ტრამპის ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა შეეძლება


ხუთშაბათს, ნიუ-იორკის პროკურორებმა გამოაქვეყნეს საბრალდებო დასკვნა, რომლითაც “ტრამპის ორგანიზაციას”, კომპანიას, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლობს, 15 წლის განმავლობაში მთავრობის “მოტყუების სქემით” საქმიანობა ბრალდება. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მაღალი ეშელონის მენეჯმენტს საბუღალტრო წიგნების გვერდის ავლით აძლევდა ისეთ სიკეთეებს, როგორიცაა ფული, კერძო სკოლაში სწავლის საფასური, და ლუქსის კლასის ავტომობილები. პროკურორები აცხადებენ, რომ ამის, როგორც შემოსავლის შესახებ, ფედერალურ და შტატის საგადასახადო სამსახურებს არ აცნობებდნენ.

პროკურორებმა ბრალი ერთდროულად ტრამპის ორგანიზაციას და მის მთავარ ფინანსურ ოფიცერ, ალენ ვაისელბერგს წარუდგინეს. ვაისელბერგმაც და ტრამპის ორგანიზაციამაც თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს და პირობა დადეს, რომ ბრალდებებს სასამართლოში უპასუხებენ.

ტრამპის ორგანიზაციის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის ბრალდებების წამოყენებას წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს და მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ კომპანია ტრამპის სახელს ატარებს. მათ განცხადებაში ნათქვამია: “ეს საქმე მიანიშნებს, რომ ადგილობრივი პროკურორებისთვის ახლა ნადირობის სეზონი გაიხსნა, რათა ფედერალური პოლიტიკური ოპონენტები და მეტოქეები მიზანში ამოიღონ.”

ზოგიერთ შემთხვევებში, მხოლოდ ბრალის წაყენებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანოს, როდესაც კლიენტები და კრედიტორები ფიქრობენ, უღირთ თუ არა მათი სახელი ასოცირდებოდეს ორგანიზაციასთან, რომელსაც ბრალი კრიმინალურ საქმიანობაში ედება.

ამის კლასიკური მაგალითია საბუღალტრო მომსახურების ფირმა “არტურ ანდერსონი”, რომელიც ერთ დროს იმ ფირმების “დიდ ხუთეულში” შედიოდა,რომელიც მთელ მსოფლიოში კორპორაციების საბუღლტრო მენეჯმენტს ასრულებდა. კომპანიას რამდენიმე კრიმინალური ბრალი წაუყენეს ენერგო-კომპანია “ენრონის” აუდიტთან დაკავშირებით, რომელიც 2001 წელს გაკოტრდა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ “არტურ ანდერსონის” განაჩენი საბოლოოდ გააუქმა, კომპანიამ საკუთარი შელახული რეპუტაციის აღდგენა ვეღარ შეძლო და საქმიანობა შეწყვიტა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG