შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ავღანეთის მომავლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიას-ინდოეთს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, არუ პანდე დელიდან მოგვითხრობს. კვირას გვიან, დელიში სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ჩავიდა, რომელიც ამერიკა-ინდოეთის ყოველწლიურ, რიგით მეოთხე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრას დაესწრო.
თავის გამოსვლაში სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ინდოეთის ინოვაციური და სამეწარმეო წარმატებები შეაქო, მან ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ აზიის რეგიონში ინდოეთის მზარდი ეკონომიკური ძალაუფლების მნიშვნელობას უშუალოდ ავღანეთის მომავალთან დაკავშირებით.
ავღანეთის განვითარებისთვის ინდოეთმა 2 მილიადი დოლარი გამოყო. სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ფინანსური მხარდაჭერა ომის შემდგომ ქვეყანას სტაბილურობის გამყარებაში, უფრო კონკრეტულად კი მომავალ წელს ავღანეთში დაგეგმილი არჩევნების ჩატარებაში შეუწყობს ხელს.
ჯონ კერი: მსოფლიო დიდ დემოკრატიას შეუძლია ცენტრალური როლი ითამაშოს და დაეხმაროს ავღანეთის ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში და შექმნას სანდო, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი ნიადაგი სადავო საკითხების მოგვარებისთვის.
სახელმწიფო მდივანმა დაამატა, რომ 2014 წელს არჩევნების წარმატებულად ჩატარება ავღანეთისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმითაც, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში ხალხის მიერ არჩეულ ლიდერს არჩევნების გზით სხვა არჩეული ლიდერი შეცვლის.
გასულ თვეს დელიში ვიზიტის დროს, ავღანეთის ლიდერმა ჰამიდ კარზაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინდოეთის ლიდერებს იმ სამხედრო ტექნიკის ნუსხა გადასცა, რომელიც ავღანეთისთვის მომავალ წელს რეგიონიდან ნატოს კოალიციური ჯარების გასვლის შემდეგ გახდება საჭირო.
2011 წელს ინდოეთმა და ავღანეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმად დელი მზად არის ავღანეთის სამხედროების მომზადებასა და აღჭურვაში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა ინდოეთის ოფიციალურ პირებს საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ იმის შესახებ - დახმარებაში შედის თუ არა ავღანეთის სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფაც.
ერთმანეთის მოწინააღმდეგე ქვეყნები - ინდოეთი და პაკისტანი - უკვე დიდი ხანია ავღანეთზე გავლენისთვის იბრძვიან. ჯონ კერიმ კვირას ორივე მხარეს მოუწოდა, რომ აღარ ჩაეძიონ განსხვავებულ შეხედულებებს და აქცენტი გააკეთონ სამხრეთ აზიის ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, რაც ორივე ქვეყნის საერთო მიზანს წარმოადგენს.
მან ასევე მოუწოდა ოფიციალურ დელის, რომ ისლამაბადთან სავაჭრო ურთიერთობები გააგრძელოს. ორმხრივი ვაჭრობა გასულ წელს 21%-ით გაიზარდა.
ჯონ კერი: მე მივესალმები მიმდინარე მსჯელობას ენერგო-ვაჭრობის გაფართოებასთან დაკავშირებით, და რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას დელისა და ისლამაბადს შორის და ინდეოთ-პაკისტანს შორის საზღვარზე უფრო მეტი კომერციული ტვირთების მოძრაობას. ყველა ეს ნაბიჯი, სწორი მიმართულების მაჩვენებელია.
კერიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ინდოეთი პაკისტანის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიან.
ნიუ-დელიში კვირას გამოსვლის დროს სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო შეერთებული შტატების და ინდოეთის ერთობლივ მუშაობას კლიმატის ცვლილების საკითხის ირგვლივ, რომელიც ამ კვირაში დელიში დაგეგმილი სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ჯონ კერიმ ასევე აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ ერთად უნდა იღვაწოს ეკოლოგიის, სამუშაო ადგილების შექმნის და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.