ყოფილი სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი დღეს კონგრესის წინაშე წარდგა და მოხსენების შემდეგ ონგრესმენების შეკითხვებს პასუხობს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა გამოძიების მთავარი მიგნებები და თქვა, რომ მის გუნდს პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებისთვს ხელის შეშლის მცდელობის ნაწილში სრულად არ გაუმართლებია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლიდერი აცხადებს, თითქოს ეს ასე მოხდა.
მალერის თქმით, შესაძლებელია პრეზიდენტს ბრალი მას შემდეგ წაუყენონ, რაც ის პოსტს დატოვებს და იმუნიტეტი აღარ დაიცავს. მისივე განცხადებით, გუნდი წარუმატებლად ცდილობდა მთელი წლის განმავლობაში, რომ პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებისთვის მიეღწია: ეპასუხა მათი შეკითხვებისთვის პირდაპირი გამოკითხვისას, მაგრამ პრეზიდენტმა მხოლოდ ზოგიერთ შეკითხვას უპასუხა და ისიც წერილობით. მალერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამომძიებლებს არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ პრეზიდენტის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლა დაედგინათ.
მალერის კონგრესში გამოსვლას დიდი მოლოდინით შეხვდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე ამერიკის მოსახლეობის ნაწილი. განსაკუთრებით კი დემოკრატი კანონმდებლები, რომლებისთვისაც მისი პასუხები შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, განაგრძონ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი თუ მოემზადონ 2020 წლის არჩევნებისთვის.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ხელმძღვანელობდა თითქმის ორწლიან გამოძიებას იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ცდილობდა თუ არა პრეზიდენტი გამოძიებისთვის ხელის შეშლას. კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერალდ ნადლერმა მალერის მოხსენებამდე წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ არავინ, მათ შორის პრეზიდენტი ტრამპიც, არ დგას კანონზე მაღლა.
დემოკრატები ამბობენ, რომ პრეზიდენტი გამოძიებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, რესპუბბლიკელები კი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი გამართლებულია და გამოძიება სადავო ინფორმაციას ეყრდნობოდა, ინფორმაციას, რომელიც მალერის გამოძიების ხელმძღვანელად დანიშვნამდე იყო მიღებული.
მალერმა, რომლის გამოძიებასაც პრეზიდენტი ტრამპი "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებდა და ამბობდა, რომ ეს რესპუბლიკელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ამბოხის ნაწილი იყო, თქვა, რომ გამოძიება იყო სამართლიანი და დამოუკიდებელი და გამომძიებლები უმარლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობდნენ.
"ნება მომეცით კიდევ ერთი რამ გითხრათ", - თქვა მალერმა. "მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ჩვენი დემოკრატიის წინაშე მდგარი არაერთი გამოწვევა მინახავს. მათ შორის რუსეთის მთავრობის ძალისხმევა, რომ ჩარეულიყო ჩვენს არჩევნებში, ყველაზე სერიოუზულია", - განმარტა მალერმა.
Facebook Forum