ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში იმპიჩმენტის პროცესი იწყება


სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა იმპიჩმენტის პროცესის გეგმა წარმოადგინა. სენატის რესპუბლიკელები არ მალავენ, რომ პროცესის მაქსიმალურად სწრაფ ვადებში დასრულება და პრეზიდენტის გამართლება სურთ. ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის 2.5 საუკუნის ისტორიაში, ეს სულ მესამე შემთხვევაა, როცა სენატი მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს.

ერთ-ერთი პირველი, რასაც რესპუბლიკელებით დომინირებული სენატი გადაწყვეტს, თავად იმპიჩმენტის პროცესის წარმართვის გეგმა და მკაცრად განსაზღვრული ვადებია. სენატორმა მაკკონელმა დემოკრატების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატის იმპიჩმენტის მენეჯერებს და თეთრი სახლის წარმომადგენლებს, თითოეულს საკუთარი პოზიციების გამოსახატად, 24-24 საათი მისცა.

იმპიჩმენტის მენეჯერები პროკურორების როლში არიან, თეთრი სახლის წარმომადგენლები კი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაცვის მხარეა. მოსამართლის როლს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასრულებს.

მაკკონელის გეგმა არაფერს ამბობს დამატებითი მოწმეების მოწვევის თაობაზე, რასაც დემოკრატები დაბეჯითებით ითხოვენ. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს კენჭი უკვე უყარა და მას ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ესენია: ძალაუფლების გადამეტება და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG