საემიგრაციო რეფორმის მხარდამჭერები იმედს გამოთქვამენ, რომ შეძლებენ კანონმდებლებზე ზეწოლის განხორციელებას აგვისტოს განმავლობაში. აგვისტოში ამერიკის კონგრესს ადადეგები აქვს და კონგრესმენები ძირითად დროს საკუთარ უბნებში ამომრჩევლებთან ურთიერთობაში ატარებენ.
საემიგრაციო რეფორმის აქტივისტები ძალისხმევის გააქტიურებას სწორედ წარმომადგენელთა პალატის წევრებთან გეგმავენ, რადგან რეფორმის კანონპროექტს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა კონგრესში ხვდება.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი ჯონ ბეინერი აცხადებს, რომ კონგრესი სენატის მიერ მიღებულ ყოვლისმომცველ კანონპროექტს არ განიხილავს. რესპუბლიკელებს რეფორმის განსახორციელებლად რამდენიმე კანონპროექტის მიღება სურთ, რომლებიც რეფორმასთან დაკავშირებულ ასპექტებს ცალ-ცალკე განიხილავს.
რესპუბლიკელი ლიდერები კონსერვატორებისგან ზეწოლას გრძნობენ იმის გამო, რომ კონგრესში წარმოდგენილი რესპუბლიკელები არალეგალი იმიგრანტებისთვის ამნესტიის მინიჭებას და მოქალაქეობის მიცემას ეწინააღმდეგებიან.
რესპუბლიკელი კონგრესმენი აიოვას შტატიდან სტივ კინგი მიიჩნევს, რომ დემოკრატებს ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის მიცემა იმისთვის უნდათ, რომ არჩევნებში მათი ხმები მიიღონ. ტელეკომპანია „ნიუზმექსთან“ ინტერვიუში მან განაცხადა:
„თითოეულ იმიგრანტზე, რომელიც სკოლში წარჩინებით სწავლობს, 100 ისეთი ემიგრანტი მოდის, რომლებსაც საზღვარზე 34 კილო მარიხუანა გადმოაქვთ.“
ამ კომენტარმა კინგის თანაპარტიელებისგან მყისიერი კრიტიკა გამოიწვია. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა კინგის განცხადება დაგმო:
„ის, რაც მან თქვა, არ წარმოადგენს ამერიკელი ხალხის ღირებულებებს. ჩვენ საქმე კონსტრუქციულად, ღიად და ურთიერთ პატივისცემით უნდა ვაკეთოთ.“
ახალგაზრდა არალეგალი იმიგრანტებისთვის მოქალაქეობის მიცემას, რომლებიც ამერიკაში მშობლემბა ადრეულ ასაკში შემოიყვანეს, ორივე პარტია მხარს უჭერს. ე.წ. „ოცნების აქტი“ მათთვის სწორედ ამ საშუალების მიცემას ისახავდა მიზნად. თუმცა, 2010 წელს კანონპროექტი სენატმა დაბლოკა.
პიუს ცენტრის მკვლევარი კაროლ დოერთი ამბობს, რომ საემიგრაციო რეფორმის განხილვამ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ორ ჯგუფად გაყო:
„ისინი დაბნეულები არიან და არ იციან რომელი გზა ამოირჩიონ თუნდაც ძირითადი პარტიული პრინციპების შემუშავებისას. ფიქრობენ უნდა შეარბილონ თუ არა დამოკიდებულება ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა ერთსქესიანი ქორწინება და საემიგრაციო რეფორმა.“
ზოგიერთი რესპუბლიკელი გათვლებს მომავალზე აკეთებს და ისეთი მიდგომის შემუშავებას უჭერს მხარს, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას მომავალ არჩევნებში ახალგაზრდების ხმების მოზიდვაში დაეხმარება. ფორდ ოკონელი რესპუბლიკური პატრიის სტრატეგიას იმუშავებს:
„ისინი ცდილობენ სამხრეთ ამერიკელებს და აზიური წარმოშობის ამერიკელებს და სხვა უმცირესობებს დაანახონ , რომ რესპუბლიკელები მათზე ზრუნავენ. თუ ხალხმა არ ნახა, რომ მათ ბებიებს დეპორტაცია არ ემუქრებათ, მაშინ პოლიტიკოსებს ყურს არ დაუგდებენ და მათ ხმას არ მისცემენ.“
ოკონელი ამბობს, რომ მომავალ არჩევნებში უმცირესობების ხმების მოზიდვის გარეშე რესპუბლიკელებს ძალიან გაუჭირდებათ იმ იმიჯის გამოსწორება, რომლის თანახმადაც ისინი მხოლოდ თეთრ, ხანში შესულ მოქალაქეებზე ზრუნავენ.
„მე ხშირად მიწევს ხოლმე ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ თუ რესპუბლიკელებმა საემიგრაციო რეფორმა დაბლოკეს, ისინი, საბოლოო ჯამში, ამით რესპუბლიკურ პარტიას მოკლავენ.“
კონგრესში საემიგრაციო რეფორმის განხილვა არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ - სექტემბერში - დაიწყება.