ვაშინგტონი თბილისში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ახალ ელჩს აგზავნის.
თანამდებობის დაკავებამდე, იან კელი ერთ კვირაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალურ ფიცს დადებს
რას უსურვებენ მას ამერიკელი დიპლომატები და ყოფილი ელჩები საქართველოში? როგორ ხედავენ ეს ადამიანები იან კელის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-დარჩება თუ არა საქართველო ვაშინგტონისთვის ერთერთ პრიორიტეტულ სტრატეგიულ პარტნიორად?
ამერიკის ბოლო ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ იან კელი დაკისრებულ მოვალეობებს კომპეტენტურად გაართმევს თავს.
რიჩარდ ნორლანდი:
ძალიან მახარებს, რომ იან კელი, მეუღლე ფრანჩესკასთან ერთად, საქართველოში ამერიკის ელჩად მოდის. მე და მერის ძალიან გვენატრება საქართველო და სასიამოავნოა, რომ მომავალი ელჩი ასეთი კომპეტენტური, ძლიერი დიპლომატი იქნება. იანი ჩვენს შორის საუკეთესო დიპლომატია, ახლა ვაშინგტონში მყოფმა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა შეერთებული შტატებისთვის, ამიტომაც თქვენთან საუკეთესოს ვაგზავნით. იანს კარგი რეგიონული გამოცდილება აქვს, მოსკოვში უმსახურია, შემდგ ეუთოში, ამდენად ადგილობრივ პრობლემებს კარგად იცნობს. ცოტა ხნის წინ მე ის ვნახე საქართველოს ელჩის მიღებაზე. ვიცი, იანი, მეუღლესთან ერთდ, ძალიან ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. ვურჩევდი ხალხთან აქტიურად იკონტაქტოს და კარგად გაიცნოს ქვეყანა, ქართველები ამას ძალიან დააფასებენ. ის ნამდვილი პროფესიონალია, და დაკისრებულ ვალდებულებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს და საქართველოში მუშაობისას ქვეყანას, ხალხს გაიცნობს.
აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი თვლის, რომ ახალი ელჩისთვის საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა ერთერთ მთავარ ამოცანად დარჩება, თუმცა შედეგის მიღწევა, რომელსაც წინ ხანგრძლივი პროცესი უძღვის, ადვილი არ იქნება.
კენეტ იალოვიცი:
კელი ძალიან კარგი დიპლომატი და ადამიანია, ამიტომაც ვფიქრობ ის კარგი არჩევანია საქართველოში ამერიკის მომავალი ელჩის პოსტზე. მას თქვენს რეგიონში ვრცელი გამოცდილება აქვს. მისი ყველაზე მთავარი ამოცანა კი იქნება საქართველოს დახმარება იმ მიმართულებით, რომელიც ამ ქვეყანას ახლა აქვს აღებული. ეს მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლაა და ურთიერთობების გააქტიურება ნატოსთან. წვრთნის ერთობლივი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში დიდი სურვილი არსებობს, რომ ქვეყანამ მაპი მიიღოს. ეს მგონი ახლო მომავალში შეუძლებელია, თუმცა ქვეყანა პროგრესს ახდენს ნატოსთან ურთიერთობებში. ყველაზე მთავარი რაც მოსჩანს არის ის, რომ საქართველო ძალიან მოწოდებულია ნატოში წევრობას მიაღწიოს. ნატოს ცენტრის სრულად ამოქმედება ახალი ელჩის ერთერთი მთავარი მოვალეობა იქნება და ასევე საქართველოში დემოკრატზაციის კონსოლიდაცია.
მნიშვნელოვანია ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები ასოცირების და სავაჭრო შეთანხმებების გასატარებლად. ეს რთული იქნება განსაკუთრებით დასაწყისში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც აღვნიშნე-ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის მშენებლობა. საქართველოში ერთ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება, მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნებმა თავისუფალ, სამართლიან, ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩაიაროს, ისე როგორც რამდენიმე წინა არჩევნებმა. და რა თქმა უნდა, მისი მთავარი საქმე იქნება ამერიკის წარმოჩენა, და ჩვენი პოლიტიკის გატარება, რაც ორმხრივი ურთიერთობების, დემოკრატიის, საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოების წახალისებას ემსახურება. მინდა გავიხსენო რამდენად სასიამოვნო იყო როცა საქართველოში ელჩად ყოფნისას ყველას ერთმანეთის გვესმოდა და იყო ნება რეფორმების გასატარებლად. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ადვილია ამერიკის ელჩობა, არა, ეს ძალიან მომთხოვნი და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. კიდევ ერთხელ, იან კელი ამ პოსტზე არაჩვეულებრივი არჩევანი იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ცენტრალური აზიის საკითხებში და ბატონი კელის კოლეგა რიჩარდ ჰოგლანდი საქართველოს პრობლემატიკას კარგად იცნობს. რიჩარდ ნორლანდის მსგავსად, ის ფიქრობს, რომ ელჩის საქმიანობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოებასთნ, ადამიანებთან მეტი პირადი ურთიერთობა:
რიჩარდ ჰოგლანდი:
ვურჩევდი, რომ უფრო მოთმინებით შეხვდეს მოვლენებს, და დასკვნები მყისიერად არ გამოიტანოს. კარგად შეისწავლოს მისი ქვეყანა და არ ჩაიკეტოს საკუთარ ნაჭუჭში-იმოგზაუროს, გაიცნოს ხალხი და მათი სატკივარი. ასევე ვეტყოდი, რომ ჩვენ, ამერიკელი დიპლომატები ყოველთვის მართლები არ ვართ, თუმცა ვითარებაში გარკვევა გულწრფელად გვწადია. თავმდაბლობა ძალიან გვეხმარება.
გამომდინარე საქართველოს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირებიდან, ამერიკელმა დიპლომატებმა ჩვენთან საუბარში გამოთქვეს რწმენა, რომ ორმხრივი ურთიერთობები იან კელის ხელმძღვანელობის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდება.