ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში მიგრანტების კრიზისი გრძელდება


უნგრეთში რკინიგზის მთავარი სადგური დევნილებისთვის გაიხსნა, მაგრამ მათ დასავლეთ ევროპის მიმართულებით გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

ბუდაპეშტში რკინიგზის მთავარი სადგურის გახსნისთანავე იქ უამრავმა დევნილმა მოიყარა თავი. თუმცა, უნგრეთის ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, მათ დასავლეთ ევროპის მიმართულებით გადაადგილება მაინც შეზღუდული აქვთ. ასობით დევნილს იმედი ჰქონდა, რომ ბუდაპეშტიდან მატარებლით გერმანიაში მოხვდებოდა, სადაც შემდეგ თავშესაფარს მოითხოვდა. მართალია, მიგრანტებს რკინიგზის სადგურზე შესვლის ნებართვა მისცეს, მაგრამ მათთვის ვიზების გაცემა შეწყდა და ჯერჯერობით დევნილების ბედი ისევ გაურკვეველი რჩება.

უნგრეთის პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, უნგრეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენები არა ევროპის, არამედ გერმანიის პრობლემაა. უნგრეთმა „ყველა შესაძლო ზომა გაატარა“, რომ ევროპის რეგულაციები დაეცვა, მათ შორის დასავლეთის მიამრთულებით მოძრავი დევნილების რეგისტრაციაც შეძლო - აღნიშნა მან ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი უნგრეთის ლიდერს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პრობლემა მარტო გერმანიის არ არის და ის მთელ ევროპას ეხება. მარტინ შულცის თქმით, საკითხის დადებითად გადაჭრა მხოლოდ ევროპული სოლიდარობით იქნება შესაძლებელი. დევნილთა მსგავსი მასშტაბის კრიზისი ევროპას მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული არ ახსოვს. გასულ წელს ევროპის ქვეყნებში ახლო აღმოსავლეთის, აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან ასობით ათასი მიგრანტი ჩავიდა. ისინი საკუთარ ქვეყნებში ომებს და ეკონომიკურ პრობლემებს გაექცნენ.

XS
SM
MD
LG