ვაშინგტონში საპრეზიდენტო ინაუგურაცია, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების ერთიანობის დღესასწაულად აღიქმება. თუმცა, წლევანდელი ღონისძიებები იმ კანონმდებელთა რეკორდული რაოდენობით აღინიშნა, ვინც ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მილიარდერ უძრავი ქონების მაგნატს და შოუმენს - დონალდ ტრამპს ბოიკოტს საჯაროდ უცხადებს და ამბობს, რომ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას არ დაესწრება.
პარასკევს, 20 იანვარს დაგეგმილ ინაუგურაციის დღესასწაულს კონგრესის 535 წევრიდან, სულ ცოტა, 26 გამოტოვებს. ეს მხოლოდ იმ კანონმდებელთა სიაა, რომელთაც საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ გაახმოვანეს. ინაუგურაციის ცერემონიის გამცდენთა საერთო რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი იყოს.
საარჩევნო კამპანიის სტილმა, რომელიც არა პოლიტიკური ერთობით, არამედ პირიქით, უფრო მეტად დანაწევრებით გამოირჩეოდა, დონალდ ტრამპის აღზევება გამოიწვია და მას ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოსტის დაკავების საშუალება მისცა. პრეზიდენტი თეთრ სახლში არც ისე დიდი პოპულარობის მაჩვენებლით შედის, “გალოპის” ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ის ამერიკელთა 51 პროცენტს არ მოსწონს. ტრამპის პოპულარობის რეიტინგი 40-ს არ აღემატება და მის ბოლო 3 წინამორბედზე დაბალია.
გამოკითხვა მანამდე ჩატარდა, ვიდრე ამერიკის არჩეული პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” თავს დაესხა რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ლეგენდარულ უფლებადამცველს და ვეტერან კონგრესმენს ჯონ ლუისს, რომელმაც თქვა, რომ ტრამპს “ლეგიტიმურ პრეზიდენტად” არ აღიქვამს. მომავალმა პრეზიდენტმა კონგრესმენს მიუთითა, რომ “ყალბ წუწუნს” სჯობს, დრო თავის ამომრჩევლებს მოახმაროს.
პოლიტოლოგები თვლიან, რომ ბოიკოტისთვის ხელსაყრელი გარემო გასაკვირი არ არის, იმ არაორდინალური, დაპირისპირებებით გამორჩეული არჩევნების ფონზე, რომელიც უცხოეთის ჩარევის საფრთხითაც იყო აღნიშნული. პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი ჯონ ჰუდაკი, ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ამბობს, რომ ამგვარი რამ ამერიკას ზოგადად, არ ახასიათებს. “ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებისთვის თავის არიდება არატრადიციული მოვლენაა. მაშინაც კი, როცა დაპირისპირებებია, მოწინააღმდეგე პარტიის კანონმდებლები ზეიმს მაინც ესწრებიან” - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ტრამპს და ლუისს შორის დაპირისპირება პარასკევს დაიწყო. 30-წლიანი გამოცდილების მქონე კონგრესმენმა ჯონ ლუისმა ტელეკომპანიასთან “ენ-ბი-სი” საუბარში თქვა, რომ საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე დასწრებას არ აპირებს. მისივე განმარტებით, “არჩეულ პრეზიდენტს ლეგიტიმურ პრეზიდენტად” ის არ აღიქვამს. “ვფიქრობ, რუსებმა მიიღეს მონაწილეობა და მას არჩევაში დაეხმარნენ. მათ ჰილარი კლინტონის კანდიდატურის განადგურებაშიც შეიტანეს წვლილი” - თქვა ლუისმა.
ტრამპმა არ დააყოვნა და პასუხი შაბათს გამთენიისას, ჩვეულებისამებრ, “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კონგრესმენს მიუთითა, მეტი დრო დაუთმოს “საკუთარი უბნის სრულყოფას და დახმარებას, რომელიც საშინელ ფორმაშია და თანდათან იშლება (რომ აღარაფერი ვთქვათ კრიმინალის მომძლავრებაზე), ვიდრე ის არჩევნების შედეგებზე ყალბ წუწუნს მოანდომოს”.
კონგრესმენი ჯონ ლუისი ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის წარმომადგენელია. მის საარჩევნო უბანში ქალაქის როგორც მდიდარი, ასევე ღარიბი უბნებიცაა. კონგრესში ლუისი გამორჩეული ორპარტიული პატივისცემით სარგებლობს. ის მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი იყო და გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობაში. ჯონ ლუისი სამხრეთ შტატებში რასობრივი სეგრეგაციის პროტესტის ნიშნად, ვაშინგტონზე 1963 წლის ისტორიულ მარშშიც მონაწილეობდა, რის გამოც პოლიციელებმა ის ჯერ სცემეს, შემდეგ კი დააპატიმრეს.
კვირას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მაიკ პენსმა ტელეკომპანიას “სი-ბი-ესი” უთხრა, რომ ის პატივს სცემს იმ “მსხვერპლს”, რომელიც კონგრესმენმა ლუისმა გაიღო, მაგრამ მისი აზრით, “დონალდ ტრამპს ყველა უფლება აქვს, თავი დაიცვას”. პარალელურად, ტრამპის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დასახელებულმა რინს პრიბუსმა ჯონ ლუისის განცხადებას “უპასუხისმგებლო” უწოდა. პრიბუსმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა დემოკრატების მხრიდან ტრამპისადმი დამოკიდებულების წინააღმდეგ “ხმა ამოიღოს”. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დაპირისპირებაში ჩარევას არ აპირებს.
ორშაბათს კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომაც, ტრამპის ყოფილმა მოწინააღმდეგემ საპრეზიდენტო მარათონში. მან თქვა, რომ უცხო მთავრობების მხრიდან არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობის მიუხედავად, არ ეთანხმება კონგრესმენ ლუისის აზრს იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.
პრეზიდენტის ლეგიტიმურობის თემას მოწინააღმდეგეთა ბანაკი ბარაკ ობამას არჩევამდე და მის შემდეგაც, საკმაოდ დიდხანს ატრიალებდა - ამბობს პოლიტოლოგი ჯონ ჰუდაკი. დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები კითხვის ქვეშ აყენებდნენ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უპირველეს პირობას - ბარაკ ობამას ამერიკის მოქალაქედ დაბადების ფაქტს.
“ეს ნორმა, რომელზეც დღეს რესპუბლიკელბი ჩივიან, ისევ მათი დამკვიდრებულია”- აღნიშნავს ანალიტიკოსი. მაგრამ, მაშინ, “8 წლის წინ, ამას ისინი მიესალმებოდნენ და ტაშს უკრავდნენ, რათა პარტიის მხარდამჭერთა ერთი ნაწილის მობილიზება მომხდარიყო. ბევრმა პოლიტიკოსმა უნდა გაიგოს, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ხშირად არასასურველი, შორს მიმავალი შედეგები აქვს, რისი მოწმეც ახლა გავხდით” - აცხადებს ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
დონალდ ტრამპის მიერ კონგრესმენ ჯონ ლუისზე გამოქვეყნებული ე.წ. “ტვიტების” შემდეგ, სულ რამდენიმე საათის განმავლობაში, დემოკრატების დიდმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის ცერემონიას აღარ დაესწრებოდა. მანამდე მათი რაოდენობა გაცილებით მცირე იყო.
“მას შემდეგ, რაც რუსეთის ჰაკერობის გასაიდუმლოებული დოკუმენტს გავეცანი და ვნახე @realdonaldtrump-ის მიერ (დონალდ ტრამპის “ტვიტერის” ანგარიში) შეურაცხმყოფელი გზავნილები @repjohnlewis-ის (კონგრესმენ ჯონ ლუისის “ტვიტერის” ანგარიში) მიმართ, ინაუგურაციას აღარ დავესწრები” - დაწერა “ტვიტერზე” ვისკონსინის შტატის დემოკრატმა კონგრესმენმა მარკ პოკანმა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ნიუ-იორკის კონგრესმენმა, დემოკრატმა ჯერი ნადლერმა. “სი-ენ-ენთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ ინაუგურაციის ცერემონიის გამოტოვების გადაწყვეტილების მიღებაში “ბოლო წვეთი” ტრამპის მიერ “სამოქალაქო უფლებების აქტივისტის ხატზე” მიტანილი “პირადი ხასიათის იერიში” იყო; შეტევა კონგრესმენ ლუისზე, ადამიანზე, რომელმაც “სამშობლოს ლამის საკუთარი სიცოცხლე შესწირა”- განაცხადა კონგრესმენმა ნადლერმა.
ანალიტიკოსი ჯონ ჰუდაკი დემოკრატებს ურჩევს, პრინციპულობა უფრო მეტად საკუთარი იდეების დაცვაში გამოხატონ და ენერგია ამ იდეების გარშემო კოლეგების გაერთიანებაში დახარჯონ. “საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრებაზე უარის თქმას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ცარიელი პროტესტია” - ამბობს ის, რაც “არც პოლიტიკას შეცვლის და არც ისტორიის კურსს”.