ჰონგ-კონგში ახალი წლის ღამეს ქუჩებში ათეულობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა და 2020 წელი კვლავ პროტესტით დაიწყო. ჩინეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში საპროტესტო დემონსტრაციები არ წყდება.
ოთხშაბათის მარში ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა დემონსტრანტთა და პოლიციას შორის შეტაკება მაინც მოხდა. პროტესტის მონაწილეთა მცირე ნაწილმა ბანკის ოფისი და ბანკომატი დააზიანა. პოლიციამ მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა დემონსტრანტები ოფიცრებს ბენზინის ხელნაკეთ ასაფეთქებელ საშუალებებს და ნაგავს ესროდნენ.
თუმცა, თავად მარში ამ მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც საათებით ადრე პოლიციამ მსგავსი ტაქტიკა იმ დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა, რომლებმაც ერთ-ერთ სხვა უბანში, სადაც საახალწლო განათებების შოუ იმართებოდა, ბარიკადები აღმართეს. დაგეგმილი ტრადიციული ფოიერვერკი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გაუქმდა.
ქალაქის მასშტაბით კი მანამდე დემონსტრანტებმა არაერთ სავაჭრო ცენტრსა და უბანს შემოარტყეს ცოცხალი ჯაჭვი.
გასული წლის ზაფხულში დაწყებული პროტესტი, რომელიც ჰონგ-კონგში დაკავებულთა ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ დაიწყო, დემოკრატიის მხარდამჭერ პროცესებში გადაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში 6000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს და ეს პერიოდი უკვე არის აღიარებული, როგორც უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი 1997 წლის შემდეგ, როცა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგზე კონტროლი პეკინს დაუბრუნა.
Facebook Forum