ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ-კონგელი აქტივისტი გირაოთი გაათავისუფლეს


ჯიმი ლაი
ჯიმი ლაი

ჰონგ-კონგელი მედიამაგნატი და აქტივისტი ჯიმი ლაი გირაოთი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია იტყობინება. ლაი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი კვირის დასაწყისში, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევისთვის დააკავეს.

ლაის, ჰონგ-კონგური გამოცემის „Apple Daiky“ ხელმძღვანელს, ბრალად უცხოური ძალებთან შეთქმულება ედება. ორშაბათს, მისი გამოცემის ოფისში 200 სამართალდამცავი შეიჭრა. რეიდს ჟურნალისტები "ფეისბუქზე" პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ. დააკავეს ასევე ლაის ორი შვილი, რომლებმაც მის გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს საპატიმრო.

ლაი ჰონგ-კონგზე პეკინის გავლენის წინააღმდეგ იბრძვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მისი დაკავების შემდეგ მას „პატრიოტი” უწოდა და პეკინის მიერ ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვა გააკრიტიკა.

პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ, ლაის ჰონგ-კონგის პეკინისგან დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით დემონსტრანტი დახვდა.

კანონი, რომლის საფუძველზეც ლაი და კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს, ჩინეთის პარლამენტმა 30 ივნისს მიიღო და ახალი კანონმდებლობა, ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს საშუალებას ჰონგ-კონგში იმოქმედონ „ეროვნული უსაფრთხოების დაცვის“ მიზნით. ის მკაცრად ზღუდავს პროტესტს და ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკას. მის თანახმად, ქვეყნისგან გამოყოფის, გადატრიალების, ტერორიზმის თუ უცხო ქვეყნის მთავრობასთან შეთქმულების ფაქტები სამუდამო პატიმრობით დაისჯება. კანონის მიღებას ქალაქში საპროტესტო გამოსვლები და აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

კანონის მიღებას კრიტიკა მოჰყვა დასავლეთის ქვეყნებიდან. მათ ბრიტანეთის ყოფილ კოლონიასთან, ექსტრადირების შეთანხმება გააუქმეს. დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილების მიზეზი, პეკინის მიერ ქალაქის ავტონომიის უფრო და უფრო შეზღუდვაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG