ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰერბსტი: "კრემლი ცდილობს აიძულოს საქართველო, გადახედოს მის საგარეო პოლიტიკას"


სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გუგუტიაანთკარში, ქართულ სოფელში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „მცოცავი ანექსიის“ პროცესი განაახლეს და ახალი ე.წ. საზღვრების გავლება დაიწყეს. ბარიერებს მიღმა მოექცა ორი - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების საცხოვრებელი სახლი და მიწის რამდენიმე ნაკვეთი.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2008 წლის ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე განახლდა. რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევას. ე.წ. სასაზღვრო ნაგებობებისა თუ ბარიკადების მშენებლობის გარდა, მშვიდობიან მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილების უფლება, ხდება მათი მოტაცება და წამება და მკვლელობაც კი. ამჯერად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ოკუპანტებმა საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს, რომელთა მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

კრემლს მიაჩნია, რომ რუსეთის მეზობლად მდებარე სახელმწიფოები არ არიან და არ უნდა იყვნენ სრულად სუვერენულები. მათ არათუ მხოლოდ უნდა გაითვალისწინონ, არამედ უნდა მიჰყვნენ მოსკოვის მითითებებს. საქართველოს უკვე ორ ათეულ წელზე მეტია დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს. მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რომ ამ პოლიტიკას გადახედოს. ეს წნეხის განხორციელების ფორმაა.
ამბობს ჯონ ჰერბსტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. 29 აგვისტოს კი, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომლის დროსაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა. შეხვედრაზე უნდა განეხილათ გუგუტიანთკარში და ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების სხვადასხვა პროვოკაციული ქმედება.

თუმცა ამის შემდეგ სიტუაცია სოფელ ჩორჩანასთან ახლოს ქართული პოლიციელების საგუშაგოს მშენებლობის საკითხის თაობაზე დაიძაბა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქართველი პოლიციელებისთვის მშენებარე ბლოკპოსტის დაშლა მოითხვა და ამისთვის ცენტრალურ ხელისუფლებას ვადა 30 აგვისტომდე მისცა. თუმცა თბილისი ულტიმატუმს არ დაემორჩილა და ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ პოსტის აღების საკითხი არც განიხილება. ცხინვალის მხარემ კი პასუხად ოკუპირებულ სოფელ წნელისში მსგავსი ბლოკპოსტის აშენების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

“ქართული ტერიტორიების მიტაცების ეს მზარდი ტენდენცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ეს აჩვენებს, რომ მოსკოვი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი. „მოსკოვი ცდილობს ეს გამოიყენოს, აიძულოს თბილისი გააკეთოს ის, რაც კრემლს უნდა“. ჰერბსტის თქმით, მათ სურთ, რომ საქართველო ემორჩილებოდეს მოსკოვის სურვილებს და არ უნდათ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი პოლიტიკა ჰქონდეს, განსაკუთრებით კი - დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.

ჯონ ჰერბსტი
ჯონ ჰერბსტი

„კრემლის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის მეზობლად მდებარე სახელმწიფოები არ არიან და არ უნდა იყვნენ სრულად სუვერენულები. მათ არათუ მხოლოდ უნდა გაითვალისწინონ, არამედ უნდა მიჰყვნენ მოსკოვის მითითებებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაა. საქართველოს უკვე ორ ათეულ წელზე მეტია დამოუკიდებელი პოლიტიკა აქვს. მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, რომ ამ პოლიტიკას გადახედოს. ეს წნეხის განხორციელების ფორმაა“, - განმარტავს ჰერბსტი.

საქართველოს ხელისუფლებას დაგვიანებული და არასაკმარისად მკაცრი რეაგირებისთვის ახლაც აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის წევრები საჭირო ყურადღებას არ აქცევენ და საერთაშორისო დღის წესრიგში საჭირო სიმწვავით არ აყენებენ მცოცავი ოკუპაციის განახლების საკითხს.

აგვისტოს ომის 10 წლისთავი, საპროტესტო აქცია, 2018 წელი.
აგვისტოს ომის 10 წლისთავი, საპროტესტო აქცია, 2018 წელი.

ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კვლავ გაისმა ისეთი მოსაზრებები, რომელთა თანახმადაც, აგვისტოს ომის დაწყებაში წვლილი ქართულ მხარესაც მიუძღვის. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაავრცელა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციამაც „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“. კოალიცია, რომელშიც 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, მკაცრად გმობს ხელისუფლების წევრთა ამგვარ განცხადებებს და ამბობს, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან „მცოცავი ოკუპაციის“ გაგრძელებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამუდმებული დარღვევისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწრო პარტიულ ხედვებს სახელმწიფოს ინტერესებზე წინ აყენებენ და ომის დაწყებაში საქართველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

„ამ გზით ისინი იზიარებენ ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის, პუტინის პოზიციებს და ემსახურებიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას. კოალიცია “ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” წარმომადგენლები მკაცრად ვგმობთ საქართველო-რუსეთის ომის მეთერთმეტე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. მოვუწოდებთ მათ თავი შეიკავონ ისეთი პოზიციის დაფიქსირებისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “წითელი დროშების აფრიალება" და საგანგაშო გზავნილების გაშვება, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ საერთაშორისო არენაზე ამ საკითხის დაყენება და ამ თემაზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი დასავლეთის ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია.

„მაგრამ, სამწუხაროდ, თუკი საქართველო დასავლეთისგან მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაგალითად ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ვეჭვობ, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ მოსკოვში პოლიტიკის ცვლილების მოწმენი არ გავხდებით. ეს კი ბატონი პუტინის მმართველობისას ძნელი წარმოსადგენია, თუმცა ვინ იცის. ის იმავე პოლიტიკას ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგაც (უკრაინაში განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთი არაერთი სანქციის ობიექტი გახდა) და ადრე თუ გვიან მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ უნდა შეიცვალოს. შეიძლება ამის შემდეგ ის საქართველოს მიმართაც შეიცვალოს“, - განმარტავს ჯონ ჰერბსტი, რომელიც 2003-2006 წლებში ამერიკის ელჩიც იყო უკრაინაში.

მისი თქმით, მიუხედავად ახლანდელი ხელისუფლების განსხვავებული მიდგომისა რუსეთის მიმართ, ქვეყნის დასავლური პოლიტიკური კურსი ეჭვქვეშ არ დგას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG