ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი დიპლომატი საქართველოს მთავრობაში


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

მმართველმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და საარჩევნო წელს, დიპლომატიური კორპუსის კადრების მთავრობაში გადმოქაჩვა ისევ დაიწყო.

პარლამენტმა შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის ახალ მინისტრად უკვე დაამტკიცა 39 წლის ზურაბ ჭიაბერაშვილის კანდიდატურა. ყოფილ ჟურნალისტსა და ფილოსოფოსს ვარდების რევოლუციის შემდეგ, მცირე ხნით თბილისის მერის თანამდებობა ეკავა.

ბოლო ექვსი წლის მანძილზე კი ჭიაბერაშვილი დიპლომატიურ სამსახურში იყო: ჯერ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, შემდეგ კი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში საქართველოს ელჩის რანგში.

ახალი მინისტრის წარდგენისას პრემიერმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ყოფილმა მინისტრმა ანდრია ურუშაძემ რეფორმის ნახევარზე მეტი უკვე განახორციელა. ზურაბ ჭიაბერაშვილს ამოცანად ჯანდაცვის და სოციალური სფეროს რეფორმის ბოლომდე მიყვანა დაუსახეს.

ნიკა გილაური: „რეფორმის 60—70 პროცენტი დასრულებულია, თუმცა ყველაზე რთული მომენტი, რეფორმის ბოლომდე მიყვანა და წერტილის დასმა კიდევ წინ არის და ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბევრი ვისაუბრეთ ამ თემაზე, ძალიან კარგი იდეები აქვს, არაჩვეულებრივი მენეჯერია და დარწმუნებული ვარ რომ ამ ამოცანას ყველანი თავს გაართმევთ.“

ზურაბ ჭიაბერაშვილი: „ჯანდაცვისა და სოციალური სფერო ყველას გვესმის რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა. ეხება ყველა ოჯახს, ყველა ადამიანს და მოქალაქეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

ჩემი ამოცანა, როგორც ეს მმართველმა გუნდმა დასახა, არის ის, რომ ერთის მხრივ რეფორმა წარმატებით დავასრულოთ და მეორეს მხრივ, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს რაში მდგომარეობს ამ რეფორმის წარმატება.“

მმართველ გუნდს არ დაუსახელებია კონკრეტული მიზეზები, ჯანდაცვის და სოციალური სფეროს რეფორმა ასე წარმატებული თუ იყო, რატომ მოხდა ანდრია ურუშაძის თბილისის მერის მოადგილეობამდე დაქვეითება.

ბოლო პერიოდში, მთავრობას სახელმწიფო პროპაგანდის რანგში ჰყავს აყვანილი ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის წარმატება. ყველა ახალ საავადმყოფოს პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი ხსნის. პროგრამა „150 ახალი საავადმყოფო“, მთავრობამ ძველი პროგრამის „100 ახალი საავადმყოფოს“ ჩავარდნის შემდეგ წამოიწყო.

დღეს რეფორმის მთავარი მოთამაშეები სადაზღვევო კომპანიები არიან. ახალ კერძო კლინიკებს მთელი ქვეყნის მაშტაბით, ძველი სახელმწიფო საავადმყოფოების ადგილზე, სწორედ ტენდერში გამარჯვებული ათი სადაზღვევო კომპანია აშენებს, შემდეგ თავად მართავს.

ამის სანაცვლოდ კი მთავრობა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩართული 900 000 - მდე მოქალაქის დასაზღვევად გამოყოფილ - 111 მილიონ ლარს, სწორედ ათ სადაზღვევო კომპანიას შორის ანაწილებს. უკვე სექტემბრამდე მთავრობა გეგმავს დაზღვეულთა რაოდენობა გაარმაგოს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე და ასოციაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“ თავჯდომარე მარინა ბერაძე ამბობენ, რომ ასეთი რეფორმით, მთავრობა სინამდვილეში ამ სფეროში კიდევ ერთ მსხვილ მონოპოლიას აყალიბებს და არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ.

ნოდარ ჭიჭინაძე: „სამედიცინო მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე პირდაპირ ყალიბდება მონოპოლისტი. ანუ ის მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში ჩაერთვებიან ავტომატურად მიებმებიან კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიას და ასევე კონკრეტულ კლინიკას, რომელიც ამ სადაზღვევი კომპანიის მიერ არის აშენებული.

სადაზღვევოს და მის კლინიკას არა აქვთ არანაირი სტიმული რომ ვთქვათ, სხვა კლინიკასთან შედარებით დაბალ ფასად შესთავაზონ პაციენტებს მომსახურება ან იგივე ფასად უფრო კარგი მომსახურება; არ აქვთ სტიმული რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგან დამატებითი მომხმარებლის მოსაზიდად, მათ ისედაც სახელმწიფოს მხრიდან ჰყავთ გარანტირებულად შეთავაზებული კლიენტი.“

მარინა ბერაძე: „ამ დროს ილახება პაციენტისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება თავად აირჩიოს სადაზღვევო კომპანია, ექიმი და სამედიცინო დაწესებულება.“

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის რიგით მეექვსე მინისტრია.

ეს სამინისტრო ოთხი წლის წინ, მაშინაც საარჩევნო წელს, ერთხელ უკვე ჩააბარეს სრულიად ახალ სახეს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ სანდრო კვიტაშვილს, თუმცა რაიმე სერიოზული წარმატების გარეშე, კვიტაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

თავის დროზე, მთავრობაში არცთუ წარმატებული გამოდგა დიპლომატების ვალერი ჩეჩელაშვილის, ლაშა ჟვანიას, სალომე ზურაბიშვილის, გეგა მგალობლიშვილისა და ზურაბ პოლოლიკაშვილის მოწვევაც.

ამგვარი საკადრო გადაწყვეტილებების უმრავლესობა საარჩევნო წელს იყო მიღებული. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მხოლოდ ოთხი თვე გაძლო ვალერი ჩეჩელაშვილმა; სკანდალით წავიდა მთავრობიდან საფრანგეთიდან მოწვეული დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი; სულ რაღაც სამთვიანი მოღვაწეობის შემდეგ გეგა მგალობლიშვილიც სკანდალურად გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან;

ლაშა ჟვანია კი გადაყენებული იქნა ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან, ისევე როგორც, მისი შემცვლელი ზურაბ პოლოლიკაშვილი. მგალობლიშვილი და პოლოლიკაშვილი კვლავ დიპლომატიურ კარიერას დაუბრუნდნენ.

XS
SM
MD
LG