ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიამ ფინანსური პრობლემები ამერიკული ოჯახების მესამედზე მეტს შეუქმნა


კორონავირუსის დელტა ვარიანტმა ინფიცირების და სიკვდილობის მონაცემების ზრდასთან ერთად, მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და განათლების პრობლემებიც გაამწვავა. უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ყოველი მე-5 ამერიკული ოჯახი ამბობს, რომ პანდემიის დროს ოჯახის ერთ-ერთ წევრს სერიოზული პრობლემა შეექმნა და მას ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებოდა. 38% კი ბოლო თვეებში მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს გადააწყდა, იმის მიუხედავად, რომ გამოკითხულთა 67% ფედერალური და ადგილობრივი მთავრობის დახმარებას იღებდა.

გამოკითხვა 3 616 მოქალაქეს შორის, 2 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ჩატარდა და შედეგები 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მისი ავტორები არიან: ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლა; „ენ-პი-არი“ (ეროვნული საზოგადოებრივი რადიო) და რობერტ ვუდ ჯონსონის ფონდი.

განსაკუთრებით უკმაყოფილო სკოლის მოსწავლეთა მშობლები არიან. გამოკითხულთა ორი მესამედი ამბობს, რომ მათი შვილები სკოლაში სასწავლო პროგრამას ჩამორჩნენ. მათ შორის 36% კი თვლის, რომ ისინი ძალიან ჩამორჩნენ. გამოკითხული ამერიკელების 70%-ს მიაჩნია, რომ გასული წლის დანაკლისის შევსება განათლების მიმართულებით, ძალიან რთული იქნება.

ყველაზე მძიმე ვითარება უმცირესობებს შორისაა. ლათინურამერიკული წარმოშობის, შავკანიან და აბორიგენ მოსახლეობას შორის, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი. ეს მაშინ, როცა თეთრკანიანებში ასეთთა რიცხვი 29%-ს არ აღემატება. მსგავსი შედეგები სხვა გამოკითხვებშიც ფიქსირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პანდემიის გამო მიყენებული სოციალ-ეკონომიკური ზარალი მოსახლეობაზე არაპროპორციულად აისახა და უმცირესობებზე ბევრად უფრო დიდი გავლენა იქონია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მკვეთრი განსხვავება დაფიქსირდა შემოსავლების მოცულობის მხრივაც. იმ ოჯახებს შორის, რომელთა წლიური შემოსავალი $50 000-ს არ აღემატება, სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა გამოკითხულთა 59%. უფრო მაღალი შემოსავლის მქონეთა შორის კი მათი რიცხვი 18% იყო.

ოჯახების 19 პროცენტი ამბობს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, დანაზოგები დაკარგა, ან ამოეწურა. 27%-ს წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ბინის ქირა მომდევნო თვეებში.

პანდემიის დროს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში განსაკუთრებით გაიზარდა ტელემედიცინის ხვედრითი წილი. გამოკითხულების 42% ამბობს, რომ მათ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ონლაინ სამედიცინო მომსახურებით ისარგებლეს. მართალია, 82% ამ მომსახურებით კმაყოფილი დარჩა, თუმცა გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ არჩევანის შემთხვევაში, ფიზიკურად მისვლა ერჩივნათ.

„იმის მიუხედავად, რომ ამერიკელებმა მთავრობის დახმარება კოვიდ-19-ის გავრცელების დროს ფართოდ მიიღეს, მილიონობით ადამიანი მაინც ჯერ კიდევ იმყოფება პრობლემების წინაშე, იქნება ეს ფინანსები, ჯანდაცვა, თუ შვილების განათლება“ - ამბობს რობერტ ბრენდონი ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ის არის კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის პროფესორი ჯანდაცვის პოლიტიკის და პოლიტიკური ანალიზის დარგში. „ეს პრობლემები ძირითადად კონცენტრირებულია იმ ოჯახებში, რომელთა წლიური შემოსავალი 50 000-ს არ აღემატება. მილიონობით ოჯახმა კი დაზოგილი თანხები დაკარგა და უიმედოდ რჩება“ - ამბობს პროფესორი ბრენდონი.

გამოკითხულებს შორის გაზრდილია შიში მზარდი ძალადობის მიმართ. ყოველი მეოთხე აზიური წარმოშობის ამერიკელი ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ მათ რასობრივი ან ეთნიკური ნიშნით, ფიზიკური თავდასხმის, ან მუქარის შიში აქვთ. ამავე აზრისაა აბორიგენი მოსახლეობის 22% და შავაკანიანების 21%. ეს მაშინ, როცა მსგავსი შიში თეთრკანიანთა მხოლოდ 7%-ში და ლათინურამერიკული წარმოშობის ამერიკელთა 8%-ში ფიქსირდება.

კვლევის სახელწოდებაა „ოჯახების გამოცდილება ამერიკაში დელტა ვარიანტის გავრცელების პერიოდში“. მასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ჰარვარდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG