ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკება პოლიციასთან


საბერძნეთში ახალ უმკაცრეს საბიუჯეტო შეკვეცებს აპროტესტებენ

დემონსტრაციის ორგანიზატორები მშვიდობიან გამოსვლებს გეგმავდნენ, მაგრამ ათენის ქუჩებში დაგროვილი პროტესტის კონტროლი ძალიან მალე შეუძლებელი გახდა და ის პოლიციასთან ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. პარლამენტის შენობის წინ დრამატული სცენები გაიმართა: პოლიცია ცრემლსადენ გაზს იყენებდა, დემონსტრანტები კი ქვებს და ბენზინით დამზადებულ ხელნაკეთ ყუმბარებს ისროდნენ.

ეს იყო პირველი მასობრივი გამოსვლა მას შემდეგ, რაც ქვეყანას სათავეში ახალი კოალიციური მთავრობა ჩაუდგა. პრემიერ მინისტრი, ანტონი სამარასი ხელისუფლებაში სამი თვის წინ ევროს და ევროკავშირის მოთხოვნების მხარდამჭერი პლატფორმით მოვიდა. დემონსტრაციაზე ათენის ქუჩებში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორებს სურდათ ეჩვენებინათ ახალი მთავრობისთვის, რომ საბიუჯეტო შეზღუდვები ხალხს ყელში ამოუვიდა. მიტინგი ბარაბნების ხმით და შეკვეცების საწინააღმდეგო სლოგანებით დაიწყო, რომლებმაც აქციონერების აზრით საბერძნეთი და ბერძენი ხალხი აიძულა დაჩოქებულიყო.

ოპოზიციური მემარცხენე პარტიის ლიდერი ალექსის ციპრასი ამბობს, რომ თუკი პრემიერ სამარასის მთავრობა ბერძენი ხალხის უფლებების დაცვას ვერ შეძლებს და ახალ ბარბაროსულ ზომებს მოაწერს ხელს, ეს ბერძნების გენოციდის ტოლფასია და ამ შემთხვევაში საბოლოო ხმა ბერძენ ხალხს ეკუთვნის.

დემონსტრაციების პარალელურად საბერძნეთში ორი უდიდესი პროფკაშირის მიერ ორგანიზებული მასობრივი გაფიცვა გაიმართა. მასში მონაწილეობა ბერძენი მშრომელების თითქმის ნახევარმა მიიღო. სხვებთან ერთად გაიფიცნენ აეროპორტის მუშაკები, მაღაზიის გამყიდველები და მუზეუმების თანამშრომლები, რის გამოც ათენში საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა, მაღაზიები დაიკეტა და ტურისტული ცენტრები დაიხურა.

ლონდონის კინგის კოლეჯის პროფესორი რამონ პაჩეკო პარდო საბერძნეთის ექსპერტად ითვლება. მისი თქმით საყოველთაო გაფიცვა ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.

ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გაფიცვა, რაც კი კრიზისის დაწყების შემდეგ მომხდარა. მან თავი მოუყარა სრულიად განსხვავებულ დარგებში დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო შეკვეცების წინააღმდეგ გამოდიან. მათ ახალი დებატების დაწყება სურთ. პირველ რიგში ევროს საჭიროების შესახებ და შემდეგ არის თუ არა საბიუჯეტო შეკვეცები ის ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს,“ - აღნიშნავს პროფესორი პარდო.

გაფიცვა და პროტესტი მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი დამატებით 15 მილიარდით უნდა შემცირდეს. ეს თანხა უმთავრესად ხელფასების და პენსიების შემცირების საშუალებით მოიჭრება. საბერძნეთის ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია, მან საბიუჯეტო ცვლილებებიც უნდა განახორციელოს, ხალხის მასობრივ გაფიცვებს და მიტინგებსაც მოუაროს და ამ ყველაფერთან ერთად ევროპის ლიდერების წნეხს გაუმკლავდეს.

ევროკავშირი ბერძნული ეკონომიკის გადარჩენას 2010 წლის შემდეგ გრანდიოზული თანხების გადარიცხვით ცდილობს. ახალი საბიუჯეტო შეკვეცებიც დამატებით 40 მილიარდის მიღების წინაპირობაა, რათა საბერძნეთმა ვალებზე დეფოლტი არ გამოაცხადოს.

„ბოლო ორი წლის მანძილზე მოვლენების განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ რეაქცია ყოველთვის მშვიდობიანი არ არის. გაურკვევლობა სამოქალაქო პროტესტს კიდევ უფრო ზრდის და ეს ყოველივე საბერძნეთის ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ხელს უშლის,“ - აღნიშნავს ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი სპიროს ეკონომიდესი.

ანალიტიკოსების აზრით ეს ყოველივე საბერძნეთის ახალი მთავრობის და პრემიერ სამარასის პირველი სერიოზული გამოცდაა. მათ საკუთარ ხალხს და დამფინანსებლებს შორის ლავირება ურთულეს პირობებში უწევთ. ყველაზე ცუდი კი ამ ყველაფერში ის არის, აღნიშნავს პროფესორი ეკონომიდესი, რომ ოთხშაბათის გაფიცვა და მიტინგი მხოლოდ დასაწყისია და მას რამდენიმე კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტი მოჰყვება.
XS
SM
MD
LG