ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში


ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში
ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში

საბერძნეთის ეკონომიკას გაკოტრების საშიშროება ემუქრება. ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე ბერძნების რისხვა ხშირად დედაქალაქ ათენში მცხოვრები ათი ათასობით უცხოელი ემიგრანტისკენ არის მიმართული. ბევრი ბერძენი ემიგრანტებს მაღალ უმუშევრობასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას აბრალებს. მიგრანტი მუშების დამცველი ჯგუფები კი აღნიშნავენ, რომ საბერძნეთის ხელისუფლება უცხოელი მუშების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ხშირად უგულვებელყოფს და ზოგჯერ ხელს უწყობს კიდეც. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი ათენიდან იუწყება, რომ უცნობი თავდამსხმელის მიერ ცოტა ხნის წინ ბერძენი მოქალაქის მკვლელობას ქალაქში ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ტალღა მოჰყვა.

ავღანელი ემიგრანტები ჰაფეზი, მოჰამედი და საჰილი ათენის ერთ-ერთ სასწავლო ცენტრში საღამოს ინგლისურ ენას ეუფლებიან. საბერძნეთში მცხოვრები ასობით სხვა უცხოელის მსგავსად, ჰაფეზმა ცოტა ხნის წინ ათენის ქუჩებში მოთარეშე ბერძენი ნაციონალისტი ბრბოს რისხვა საკუთარ თავზე გამოცადა.

„სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი. ქუჩაში რომ მივდიოდი უცებ საპირისპირო მიმართულებიდან 6-7 პირი მომიახლოვდა. როცა დამინახეს, ჯერ არაფერი თქვეს, ხოლო შემდეგ კი როცა ახლოს მოვიდნენ ჩემთან, ცემა დამიწყეს. არაფერი უთქვამთ, უბრალოდ მირტყამდნენ...ჯერ სახეში, შემდეგ კი თავში და ტანზე,“ იხსენებს ავღანელი მიგრანტი მუშა ჰაფეზ ალ-რაფაი.

საბერძნეთი გაკოტრების პირას არის მისული. მზარდი უმუშევრობისა და საგანგებო ეკონომიკური ზომების ფონზე ბერძნულ საზოგადოებაში ბევრი უკმაყოფილება დაგროვდა. შედეგად სახალხო რისხვას უცხოელები ემსხვერპლნენ.

მიმდინარე წლის დასაწყისში ათენში ემიგრანტების საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც ძალადობით დამთავრდა.

საზოგადოების მხრიდან ესოდენ მტრული დამოკიდებულების მიუხედავად, საბერძნეთში მიგრანტი მუშების ნაკადი არ კლებულობს. ყოველდღიურად ევროკავშირში მოხვედრის მიზნით საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე მდებარე მდინარე ევროზე დაახლოებით 300 ადამიანი გადადის.

არალეგალ ემიგრანტთა დაკავების ცენტრებში იმდენი ხალხია, რომ რამდენიმე დღის შემდეგ დაკავებულებს, როგორც წესი, ათავისუფლებენ.

საბერძნეთის მთავრობა ემიგრანტების მზარდ ნაკადთან გამკლავების მიზნით ევროპისგან დახმარებას ითხოვს. ბევრ ბერძენს, ათენის მკვიდრის ნოკოლაოს სოფოსის მსგავსად, მიაჩნია, რომ ქვეყანას ამდენი ხალხის დაბინავება უბრალოდ არ ძალუძს.

„ბერძნები ცუდ დღეში არიან. მათ გადასახადების გადახდა უხდებათ. ამას ბევრი სხვა ხარჯი ემატება. ცხოვრების დონე საბერძნეთში აშკარად გაუარესდა. აქ კი პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ბანგლადეშიდან იმდენი ხალხი ჩამოდის, რომ მდგომარეობა უმართავი ხდება,“ აღნიშნავს ათენელი ნიკოლაოს სოფოსი.

მაისის დასაწყისში ათენის ერთ-ერთ უბანში უცნობი თავდამსხმელის მიერ ბერძენი მოქალაქის მკვლელობის შემდეგ უცხოელ მუშებზე თავდასხმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები ემიგრანტ მუშებს მაღალ უმუშევრობასა და კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებას აბრალებენ.

„ათენის ცენტრში რამდენიმე დღის წინ ერთი ბანგლადეშელი ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ხოლო 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის დაახლოებით 30 პირს მიყენებული ტრავმებისგან საავადმყოფოში რამდენიმე დღით დარჩენა მოუხდა. საღამოობით ისინი ემიგრანტების საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმებს აწყობენ,“ აღნიშნავს ათენის ემიგრანტთა დამხმარე ჯგუფის ხელმძღვანელი ნასიმ ლომანი.

ლომანი გულისწყრომით აღნიშნავს, რომ საბერძნეთის პოლიცია ემიგრანტებს აკავებს, მაგრამ მათ წინააღმდეგ მემარჯვენე დაჯგუფებების მხრიდან მიმართული ძალადობის ფაქტებს უგულვებელყოფს.

ჰაფეზი და მისი მეგობრები დაახლოებით 50,000 ემიგრანტთა რიცხვს ეკუთვნიან, რომლებმაც თავშესაფრის თხოვნით საბუთები შეიტანეს და ახლა საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ჰაფეზი ამ გადაწყვეტილებას უკვე ხუთი წლის მანძილზე ელის.

დანახარჯების შემდგომი შემცირების მიზნით საბერძნეთის მთავრობა უფრო მკაცრი საგანგებო ეკონომიკური ზომების მიღებას აპირებს. მიგრანტი მუშები შიშობენ, რომ ეს მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს და მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე სიტუაციას მათთვის უფრო საშიშს გახდის.

XS
SM
MD
LG