კოსმოსში ასტრონავტებისთვის მზის ამოსვლის შთამბეჭდავი სანახაობით ტკბობა საგანგაშო შეტყობინებით წყდება, რომელიც მათ რუსული თანამგზავრის ნარჩენის მოახლოვების საფრთხეს ამცნობს. ექიმ რაიან სტოუნს უბრძანებენ, სასწრაფოდ დაბრუნდეს ხომალდზე. მაგრამ რაიანის, სანდრა ბალოკის გმირისთვის ეს პირველი მისიაა და ის სიტუაციის მთელ სერიოზულობას თავიდან ვერ აღიქვამს. უფროს ასტრონავტ, კოვალსკის როლს, ჯორჯ კლუნი ასრულებს. ის სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს.
რეჟისორმა ალფონსო კუარონმა სამგანზომილებიანი ტექნოლოგია შეარჩია, რათა მაქსიმალური დრამატიზმით გადმოეცა ასტრონავტთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. რომანტიზმით და იდუმალებით სავსე კოსმოსური სამყარო ერთ წამში მკაცრ, მომაკვდინებელ რეალობად იქცევა, რომელიც მათ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, უთავბოლოდ ატრიალებს.
„მთავარი ოპერატორ, ემანუელ ლუბესკთან ერთად შევეცადე „აიმაქსის“ ტექნოლოგიით გადაღებული დოკუმენტური ფილმის სიზუსტეს მივახლოვებოდი. იმისთვისაც უნდა გაგვეწია ანგარიში, რომ კოსმოსში ფიზიკის კანონები სხვაგვარად მოქმედებს. თუნდაც მიკროგრავიტაცია და წინაღობის ძალის არარსებობა“ - ამბობს რეჟისორი.
ფიზიკის კანონების თავიდან გაცნობა მსახიობებსაც მოუწიათ, განსაკუთრებით კი, სანდრა ბალოკს, რომელსაც, ფილმის უმეტესი ნაწილი მარტო მიჰყავს. მსახიობის თქმით, „ყველაფერი, რასაც ხედავთ, ვიდეოკამერით არის გადაღებული. საგანგებო კონტეინტერში მომათავსეს. 12 თოკზე ვიყავი სხვადასხვა მხრიდან გამობმული და ისე ვასრულებდი ფრენის მოძრაობებს“.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ასტრონავტის სკაფანდრში გამოკეტილი ქალის გრძნობების განსახიერება იოლი არ იყო: „შინაგანი ემოციის გადმოცემა მხოლოდ თვალებით მიხდებოდა, რომლის გარეშეც შესაძლოა ყველაფერი არარეალური და ხელოვნური გამხდარიყო“.
ფილმი ზოგჯერ კლაუსტრაფობიის შეგრძნებას იწვევს. ექიმ რაიანის გადარჩენის შანსები მინიმალურია. შვილის დაღუპვის გამო ის ფიქრობს, რომ ამ ბრძოლას აზრი ეკარგება. კოსმოსურ უსასრულობაში დაკარგული ქალის ემოცია ეგზისტენციალურ კითხვებს აჩენს. „ეს არის ქალი, რომელიც სიცოცხლესთან კავშირს კარგავს. განვლილი ცხოვრების ნარჩენი რუსული სატელიტივით გეჯახება და ყველაფერი ისევ თავდაყირა დგება. წაიქცევი და აღარ იცი, ღირს თუ არა საერთოდ ფეხზე ადგომა“ - ამბობს სანდრა ბალოკი.
ნასას სპეციალისტები ამბობენ, რომ ფილმი ძალზე რეალურია. უმცირეს, 3-4 სანტიმეტრიან სხეულსაც კი შეუძლია კოსმოსში კატასტროფა გამოიწვიოს.
„გრავიტაციას“ ოსკარს უწინასწარმეტყველებენ, სულ მცირე, ვიზუალური ეფექტების და მუსიკისთვის. რაც შეეხება ალფონსო კუარონის შემდეგ პროექტს, ის „მხოლოდ ფეხით მოსიარულე ადამიანზე იქნება“ - აცხადებს რეჟისორი.