რა ხდება ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში, ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან. ბოლო ორი დღის მანძილზე აქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობები არაერთხელ შეიცვალა. თავადპირველი ელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვით „2010 წლის 29 სექტემბერს დილის საათებში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიის დაკავება და ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევა დაიწყეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დანაყოფები უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ (არმატურის ძელებს არჭობენ) სოფლებში ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი. ამ დრიოისთვის სოფელ ქვემო ნიქოზში მიტაცებულია 25 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწა, სოფელ დიცში უკანონო მონიშვნის იქით აღმოჩნდა 3 ოჯახის, (ბერუაშვილების – კუთვნილი სახლები და ერთ–ერთი ოჯახის ხეხილის ბაღის ნახევარი, ასევე საძოვრები, სარწყავი არხი და ახალგაკეთებული წყლის ჭაბურღილი. სოფელ არბოში რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთები 5 ჰა, ხოლო სოფელ ქორდში კერძო სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთი – ნახევარი ჰექტარი“. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უფრო მსუბუქი და ზოგადი ფრაზებით დაარედაქტირა. სხვებთან ერთად, კერძოდ, მას მოაკლეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შიდა ქართლში დამატებითი ტერიტორიების დაკავებას ეხებოდა. ამ ინფორმაციის გაჟღერების დროისთვის როგორც სოფელ ზემო ნიქოზის მკვიდრი მაია მაისურაძე ამბობს, ქართული სატელევიზიო არხები საერთოდ გათიშული იყო. სოფლის მცხოვრებლებმა მათ ირგვლივ არსებული სიტუაციის შესახებ სატელეფონო ზარებიდან შეიტყვეს. საქართველოს სხვა ქალაქებში მცხვორები ნათესავები ნიქოზელებს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, მართლა დაიკავეს თუ არა ცხინვალისპირა სოფლები რუსებმა.
რეალურად, რა მოხდა მათი სოფლის საზღვრებთან ნიქოზელებმა მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს, როდესაც გორში გამოემგზავრნენ მუნიციპალიტეტის წინ საპროტესტო აქციის მოსაწყობად. მათი უკმაყოფილების მიზეზი არა საზღვრების გადმოწევა, არამედ საკვებისა და წყლის უქონლობა იყო.
ქალბატონი, რომელიც ნიქოზში საზღვართან ცხოვრობს, ამბობს, რომ საკუთარი თვალით დაინახა, როგორ დაუძახეს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველ პოლიციელებს და შეხვედრა სთხოვეს. პოლიცია მათთან არ მივიდა, რის შემდეგაც, რუსებმა ერთ–ერთ ადგილობრივ მწყემსს გამოუცხადეს, საზღვრების გადმოწევას ვაპირებთ და გაითვალისწინე, აწი აქეთ აღარ გადმოხვიდეთო.
შიდა ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ამბობს, რომ პოლიციელები სწორად მოიქცნენ, როდესაც რუს მესაზრვრეებთან არ მივიდნენ. „ჩვენ რომ მივსულიყავით, რუსები იტყოდნენ, ერთობლივად გავაკეთეთ საზღვრის დემარკაციაო, რასაც ვერ დავუშვებდით“,– ამბობს ვლადიმერ ჯუღელი.
ამ ეტაპზე რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარი მართლაც მონიშნეს და თან რამდენიმე ათეული ჰექტარიც „მიაყოლეს.“ რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის თვითნებური დემარკაციის პროცესი ახლა არ დაწყებულა. ანალოგიური ქმედებების შესახებ „ამერიკის ხმა“ სამი თვის წინაც იუწყებოდა. მაშინ რუს მესაზღვრეებს ჯერ მხოლოდ თხრილები ჰქონდათ გაკეთებული ახალი ხურვალეთის ტერიტორიაზე, რომელიც ასევე გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ასევე კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მოსაზღვრე სოფლის მიმდებარედ. ამ ეტაპზე თვითნებური დემარკაციის პროცესი სხვა ფაზაში შევიდა, თხრილების ნაცვლად „საზღვარზე“ უკვე რკინის ძელებიც იქნება, რასაც შესაძლოა, მავთულხლართების გაჭიმვაც მოჰყვეს .