მიმდინარე კვირა ქართული სპორტის ისტორიაში უპრეცედეტო და უმკაცრესი სასჯელით აღინიშნა. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ხუთ მოთამაშეს, გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ.
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი ორსაათიანი მსჯელობის მიუხედავად კონსენსუსამდე ვერ მივიდა. აღმასკომის 8 წევრი ხუთი ეჭვმიტანილის ხუთ წლიან დისკვალიფიკაციას ითხოვდა, ცხრა წევრმა კი მოთამაშეების ფეხბურთიდან სამუდამო მოკვეთას დაუჭირა მხარი.
ასეთი უმკაცრესი გადაწყვეტილება აქამდე ქართული სპორტის არცერთ სახეობაში მიუღიათ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ ტოტალიზატორებთან გარიგება ასამარებს ქართულ ფეხბურთს და ეს უმკაცრესი განაჩენიც ამით არის გამოწვეული
„ძნელი გადასაწყვეტი იყო, ამიტომ ხმები გაიყო 9-8-ზე. აღმასკომის 8 წევრი ითხოვდა 5 წლიან დისკვალიფიკაციას და 9 წევრმა გადაწყვიტა, რომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიეღო ხუთივე ფეხბურთელს. სადაც არ უნდა წავიდნენ ეს ფეხბურთელები კარიერის გასაგრძელებლად, ჩვენი გადაწყვეტილება ყველგან ძალაშია.“
ფედერაციამ ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი 25 წლის გიგა ბეჭვაია, რომელიც თბილისის „ვით ჯორჯიას“ ღირსებას იცავდა;
„სამტრედიის“ ორი ფეხბურთელი: 32 წლის სპარტაკ გოგია და 24 წლის კახა კირთაძე. ასევე, ზუგდიდის „ბაიას“ მოთამაშეები: 29 წლის ლევან ვართაგავა და 35 წლის როინ ონიანი, ამ უკანასკნელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჰქონდა გამართული. ონიანი საქართველოს თასის ორგზის მფლობელია.
კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მიერ ჩატარებული ოპერაციით გაირკვა, რომ ეს ფეხბურთელები სისტემატურად ურიგდებოდნენ ტოტალიზატორის წარმოადგენელს და ხელოვნურად განსაზღვრეს ეროვნული ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის საბოლოო შედეგი.
გარიგების სანაცვლოდაც გასამჯელოს სახით ფეხბურთელები სოლიდურ თანხებს იღებდნენ. კუდი-ის ინფორმაციით, 2011 წლის 15 აპრილს გამართული "სამტრედიისა" და ბოლნისის "სიონის" მატჩში, გოგიამ და კირთაძემ 15 000 ლარი აიღეს;
19 აპრილს ჩატარებული თბილისის "დინამოსა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩი, ონიანმა და ვართაგავამ 12 000 ლარის სანაცვლოდ "დათმეს"; 30 აპრილს, "ვით ჯორჯიასა" და ბოლნისი "სიონის" შეხვედრის ბედი კი ბეჭვაიამ 20 000 ლარად გადაწყვიტა.
სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებას ფედერაციის შენობასთან მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი გიგა ბეჭვაია ელოდა, განაჩენს მან ძალიან მკაცრი უწოდა
„განიხილეს ყველა გარემოება და ასე ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოიტანეს. საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა სხდომა, ეს მთლიანად მათი გადასაწყვეტი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება საკმაოდ მკაცრია.“
ჯერჯერობით, უცნობია რამდენად შორს წავა გამოძიება და გამოიკვეთება თუ არა სხვა ეჭვმიტანილებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, სკანდალში 100 მეტი ფეხბურთელი და რამდენიმე მთავარი მწვრთნელიც შეიძლება იყოს გარეული.
ოფიციალურად, პოლიციას დაკავებული ჰყავს „სამტრედიის“ ყოფილი ფეხბურთელი, 28 წლის დავით გაბედავა, რომელიც უცხოეთის ტოტალიზატორების წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს შორის შუამავალი იყო.
ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა UEFA დამატებით მოითხოვა სამი მატჩის გამოძიება, რომლებსაც უეფა საეჭვოს უწოდებს. წინასწარი ინფორმაციით, ფსონებს ამ მატჩებზე ერთ-ერთი აზიური სახელმწიფოს ტოტალიზატორი იღებდა. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ამბობს
„გარიგებულ მატჩებზე ჩვენს ჩემპიონატში ადრეც იყო საუბარი, სამწუხაროა რომ ის საუბრები არ იქნა გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი. აი მან მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ რომ ადრე ეს ყველაფერი გამოგვეძიებინა ასეთ მძიმე შედეგს არ მივიღებდით.
იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა, ვინც დასასჯელია ყველა სამაგალითოდ დაისჯება. ვხედავთ, რომ ეროვნული ნაკრების კარგი გამოსვლით ხალხი მოტრიალდა ფეხბურთისკენ, მოვიდნენ ბიზნესმენები, მთავრობამ თქვა, რომ ეკონომიურად დაეხმარება ქართულ ფეხბურთს, ეხლა გამოდის რომ ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ.
გარიგებული მატჩები არა მარტო საქართველოს, მთელი მსოფლიო ფეხბურთის სენია. ამიტომ უნდა ვებრძოლოთ ამას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია და ის ახალგაზრდა ბავშვები რომ იზრდებიან, მათ მაგალითი ამათგან კი არ უნდა აიღონ, არამედ იმ პატიოსანი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგან რომლებიც დარწმუნებული ვარ მრავლად არიან საქართველოში.“
ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დასჯილი ფეხბურთელები კარიერის გაგრძელებას ვერც უცხოეთში შეძლებენ, თუმცა მათ აქვთ საშუალება, ეს ვერდიქტი სასამართლოს მეშვეობით გაასაჩივრონ.
განაჩენს წინ უსწრებდა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ინტერპოლისთვის გრანტის სახით, 29 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ამ თანხით, ფიფა და ინტერპოლი იწყებენ ერთობლივ ოპერაციას გარიგებული თამაშებისა და არალეგალური ტოტალიზატორების წინააღმდეგ.
9 მაისს ციურიხში, ინტერპოლთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა განაცხდა, რომ გარიგებული თამაშები ძირს უთხრიან სპორტის უმთავრესს ფასეულობებს - პატიოსან თამაშს, ურთიერთპატივისცემასა და დისციპლინას.