ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბავარიის არჩევნები გერმანის ტრადიციული პარტიებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა


1966 წლიდან გერმანიის "ქრისტიან-სოციალური კავშირი" (CSU) ბავარიაში დომინანტი პარტია იყო. თუმცა კვირას ამომრჩევლის ნაწილი, რომლისთვისაც პარტიის მიერ რადიკალური მემარჯვენე პოზიციები მიუღებელი აღმოჩნდა, „მწვანეთა პარტიისკენ“ გადაიხარა.

"ქრისტიან-სოციალური კავშირი" ანგელა მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) ბავარიელი მოკავშირეა. "ქრისტიან-სოციალურმა კავშირშმა" ბავარიაში ხმების 37,2 პროცენტი მიიღო, რაც 2013 წლის შედეგებთან შედარებით (47,7 პროცენტი) მნიშვნელოვანი ვარდნაა.

მარცხი განიცადა ასევე მერკელის კოალიციის პარტნიორმა "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ". მათ ხმების მხოლოდ 10 პროცენტი მიიღეს, რაც მათ მიერ 2013 წელს მიღწეული შედეგების მხოლოდ ნახევარია. ბავარიაში, "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარუმატებლობა გერმანიის მასშტაბით მათი დაკნინების კიდევ ერთი ნიშანია.

კვირის არჩევნეში წარმატებული აღმოჩნდა "მწვანეთა პარტია". მათ ხმების 17,5 პროცენტი მიიღეს და მეორე ადგილი დაიკავეს. მესამე ადგილზე, რადიკალური მემარჯვენე, იმიგრაციის მოწინააღმდეგე "გერმანიის ალტერნატივის პარტია" გავიდა, ხმების 10,2 პროცენტით. შედეგად "გერმანიის ალტერნატივის პარტია" ისტორიაში პირველად ბავარიის პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. პარტიამ ბავარიის არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო.

კვირის არჩევნებმა აჩვენა, რომ გერმანიის პოლიტიკური სპექტრი დანაწევრებულია და რომ 2015 წლის შემდეგ დაწყებულმა საიმიგრაციო კრიზისმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის გადაწვეტილებაზე. შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ქვეყნის ტრადიციული პარტიები დაკნინების გზას ადგანან. ელექტორატი ცდილობს ალტერნატივა იპოვოს.

„გერმანიის პოლიტიკური ფრაგმენტაცია, რომელიც 2017 წლის ფედერალურ არჩევნებზე ვიხილეთ, მთელი სიჩქარით გრძელდება“, ამბობს ლეოპოლდ ტროგოტი, „ღია ევროპის“ კვლევითი ორგანიზაციიდან.

არჩევნები კანცლერ მერკელისთვის ართულებს კოალიციის შენარჩუნებას, რომელიც გასულ მარტში ოთხთვიანი მოლაპარაკების შემდეგ შეიქმნა. გერმანული პოლიტიკის „რკინის ქალბატონს“ გასული წლიდან მოყოლებული დაუსრულებელ კრიზისებთან უწევს გამკლავება. პარტიები გერმანიაში ყოყმანობენ იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა მათთვის კოალიციაში შესვლა დომინანტი პოლიტიკური
ელიტისადმი მოსახლეობაში არსებული უკმაყოფილებების გათვალისწინებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG