გერმანიის პროკურორები რეგიონალური სასამართლოსგან კატალონიელი ყოფილი ლიდერის კარლეს პიუგდემონტის ექსტრადიციას მოითხოვენ, რომელიც ესპანეთში აჯანყების ბრალდებით იძებნება.
პიუგდემონტი კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ ესპანეთიდან ბელგიაში გაიქცა. 25 მარტს ის ბელგიის გზაზე გერმანიის და დანიის საზღვარზე დააკავეს, მას შემდეგ რაც ესპანეთმა ევროპის მასშტაბით მისი დაკავების ორდერი გასცა.
„ჩვენ საკუთარი მომავლის გადაწყვეტა გვინდა შეგვეძლოს - ეს დანაშაულია? ჩვენ ამისთვის საარჩევნო ყუთები გამოვიყენეთ -ეს დანაშაულია?“ განუცხადა მან გერმანულ მედიას. პიუგდემონტის ადვოკატმა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმადაც კატალონიელი ლიდერი ამბოხების ბრალდებით სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. პიუგდემონტის გარდა, ბრალი დამატებით 24 კატალონიელ პოლიტიკოსს წაუყენეს.
დამოუკიდებლობის მომხრე კანონმდებლებმა კატალონიის დეკემბრის არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვეს. პარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებია.
პიუგდემონტმა კატალონია დამოუკიდებლად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას მისცა ხმა. რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის 50%-ზე ნაკლებმა მიიღო.
მადრიდი რეფერენდუმს არ სცნობს. ცენტრალურმა მთავრობამ კატალონიის ადმინისტრაცია გადააყენა და რეგიონზე პირდაპირი კონტროლი აღადგინა, რის შემდეგაც პიუგდემონტმა ესპანეთი დატოვა და ბრიუსელში გაემგზავრა. ესპანეთი მას აჯანყების მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს.
Facebook Forum