ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გადადგა


ქრისტინ ლამბრეხტი, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი
ქრისტინ ლამბრეხტი, გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი

ორშაბათს, 16 იანვარს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინ ლამბრეხტი გადადგა, იმ მზარდი კრიტიკის ფონზე, რომ უკრაინის ომს გერმანიის შეიარაღებული ძალები არასაკმარისად პასუხობს.

მისი გადაწყვეტილება შოლცის მთავრობისთვის სერიოზული დარტყმაა. გერმანია ისედაც ზეწოლის ქვეშაა კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის დამტკიცებასთან დაკავშირებული შეკითხვების გამო. ამასთან, გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ბოლო სამხედრო წვრთნების დროს გაირკვა, რომ "პუმას" ტანკები გამოუსადეგარია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის თანამდებობაზე ლამბრეხტს. ბერლინზე მორიგი ზეწოლაა, რაც შეიძლება მალე დასახელდეს თავდაცვის მინისტრის კანდიდატი.

ხუთშაბათს, სულ რამდენიმე დღეში, გერმანიაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩადის. ის პარასკევს რამშტეინის ბაზაზე დაგეგმილი შეხვედრის დასწრებას გეგმავს, რომელზეც ნატოს მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების კიევისთვის გადაცემის საკითხზე.

შოლცმა ლამბრეხტის გადადგომის მოთხოვნა ფორმალურად უკვე დააკმაყოფილა. „კანცლერი პატივს სცემს ქალბატონ ლამბრეხტის გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის მას იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან გასწია ამ რთულ პერიოდში თავდაცვის მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა შოლცის მთავრობის პრესსპიკერმა.

ახალი თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას ბერლინი სავარაუდოდ 17 იანვარს გამოაცხადებს. კრიტიკოსები ლამბრეხტს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან ვერ შეძლო გერმანიის შეიარაღებული ძალების რეფორმირება, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის 100 მილიარდი ევროს ფონდი იქნა გამოყოფილი.

XS
SM
MD
LG