ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკანდალური ჩვენებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს იმ ჯარისკაცების დაკითხვას, რომლებიც 2014 წლის ნოემბერში, სამშვიდო მისიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

მასშტაბური გამოძიება თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, იორდანელმა პრინცმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა 29 იანვარს, ევროკავშირის მისიაში მყოფი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სამშვიდოები სექსუალურ დანაშაულში ამხილა.

ეს უნდა იყოს ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი სხვა ჯარისკაცებისთვის, რომ კარგად გაიაზრონ - მათი ნებისმიერი არასწორი ქმედება, შეიძლება, ქვეყნის და ჯარის პრესტიჟისთვის დამაზიანებელი იყოს
ირაკლი სესიაშვილი

გაეროს გამოძიებაში საუბარია, რომ სულ მცირე სამმა არასრულწლოვანმა, აფრიკელმა გოგონამ მისცა ჩვენება რომ მათ ქართველ სამხედროებთან იძულებითი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ. იძულებით კონტაქტში იგულისხმება, სექსი 14-დან 16 წლამდე გოგონებთან ფულის, საჭმლის ან სასმელი წყლის სანაცვლოდ.

თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოძიების პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს ექვს მაღალჩინოსანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა, რათა მათ საგამოძიებო პროცესზე ზემოქმედება ვერ შეძლონ.

მათ შორის, არის გენშტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, რომელიც იმ პერიოდში, უშუალოდ კურირებდა საერთაშორისო მისიებს და 2014 წლის აგვისტოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტითაც იმყოფებოდა.

უფლებამოსილება ასევე შეუჩერდა იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელიც შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში იყო დისლოცირებული. საუბარია, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულზე, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი სოფელი ადლიაა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიების შემდეგ, ქართველი ჯარისკაცების მიმართ ყველა ბრალდება მოიხსენება, რადგან, მის თქმით, ეს ბრალდებები, უსაფუძვლოა.

„ჩემი მონაცემებით, აქ არ არის საუბარი ძალადობაზე, არ არის საუბარი გაუპატიურებაზე. არასრულწლოვნები იყვნენ თუ არ იყვნენ, იცოდნენ თუ არა ჩვენმა ჯარისკაცებმა მათი ასაკი და რა ფორმით მოხდა მათ შორის ეს ურთიერთობა, ეს ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. თუმცა, გაუპატიურებასა და სექსუალურ ურთიერთობას შორის, საკმაოდ დიდი განსხვავებაა.

ვიმეორებ, წინასწარი მონაცემებით, აქ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი სხვა ჯარისკაცებისთვის, რომ კარგად გაიაზრონ - მათი ნებისმიერი არასწორი ქმედება, შეიძლება, ქვეყნის და ჯარის პრესტიჟისთვის დამაზიანებელი იყოს.“

საქართველოს მთავრობა 2014 წლის თებერვალში დათანხმდა ევროკავშირის თხოვნას, ქართული სამხედრო კონტიგენტი, გაეროს მანდატით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ჩართულიყო.

ჩვენთვის რომ არ ყოფილიყო ეს ინფორმაცია საკმარისი რომ გამოძიება დაგვეწყო, მაშინ გამოძიებას არც დავიწყებდით და ყველა ამ ფაქტს ვუარყოფდით
ნიკოლოზ აგლაძე

იმავე წლის, ივნისში, აფრიკის კონტინენტზე, ექვსთვიანი მისიით, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული იქნა გადასროლილი. აგვისტოში, ქართველი სამხედროები, დედაქალაქ ბანგიში მოინახულა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ადგილზე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელობასაც შეხვდა.

2014 წლის დეკემბერში, აფრიკაში, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული, როტაციის წესით, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, 23-ე ბატალიონის ასეულმა ჩაანაცვლა. მისიის ხანგრძლივობა კი ექვსიდან ოთხ თვემდე შემცირდა. უკვე 2015 წლის სექტემბერში, აფრიკაში მისიის ტრანსფორმაცია მოხდა და იქ, მხოლოდ, 5 სამხედრო მრჩეველი გაიგზავნა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე ამბობს, რომ თუ სამხედრო მოსამსახურეების დანაშაული დადასტურდა, ყველა პირი აგებს პასუხს.

„ჩვენთვის რომ არ ყოფილიყო ეს ინფორმაცია საკმარისი რომ გამოძიება დაგვეწყო, მაშინ გამოძიებას არც დავიწყებდით და ყველა ამ ფაქტს ვუარყოფდით. ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე იქ რა მოხდა, ფულს უხდიდნენ, არ უხდიდნენ, რა შესთავაზეს, რა, არ შესთავაზეს, ეს მოგონილია თუ არა, ყველაფერს ამას გამოძიება დაადგენს. უნდა დაველოდოთ შედეგებს და დამატებით გაკეთდება განცხადება.“

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა ასევე ბრალდებათ, საფრანგეთის სამხედროებს. აქ საუბარია, ორალურ სექსზე, 7 წლის გოგონასთან და 9 წლის ბიჭთან, სასმელი წყლისა და ორცხობილას სანაცვლოდ.

ასევე აღწერილია, კიდევ რამდენიმე, სავარაუდო, სექსუალური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც საფრანგეთის და ამ დრომდე, დაუდგენელი ევროპული ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. ყველა ეს შემთხვევა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის აეროპორტთან ახლოს მდებარე, მპოკოს ლტოლვილთა ბანაკთან მოხდა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სექსუალური დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ, სიმძიმის მიხედვით, ცხრიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

XS
SM
MD
LG