ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯონ კერის შეხვდა


საქართველოს ივნისში შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვიოს. ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრისას გააკეთა.

„ცალსახად ვაცხადებ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და წარმატებული საქართველო კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია. ჩვენ ასევე ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და მის კონტრტერორისტულ ძალისხმევას ავღანეთში, რაც რეგიონისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ინტეგრაციას როგორც შეერთებულ შტატებთან ასევე ევროპასთან,“ განაცხადა კერიმ.

გვჯერა, რომ დამოუკიდებელი, ერთიანი და წარმატებული საქართველო კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის იმედი გამოთქვა:

„სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ისევ ოკუპირებულია. ჩვენ მადლიერები ვართ შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარების გზას შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიპოვით,“ განაცხადა ჯანელიძემ.

შეხვედრის დაწყებამდე კერიმ სირიის კონფლიქტზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დამასკოში 5 წლის წინ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციებს მთავრობამ ქიმიური იარაღი დაუპირისპირა, ხუთწლიან კონფლიქტს კი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.

კერი მომავალ კვირას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდება. მისი თქმით, ამ ვიზიტის მიზანი სირიაში პოლიტიკური პროცესის ეფექტური წარმართვაა.

შეხვედრის შემდეგ „ამერიკის ხმის“ კითხვას იქნება თუ არა მოსკოვში გამართულ შეხვედრებზე საქართველო განხილვის ერთ-ერთი თემა, ჯანელიძემ ასე უპასუხა:

„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად მნიშვნელობაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება არ უნდა მოდუნდეს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიების სახით და ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა და პროგრესის მიღწევა.“

XS
SM
MD
LG