ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთავრობას კრიტიკა არ მოსწონს


Media watchdog group Reporters Without Borders <br>
Media watchdog group Reporters Without Borders <br>
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა განმარტება და დაზუსტება იმ ტექსტისა, რაც გუშინ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედია, დაპირებისამებრ, ხელისუფლებამ ზეწოლისგან გაათავისუფლა, თუმცა მას მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს პასუხიმგებლობის საკითხი, რაც ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება. „ძნელია, მიუკერძოებელი ეწოდოს ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ გადაცემას, რომელსაც ჟურნალისტი ვახო სანაია უძღვებოდა. თავის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტმა მაყურებელს მთავარ თემად შესთავაზა "ქართული ოცნების" დაპირებები, რომელთაგან გამოყო სოციალური საკითხები, სამართლიანობა, საგარეო პოლიტიკა. სიუჟეტები ატარებდა აშკარად ტენდენციურ ხასიათს. გადაცემის მსვლელობისას, ჟურნალისტი ცდილობდა, შეექმნა სურათი, თითქოს ხელისუფლებამ არც ერთი დაპირება არ შეასრულა. ამ სიცრუის გამყარებისთვის მან ქუჩაში ხალხის გამოკითხვის ხერხსაც მიმართა და ისეთი პასუხები შეარჩია, რომელიც გადაცემის მთავარ ხაზს გააძლიერებდა“- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში, რომელიც „ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტს“ -ციტატა განცხადებიდან შეახსენებს, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო ახალ ხელისუფლებას, რომელმაც ამ მიმართულებით თვალსაჩინო შედეგი ორ წელიწადში აჩვენა. განცხადების თანახმად, ჟურნალისტმა ტენდენციურად წარმოაჩინა რეალობა. „იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება თავად განსჯის და შეაფასებს რას ენდოს და რას არა“,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს კი გიორგი გეგეჭკორმა განაცხადა: „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან იმატა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების და მისი ლიდერების მიმართ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა და ცილიმწამებლურმა ბრალდებებმა. ამის ცალსახა დადასტურებაა ვახო სანაიას გადაცემა „რეპორტაჟში“ გასული სიუჟეტი ნეპოტიზმის შესახებ, რომელშიც ჩვენი პარტიის და კოალიციის წევრები დადანაშაულებულები იყვნენ მეგობრებისა და ნათესავების დასაქმებაში. სიუჟეტი იმდენად აბსურდული იყო, რომ საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი ლექსო თამაზაშვილიც კი ნეპოტიზმის შედეგად დასაქმებულად მოიხსენიეს. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტი ფაქტობრივ ცდომილებებზე იყო აგებული. თანამდებობის პირად მოხსენიებული ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ მუშაობს საჯარო სექტორში. გარკვეული ნაწილი კი ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნდა საკუთარ პროფესიას. ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მიერ 13 ათასამდე ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის პარალელურად წამოწყებული მიზანმიმართული კამპანია გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და ტელემაყურებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია მაესტრო ჩადგება იმ მედიასაშუალებათა რიგში, რომლებიც მათ ხელთ არსებულ ტრიბუნას არაობიექტური ინფორმაციის ტირაჟირებისთვის იყენებენ. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, კონკრეტულ თემაზე მუშაობისას, ამომწურავად შეისწავლონ თითოეული საკითხი და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ამბობს გიორგი გეგეჭკორი.

მედიის თავისუფლების ინდექსის შესახებ კვლევა ორი თვის წინ გამოაქვეყნა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომლის თანახმად, საქართველო 84-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, სადაც ორგანიზაციამ იმუშავა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა შარშანდელთან შედარებით, როდესაც მე-100 ადგილი ეკავა. სომხეთი ამ კვლევის თანახმად 78 -ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 160-ზე, რუსეთი კი 148-ზე. შარშანდელი მაჩვენებლის თანახმად, საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მედიის თავისუფლების ხარისხის თვალსაზირისით - ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კვლევამ აჩვენა. მხოლოდ ეს უკანასკნელი ზომავდა არა ჟურნალიზმის დონეს, არამედ გამოხატვის თავისუფლების ხარისხს.
უახლოეს წარსულში მთავრობის მხრიდან მედიის მისამართით გამოთქმული არაერთი პრეტენზია გაჟღერებულა, მათ შორის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის განცხადება მედიაზე ზეწოლად, ამის შესახებ ჟურნალსიტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ამერიკის ხმას ესაუბრა. „თუ სადმე ჰქონდა ადგილი ფაქტობრივ უზუსტობას სიუჟეტში და თუ სურთ მედიის მუშაობა გააუმჯობესონ, ამის უფლებას ჩვენი კანონმდებლობა აძლევს ნებისმიერ პირს, მათ შორის საჯარო მოხელეებს. თუ ისინი კეთილგანწყობილნი არიან მედიის მიმართ და სურთ, აუდიტორიამ მიიღოს სწორი ინფორმაცია, მათ უნდა მიმართონ შესაბამის მექანიზმებს ამ ინფორმაციის გასასწორებლად. ერთადერთი მექანიზმი ამისთვისაა მიმართვა თვითრეგულირების ორგანოსადმი და მაუწყებელი, მას შემდეგ, რაც დაინახავს, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ვალდებულია გასწორებული ინფორმაცია გადასცეს. კანცელარიას ამ მექანიზმისთვის არ მიუმართავს და სწორედ ამიტომ ჩვენთვის ის განცხადება, რაც კანცელარიამ გააკეთა, არის უნებლიე ან გამიზნული ზეწოლა მედია საშუალებაზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, ცოტა უფრო ფრთხილი უნდა იყოს კანცელარია ასეთი, ძალიან სულელური განცხადებების შექმნისა და გამოქვეყნების დროს,“- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ოფიციალური განცხადების გაკეთებას მთავრობის წერილის შესახებ უახლოეს მომავალში გეგმავს.
XS
SM
MD
LG