უკრაინა არ გადასცემს რუსეთს საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძეს, თუ დადასტურდა, რომ ცერცვაძე ნამდვილად იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში - ამის შესახებ დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.
48 წლის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთის და რუსეთთან ომების ვეტერანია, 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. კიევის სასამართლომ მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს პროცესი კი 26 იანვარს არის ჩანიშნული.
ცერცვაძე აღმოსავლეთ უკრაინიდან საქართველოში 2016 წლის დეკემბერში დაბრუნდა. მოსკოვმა ინტერპოლის მეშვეობით, მასზე „კონფიდენციალური ცირკულარით“ ძებნა კი 23 დეკემბრიდან გამოაცხადა. როგორც კი ვიცე-პოლკოვნიკი თბილისიდან უკან კიევში ჩაფრინდა, იგი მაშინვე დააკავეს.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შსს-დან მიიღო. შსს-ში კი განმარტავენ, რომ 2008 წლიდან, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, რუსეთთან საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. თუმცა, შსს არ უარყოფს, რომ ინტერპოლმა ნადვილად მიმართა თბილისს ცერცვაძის შესახებ და „ძებნილ პიროვნებაზე“ ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა.
„კონსტიტუციის 42 მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ინტერპოლი, ინფორმაციას მტერი სახელმწიფოს მოთხოვნით ითხოვდა, თანაც ყოფილ სამხედრო პირზე, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ლეტიგიმური უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე, ან თავად დაეკავებინა ან მინიმუმ გაეფრთხილებინა ვიცე-პოლკოვნიკი ცერცვაძე, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებდნენ.
ამ შემთხვევაში, პირდაპირ არსებობდა იმის რისკი, რომ ნებისმიერი მესამე ქვეყანა აიყვანდა ამ მოქალაქეს საექსტარადაციო პატიმრობაში, შემდგომში, მომთხოვნი ქვეყნისთვის გადაცემის მიზნით. ამდენად, საქართველოს სასაზღვო პოლიცია ვალდებული იყო გია ცერცვაძე გაეფრთხილებინა ამ საფრთხის შესახებ“არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი
„ამ შემთხვევაში, პირდაპირ არსებობდა იმის რისკი, რომ ნებისმიერი მესამე ქვეყანა აიყვანდა ამ მოქალაქეს საექსტარადაციო პატიმრობაში, შემდგომში, მომთხოვნი ქვეყნისთვის გადაცემის მიზნით. ამდენად, საქართველოს სასაზღვო პოლიცია ვალდებული იყო გია ცერცვაძე გაეფრთხილებინა ამ საფრთხის შესახებ.“
გია ცერცვაძე, რომელსაც საქართველოში მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, 1968 წელს სოხუმში დაიბადა. 24 წლის ასაკში ჩაება აფხაზეთის ომში, სოხუმის დაცემის შემდეგ ჩართული იყო პარტიზანულ მოძრაობაშიც, მათ შორის, 1996 წლის მაისის, გალის მოვლენებში.
2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში, თლიაყანას სტრატეგიული სიმაღლის აღებაში. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო - შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე შიდა ქართლში. შსს-ს ორგანოებიდან იგი 2013 წელს დაითხოვეს.
2014 წლიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, უკრაინელთა მხარეს იბრძვის. იყო მოხალისეებით დაკომპლექტებულ, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფ „აზოვის“ ინსტრუქტორი, შემდეგ კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცჯგუფის მებრძოლი.
რუსულ-აფხაზური წყაროების ცნობით, მოსკოვი გია ცერცვაძეს 2003 წლის 4 აპრილს, რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოჭში, ადგილობრივი ბიზნესმენისა და ავტორიტეტის ჰუსეინ ჰუსეინოვის დაკვეთილ მკვლელობაში ადანაშაულებს.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ცერცვაძეს ეს მკვლელობა ჰუსეინოვის კონკურენტმა, დღეს ცნობილმა სოჭელმა ავტორიტეტმა ანზორ სირცოვმა დაუკვეთა, რომელსაც მრავალწლიანი კრიმინალური კავშირები აქვს, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე თბილისში.
თავად გია ცერცვაძე და მისი ოჯახი, კატეგორიულად უარყოფენ, 2003 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს და ბრალდებას „შეთითხნილს“ უწოდებენ. მათთვის გაუგებარია, 13 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე, რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოცხადდა ძებნა 2017 წელს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა ინტერპოლს, გამოიკვლიოს რამდენად მყარია „ახალი რუსული მტკიცებულებები“ ცერცვაძის წინააღმდეგ და ხომ არ არის ეს პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, რასაც ინტერპოლის წესდება კრძალავს. გია ცერცვაძემ უკრაინის ტელევიზიას განუცხადა, რომ ეს პოლიტიკური დევნაა:
ეს არის ერთმანეთზე მიბმული საქმე, რადგან მე ვიბრძოდი აფხაზეთში, შემდეგ ვიყავი პარტიზანულ დაჯგუფებაში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა. შესაძლოა სოჭის ეპიზოდი ამაზეა მიბმული, რადგან მე თვითონ სოხუმიდან ვარ, იქაური მიწერა მაქვს. თუ რუსეთს გადამცემენ შეიძლება, 2008 წლის ომის ეპიზოდი წამოსწიონ ან შეიძლება, მიწერის ადგილზე გადამცენ.“გია ცერცვაძე, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი
„ჩემს წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცხინვალის რეგიონში 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ეს არის ერთმანეთზე მიბმული საქმე, რადგან მე ვიბრძოდი აფხაზეთში, შემდეგ ვიყავი პარტიზანულ დაჯგუფებაში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა.
შესაძლოა სოჭის ეპიზოდი ამაზეა მიბმული, რადგან მე თვითონ სოხუმიდან ვარ, იქაური მიწერა მაქვს. თუ რუსეთს გადამცემენ შეიძლება, 2008 წლის ომის ეპიზოდი წამოსწიონ ან შეიძლება, მიწერის ადგილზე გადამცენ.“
როგორ თბილისში, ისე კიევში, ოპოზიცია ვიცე-პოლკოვნიკ ცერცვაძის დაკავების გამო ხელისუფლებას ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ მან არ დაიცვა საკუთარი ჯარისკაცი და მტერ სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან, ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაცვალა.
უკრაინის ხელისუფლებას კი აკრიტიკებენ იმისთვის, რომ არ შეასრულა პირობა და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან, უკრაინის მოქალაქეობა არ მიანიჭა. როგორც ოფიციალური თბილისი, ისე ოფიციალური კიევი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.
ანალოგიური შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროს ზურაბ მაისურაძეს გადახდა. რუსეთის მოთხოვნით იგი ლიტვაში დააკავეს, თუმცა ძებნის მასალები ლიტვის პროკურატურამ პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალა და 2017 წლის 4 იანვარს, რუსეთს მაისურაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა დღეს, ოფიციალურად განაცხადა, რომ "თუკი გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს."