ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში


საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვაშინგტონში

ვაშინგტონის ცენტრში სმითსონის გალერეაში მოსულ უამრავ ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ნამდვილი პატარა საქართველოს ნაწილი ელოდა: ნაციონალური კაბები, ჩოხები და მუსიკა, მშობლიური ქართული ჟრიამული, ბატიკა და მონატრებული ფელამუშის სუნი...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წვეულება შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. დამსწრეთა შორის იყვნენ ამერიკაში მცხოვრები რიგითი ქართველები, ამერიკელი თუ უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, კვლევითი ინსტიტუტების და მედიის წარმომადგენლები.

ქართულ ჩოხაში გამოწყობილი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში, თემურ იაკობაშვილი, მეუღლესთან ერთად თითოეულ სტუმარს დარბაზის შესასვლელში პირადად ეგებებოდა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ელჩმა დამსწრეთ საქართველოს დიდი მეგობარი, პოლკოვნიკი კენედი, წარუდგინა. ქართულად მისალმების შემდეგ პოლკოვნიკმა განაცხადა:

„მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილე. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ამ წუთას 750 ქართველი ჯარისკაცი ამერიკელი მებრძოლების მხარდამხარ სამხრეთ ავღანეთის ურთულეს პირობებში პატრულირებას ახდენს. მე მქონდა პატივი მათთან ერთად მემსახურა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეომრები არიან და მე მეამაყება მათ გვერდით ყოფნა“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ისტორიაში პირველად სიმამაცის საპატიო ორდენი ამერიკელ პოლკოვნიკს გადაეცა.

საღამო საზეიმო კონცერტით დასრულდა. პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი იყო: გამომსვლელთა შორის იყვნენ მუსიკალური ჯგუფი „შინი“ და სუხიშვილების ეროვნული ბალეტი. საოპერო მომღერალმა სოფო ნიჯარაძემ საქართველოს და ამერიიკის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. პარალელურად გალერეის კედლებზე ქართველი კინორეჟისორის ფილმის -„გურული მოჯირითეების“- ჩვენება მიმდინარეობდა. აქ ნახავდით სამგანზომილებიანი ფოტონამუშევრების პრეზენტაციას, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა გია კერესელიძემ წარმოადგინა. სტუმრებს იქვე გამოფენილ ქართული ბატიკის ხელოვნების ნიმუშებსაც სთავაზობდნენ საჩუქრად. დარბაზში დამონტაჟებულ უზარმაზარ მონიტორზე ბათუმის მუსიკალური შადრევნების დემონსტრაცია მიმდინარეობდა.

26 მაისი მსგავსი პომპეზურობით აქამდე არასოდეს აღუნიშნავთ შეერთებულ შტატებში. საქართველომ იმ საღამოს ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა.

XS
SM
MD
LG