ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო ამერიკულ კომპანიასთან კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატზე მოლაპარაკებას აწარმოებს


საქართველო ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ფარმაკოლოგიურ კომპანია “გილიადთან” მოლაპარაკებას აწარმოებს მედიკამენტის მისაღებად, რომელიც 2015 წელს ებოლას ინფექციის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. ჩინელი ექიმების ინფორმაციით, მედიკამენტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგაც ეფექტურია.

ჩინეთში, კორონავირუსის სამკურნალოდ ზოგიერთი ისეთი ანტი-ვირუსული მედიკამენტიც იქნა გამოყენებული, რომელიც შიდსის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენება.

ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანია, რომელიც მედიკამენტ “რემდოსოვირს” აწარმოებს, საქართველოსთან 2015 წლის შემდეგ თანამშროლობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პრეპარატ „რემდოსოვირს“ ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

„ეს პრეპარატი 2015 წლიდან ცნობილი პრეპარატია, რომელსაც აწარმოებს კომპანია „გილიადი.“ ის შეიქმნა ებოლას ეპიდაფეთქების დროს დასავლეთ აფრიკაში. ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროებს დღის ბოლომდე დამატებითი შეზღუდვების დასაწესებლად გეგმის წარმოდგენა შესთავაზა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG