ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"თავების თვლა" "თავისუფლების მოედანზე"


"ქართული ოცნების" აქცია "თავისუფლების მოედანზე" თბილისში, 27 ოქტომბერს
"ქართული ოცნების" აქცია "თავისუფლების მოედანზე" თბილისში, 27 ოქტომბერს

„თავების თვლის“ პროცესი საქართველოში გრძელდება. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე ორი დღით ადრე, მმართველმა პარტიამ საქართველოში, „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური აქცია დააორგანიზა. შეკრების ადგილი იგივეა, სადაც ორი კვირის წინ „ოცნების“ მთავარმა ოპონენტმა, „ნაციონალური მოძრაბამ“ შეკრიბა მოქალაქეები - თავისუფლების მოედანი.

მთელი დღის მანძილზე პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. დილიდან გადაიკეტა ქუჩები და მოეწყო სპეციალური საპარკინგე ადგილები იმ ტრანსპორტის გასაჩერებლად, რასაც საქართველოს რეგიონებიდან უნდა ჩამოეყვანა ადამიანები თბილისში.

მიტინგი 5 საათზე დაიწყო და პირველი გამომსვლელი საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ.

„დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე, შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები.. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე. ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და საქართველოში. სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება., სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა, მშვიდობიანმა ადამიანებმა განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მმართველი გუნდის მთავარ გზავნილებს შორის რამდენიმე საკვანძო სიტყვა ფუგურირებდა. მათ შორისაა „თანამებრძოლები“ - ტერმინი, რაც შეკრებილ საზოგადოებასთან თანაზიარების აღსანიშნავად გამოიყენა მიტინგზე რამდენიმე სპიკერმა. ხაზგასმული იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოში ბოროტების სიმბოლო. „მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ადგილი ციხეში,“- ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილი. გამომსვლელების სიტყვის საერთო პასაჟი გახლდათ მართლმადიდებლობასა და ეკლესიასთან, როგორც მმართველი გუნდის მოკავშირესთან იდენტიფიცირების საკითხი.

„ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირების და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის მართლმადიდებელი ეკლესიის ლანძღვას და შეურაცხყოფას“,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. ის „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ყოფს, როგორც „სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს.“

„ლეშიჭამია“, „ქართველთ მოძულე“, „ეკლესიის მტერი", „პატრიარქის მტერი" - ეს გზავნილები გაიმეორა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმაც საკუთარ სიტყვაში.

„დასავლეთის კარზე კაკუნი სააკაშვილმა კი არ დაიწყო, არამედ საქართველოს დიპლომატების ჯგუფმა. სამი წლის მანძილზე აღარ იქნება არჩევნები, მაგრამ არჩევნები ერთ დღეს ნამდვილად იქნება კონსტიტუციურ ვადებში. ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ ხელისუფლება გადააბაროს არა ლეშიჭამიებს, არა ქართველთ მოძულეებს, არა მათ, იმ ბნელი წარსულის მოციქულები რომ არიან და ახლა საკნებიდან იჭყიტებიან, ვინც ებრძვის ილია მეორეს, ვინც ებრძვის სიწმინდეს, ჯვარს და ხატს, არამედ ახალ თაობებს, რომელთა მომავლისთვის ჩვენ ვდგავართ მაგრად და მყარად,“- ამბობს თეა წულუკიანი მიტინგზე.

პრემიერის, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების გამოსვლებში გაიჟღერა შერიგებისა და დაპირისპირების დასრულების აუცილებლობის გზავნილმა, თუმცა, ამავდროულად გამოსვლები გაჯერებული იყო სიძულვილის ენით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

მმართველმა გუნდმა 27 ოქტომბრის აქციაზე მოქალაქეების მობილიზება საქართველოს რეგიონებიდან დაიწყო. მედიები, დღის პირველ ნახევარში განუწყვეტლივ აშუქებდნენ ამბებს სხვადასხვა ქალაქიდან იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მასშტაბურად ორგანიზებული იყო მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესი სამარშრუტო ტაქტებითა და სხვა საშუალებებით.

დაფიქსირდა აგრესიული დამოკიდებულების შემთხვევები ჟურნალისტების მიმართაც, ვინც საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აიპების თანამშრომლების გადაადგილებას აფიქსირებდნენ. „არ შეიძლება, რომ სამარშრუტო ტაქსი უფასოდ და მეგობრულად დაუდგეს გვერდით თბილისში წასვლის მსურველებს?" - განუცხადა ჟურნალისტებს გორის აპის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

თამაზ შიოშვილმა, გორის მერიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი თქვა, რომ მათ არავის მობილიზება არ გაუკეთებიათ. „ჩვენ თვითონ არავისთვის გვითქვამს. წასვლის სურვილი ვინც გამოთქვა, ისინი მოდიან და რა თქმა უნდა, წასვლის სურვილი ვინც გამოთქვა, შვებულება დაწერეს, ერთ დღიანი, ჩვეულებრივი. რა მოტყუებაზეა საუბარი?“ - ამბობს იგი.

იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოქალაქეები მცდარი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ და ეგონათ, რომ მიდიოდნენ არა „ქართული ოცნების მხარდასაჭერად, არამედ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ მიტინგზე. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ ქალბატონი, რომელიც "ამერიკის ხმის" კამერაში 2008 წლის ომის დროს, გორის დაბომბვისას გადაღებულ ფოტოში მოხვდა. ჟურნალისტებთან მან დღეს განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, რომ ის რამდენიმე წელია ისე ცხოვრობს, ელექტროენერგიაც კი არ აქვს. „თბილისში მივდივარ, მთავრობა უნდა გადადგეს, როგორ თუ ვინ მითხრა, ეს ხმა ყველგან ისმის. სააკაშვილი უნდა გამოვიდეს ციხიდან“,- ამბობს იგი.

რეგიონულმა მაუწყებელმა „ოდიში ნიუსმა“ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოზურგეთში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენონობაში შესვლა და მასზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ბანერის გადმოკიდვა შეძლეს. ეს იმის გამო მოხდა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში მომუშავე ადამიანები ამ დროისთვის თბილისში, აქციაზე იყვნენ მობილიზებულები და სამსახურში არავინ მყოფებოდა - ასეთი გახლავთ მედიის კომენტარი.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქცია თავისუფლების მოედანზე დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ მოუწოდეს მაქსიმალური მობილიზებისკენ, რათა 30 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნების მეორე ტურზე „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვება მიიყვანონ ბოლომდე.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG