ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ჯარისკაცების პანაშვიდი სამებაში გაიმართა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფოტო
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ კი სამხედროების ცხედრებს საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ.

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები კვირას გამთენიისას 02:25 ჩამოასვენეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმავე თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში. ალასანიამ 6 ივნისს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და ავღანეთში გაფრინდა.

თავდაცვის მინისტრმა თბილისის აეროპორტში დაფრენის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.


(საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვიდეო)

მისი თქმით: „მე მინდა განსაკუთრებულად მივუსამძიმრო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. ჩვენი ვალია, მთავარი ამოცანაა, რომ მათ მოვუფრთხილდეთ და ვუპატრონოთ. რაც შეეხება ამ გმირებს, მათ ნამდვილად ჩვენი მომავლისთვის გადადეს თავი, საქართველო ამას დააფასებს. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო გამოთხოვება ჩვენს გმირებთან და მე ვთხოვ ყველას, ჩვენი გმირებისადმი პატივის მიგებით კიდევ ერთხელ გამოხატონ დიდი მხარდაჭერა, რომელიც ჭირდება ჩვენს მებრძოლებს, ვაჟკაცებს ავღანეთში.“

ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემონიალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები, მათ შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო მინისტრი ირაკლი პეტრიაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.

ცხედრების ჩამოსვენების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები.

ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დაღუპულთა ოჯახებს და მთელს საქართველს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები, მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოსთან ერთად გლოვობს ამ უზარმაზარ დანაკარგს, ამ უზარმაზარ ტრაგედიას. დღეს ჩვენ მათ ოჯახებთან ერთად ამ მამაც ჯარისკაცებს დავტირით იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. თქვენთან ერთად ვართ ამ გლოვის დღეებში."

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალი ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
XS
SM
MD
LG