ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგულავას 11-12 წლიანი პატიმრობა ემუქრება?


სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
თბილისის მერის, გიგი უგულავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ დღეს პროკურატურამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. თბილისის მერს ბრალი რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ედება, მათ შორისაა ტელეკომპანია იმედის მეპატრონისთვის ჩამორთმევაში მონაწილეობა, რიყის გასხვისების საქმე და თბილსერვის ჯგუფის საქმიანობა. მას გუშინ ფინანსთა სამინისტროში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, რა დროსაც დუმილის უფლებით ისარგებლა. თბილისის მერს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი, ტელეკომპანია "იმედისა" და "თბილსერვისჯგუფის" ეპიზოდებზე. სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები კი სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამას ემატება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილითაა გათვალისწინებული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თბილისის მერი მიმართ აღძრულ საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ. დღეს ბრიუსელში გამგზავრემამდე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც კომენტარების ამ საკითხზე აეროპორტში გააკეთეს, თქვეს, რომ აღნიშნული პრობლემაზე ევროპარლამენტის წარმომადგენლებთანაც აპირებენ საუბარს. გიორგი კანდელაკი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ამბობს:

„გიგი უგულავა არის თბილისის მერი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქალაქისთვის. ამიტომ არა არჩევნების, არამედ ძალადობის გზით 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმება, არჩეული თვითმმართველობების გაყრა, არის, რა თქმა უნდა, პროვინციული დიქტატურის დამყარების მცდელობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავმართავთ მრავალ შეხვედრას ევროპარლამენტის წევრებთან და ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ამის გარეშეც, ქვეყანა რომ უკან მიდის, ცხადია.“

თავად გიგი უგულავა, რომელსაც გუშინ ფინანსთა სამინისტროსთან მისულს მხარდამჭერების აქცია დახვდა, სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი იდევნება და რომ მისი ჩამოცილებით მმართველ გუნდს სურს ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერიას ჩამოაშოროს.

„ნაკლები პრობლემაა, რაც დღეს ხდება. ჭირსაც წაუღია ნებისმიერი სკამი და თანამდებობდა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება. მე დღეს უფრო ბედნიერი ვარ, როდესაც აქ ერთად, ასე მხნედ, ანთებული თვალებით გხედავთ. მე არ მაქვს უფლება უკანდახევის, არ მაქვს უფლება თქვენ გიღალატოთ. მე მინდა მივმართო პირადად ივანიშვილს. ყველაზე მაცდური რაც ამქვეყნადაა, ესაა პოპულარობა. გამოიყენოს პოპულარობა ხალხის სასიკეთოდ, გამოიყენოს მხარდაჭერა ხალხის საკეთილდღეოდ“,– აცხადებდა უგულავა მიტინგზე.

თინა ხიდაშელი, პარლამენტარი უმრავლესობიდან აეროპორტში, ბრიუსელში გაფრენამდე უგულავას საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა.

„რა თემებიცაა, ვიცი, რომ საუბარია დასუფთავების სამსახურთან დაკავშირებით, რაც წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე თემა იყო ჩემთვის. ის კანონპროექტიც, რაც მე პარლამენტში მაქვს ინიცირებული, სწორედ გამოწვეულია პრობლემებით, რასაც დედაქალაქში ქმნიდა თბილისის მერია. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ დაახოლებით 25 ლინიომის მოპარვა ხდებოდა ყოველწლიურად თბილისის ბიუჯეტიდან,“–განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ასობით ადამიანი დაიკითხა და გარკვეული ჩვენებები დაიდო, ლოგიკური იყო თბილისის მერიის მიმართ კითხვების გაჩენა.

„რიყის საკითხზე კვლევა გვაქვს გაკეთებული. მასში უშუალოდ უგულავაზე არაა საუბარი, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ 2006 თუ 2007 წლებში თბილისის მერიამ მიყიდა იურიდიულ პირს 7 მილიონად ეს ტერიტორია და ორი წლის შემდეგ გამოისყიდა 17 მილიონად. მაღალი ალბათობით, ეს იყო კორუფციული სქემა. რაც შეეხება ჯოზეფ ქეის ჩვენებას, იქ საუბარია გარკვეული დანაშაულის შემცველი ქმედებების შესახებ სხვა პირების მხრიდან, მათ შორის კეზერაშვილის მხრიდან. თუმცა ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია. იმედის შესახებ რომ ბევრი კითხვის ნიშანი იყო, ეს არაა ახალი, წლების მანძილზე ბევრი ითქვა ამის თაობაზე. თავად ფაქტი, რომ იმედი, არჩევნების შემდეგ სიმბოლურ ფასად დაუბრუნდა მის ყოფილ მესაკუთრეებს, ადატურებს, რომ ის ძალადობით იყო წართმეული. სხვა შემთხვევაში მისი დაბრუნება სიმბოლურ ფასად, სამ ლარად არ მოხდებოდა. დედაქალაქის მერთან დაკავშირებულ ბრალს რაც შეეხება, მისი შინაარსი და არსი არ ვიცი, მაგრამ ცნობილია, რომ რამოდენიმე ასეული ადამიანია დაკითხული და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ დასუფთავების სამსახურთან თუ საზოგადოებრივ სამსახურთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, არ იციან რა თანხას იღებდნენ და რისთვის და ასე შემდეგ. მათი ჩვენებები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ძიება დაწყებულიყო. საბოლოოდ რა გამოიკვეთა და რა დაადგინა გამოძიებამ, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს,“– გვითხრა ჯახა კოჟორიძემ.

თბილისის მერის ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე კი მიიჩნევს, რომ უგულავას თანამდებობიდან ვერ გადააყენებენ, რადგან ის არჩეული მერია და არა დანიშნული.
XS
SM
MD
LG