ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო კანონის უზენაესობით რეგიონში პირველ ადგილზეა


კანონის უზენაესობის ანგარიშში საქართველო მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის 31-ე ადგილზეა, რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს

ორგანიზაცია „მსოფლიო სამართლიანობის პროექტი“ 2014 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის მხრივ შექმნილ მდგომარეობას აფასებს. 99 ქვეყანას შორის საქართველო ანგარიშში 0.6 ინდექსით 31-ე ადგილზე გავიდა. თუმცა, საკუთარ რეგიონში საქართველომ პირველი ადგილი მოიპოვა. საქართველო ორგანიზაცია „მსოფლიო სამართლიანობის პროექტის“ შეფასებით, კანონის უზენაესობის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ლიდერობს. შედარებისთვის: რუსეთი იმავე რეგიონში ბოლო, მე-13 ადგილზე იმყოფება. 0.45 ინდექსით რუსეთი მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის მე-80 ადგილზეა.

რეგიონების ლიდერების სია ორგანიზაციის ანგარიშში ასე გამოიყურება: დანია (დასავლეთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა); ურუგვაი (სამხრეთ ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები); ახალი ზელანდია (აღმოსავლეთ აზია და ოკეანია); საქართველო (აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია); შრილანკა (სამხრეთ აზია); არაბთა გაერთიანებული ემირატები (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა).

„მსოფლიო სამართლიანობის პროექტი“ დამოუკიდებელი, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც ცდილობს მსოფლიოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის პრაქტიკა გაზომოს. ამისათვის ორგანიზაცია ყოველწლიურ გამოკითხვებს ატარებს, რომელშიც 100 ათასი ოჯახი და 2 400 ექსპერტი მონაწილეობს. კანონის უზენაესობის დარგში ეს ყველაზე მოცულობით ინდექსად მიიჩნევა და ერთადერთია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უშუალო მონაცემებს ეყრდნობა.

ანგარიშის სრულად გაცნობა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე: http://data.worldjusticeproject.org/#
XS
SM
MD
LG