„ჩვენ შევძელით ის, რომ [ევროსაბჭოს] მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს, რაც მცირე წინსვლაა, თუმცა, დინამიკაში კარგია“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, უმაღლეს საკანონდმებლო ორგანოში დღეს გააკეთა.
საქმე ეხება 2006 წელს, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეს. ამ საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო.
გოჩა ლორთქიფანიძე, პარლამენტის წინაშე, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა. მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება, ჩაერთოს კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში, შესაძლოა, მიმდინარე წლის 21 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ, აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულმა გადაწყვეტილებამაც განაპირობა.
„უარის პოზიციიდან გვაქვს მცირეოდენი წინსვლა. რუსეთი, აღსრულების ეტაპზე, უარს აღარ აცხადებს და მზადაა ჩაერთოს გადახდის საკითხის მოგვარების პროცესში, ბუნებრივია, ევროპის საბჭოს შუამავლობით. შესაძლოა, ამაზე იმოქმედა 21 იანვრის გადაწყვეტილებამ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს. ჩვენ შევძელით ის, რომ მინისტრთა კომიტეტთან აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთი დათანხმდა კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვაში ჩაერთოს, რაც მცირე წინსვლაა, თუმცა, დინამიკაში კარგია“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთს დაეკისრა ვალდებულება, საქართველოს სახელმწიფოს 10 მილიონი ევროს ოდენობით, მორალური კომპენსაცია გადაუხადოს. კომპენსაცია იმ დაზარალებულებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნული თანხა, სულ მცირე, 1 500 პირზე უნდა გადანაწილდეს.
Facebook Forum