ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭო და მმართველი გუნდის მრავალმნიშვნელოვანი დუმილი


პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მმართველ გუნდსა და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის, კონსტიტუციის პროექტთან არსებული მკვეთრი დაპირისპირების ფონზე, უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა, რომელსაც დაესწრო ყველა წევრი. შუადღის სამი საათისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავი მოიყარეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და რა თქმა უნდა, უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

დაძაბული შიდა პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაც ერთის მხრივ დაკავშირებულია კონსტიტუციის ახალ პროექტთან, მეორეს მხრივ კი მოახლოვებულ არჩევნებთან, უშიშროების საბჭოსგან, გარდა განსახილველი საკითხებისა, იყო მოლოდინი, რომ განიხილებოდა საკითხთა გაცილებით ფართო სპექტრი. სხდომა დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა, რის შემდგომაც მასზე განხილული საკითხების თაობაზე საუბარი პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მინისტრებმა არ ისურვეს.

კომენტარი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთა და განაცხადა: „შეიარაღებული ძალების რიცხოვნების თაობაზე დოკუმენტი შეიქმნა და გადაეგზავნა პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატებზე, ნატოს მომავალი სამიტის დაგეგმვის პროცედურებზე, საქართველოს თავდაცვის გეგმაზე, საკვანძო საკითხებზე, მიმოვიხილეთ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, წვრთნები, რომელიც ტარდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის სირთულეები, რაც აქვს ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო.“

კონსტიტუციის ახალი ვარიანტის ამოქმედების შემდგომ უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უქმდება. "ამერიკის ხმასთან" უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ისაუბრა, რომელმაც დღევანდელი სხდომის მნიშვნელოვანი მომენტები შეაჯამა და იმის შესახებაც გამოთქვა აზრი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უშიშროების საბჭოს გაუქმებას საქართველოსთვის: „დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი და არ განხილულა საკონსტიტუციო რეფორმა და ვერც იქნებოდა, რადგან უშიშროების საბჭოს მანდატი არ ითვალისწინებს ასეთ პოლიტიკურ დისკუსიას. მე შემიძლია კმაყოფილებით ვთქვა, რომ ეს შეხვედრა მეტყველებს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, ვინც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვართ, იგივე უშიშროების საბჭოს არსებობა–არარსებობასთან მიმართებით. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე ჩემს პოზიციას, არაერთხელ დამიფიქსირებია, რომ არის შეცდომა, მაგრამ ეს სხვა ფორმატში მსჯელობის საკითხია“.

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან მესიჯს, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი გამოჰყოფს დღევანდელი სხდომიდან, ეს თავად შემდგარი საბჭო გახლავთ: „მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი სხდომის ყველაზე ძლიერი მესიჯია თავად ამ სხდომის ჩატარება. ყველასთვის ცნობილია სხდომაზე დამსწრეთა განსხვავებული დამოკიდებულება მთელი რიგი საკითხების მიმართ, მათ შორის, ამ ორგანიზაციის მიმართ. მიუხედავად ამისა, არსებობს სახელმწიფოებრივი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას აუცილებლად სჭირდება ამ ფორმატში შეხვედრა. ჩემთვის ეს იყო, გარკვეული თვალსაზრისით, დამაიმედებელი შეხვედრა,“– აღნიშნავს რაქვიაშვილი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მზარდი მილიტარიზაციის საკითხი ერთ–ერთი საკვანძო თემა გახლდათ დღევანდელ სხდომაზე, თუმცა რაიმე სიახლე არ თქმულა. „რთულია ასეთ ვითარებაში მყისიერი მიღწევების უზრუნველყოფა ან ძალიან სწრაფად გამკლავება ამ პრობლემასთან. მე მგონია, ეს ყველას ძალიან კარგად ესმის. ეს პრობლემა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას, ჩამოყალიბდა განვლილი 25–26 წლის განმავლობაში. არც დღეს აპირებს რუსეთის ფედერაცია გადახედოს ასეთ მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ და ეს მათი დეკლარირებული პოლიტიკაა.“

გადაწყვეტილება, რაც დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული შეიარაღებული ძალების რაოდენობის საკითხს ეხება 2018 წლისთვის და ის იგივე დარჩა, რაც გასულ წელს, 37 000.

ყველაზე საკამათო საკითხს – კონსიტუციის პროექტს და მასზე პრეზიდენტის ვეტოს, ოფიციალური განცხადებების თანახმად, სხდომაზე არავინ შეხებია, თუმცა უშიშროების საბჭოს სხდომის სწორედ ამ პოლიტიკურ ვითარებაში მოწვევა, შთაბეჭდილებას ტოვებდა და მოლოდინს აჩენდა, რომ კონსიტუციის საკითხი დახურული სხდომის დროს მივიწყებული არ უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, რომ ეს ფორმატი ქმნიდა კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობას ხელისუფლების სხვადასხვა, ერთმანეთთან არც თუ მთლად შეხმატკბილებული სტრუქტურებისთვის. მმართველი გუნდის მრავალმნიშვნელოვანი დუმილი უშიშროების საბჭოს სხდომის შემდგომ, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მომავალი ვეტო ხელისუფლებას კვლავ ცალკე მდგომ მოთამაშედ დატოვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG