ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი მარგველაშვილი: „ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია საშიშია“


დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა. სხდომა 12 საათზე დაიწყო და პირველი სპიკერი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლდათ. პრეზიდენტის სიტყვა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მესიჯებით დატვირთული აღმოჩნდა. მან ხაზი გაუსვა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, რადგან ამჟამინდელი რეალობა ამგვარ შესაძლებლობას ქმნის და განაცხადა, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი და უფლებამოსილებების გამიჯვნა უკიდურესად მნიშვნელოვანია: „კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას, რომელიც სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას. ამასთან ერთად, ბოლო ოთხი წლის მანძლზე, იგივე პოლიტიკური გუნდის მიერ ექვსი წლის ვადით იქნა შერჩეული და დანიშნული მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე აღვნიშნავ, რომ იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ ქართული ოცნების ხელშია. შესაბამისად, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიის გარანტი, გიდასტურებთ, დემოკრატიულ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება და გაფრთხილება ესაჭიროება. შეგახსენებთ, მარტივ ჭეშმარიტებას: ხელისუფლების ჭარბი კონცენტრატია საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი. ამიტომ გთავაზობთ, ყველამ ერთად, თანხმობითა და თანამშობლობით, შექმნილი ვითარება ვაქციოთ პროგნოზირებად და კეთილდეობაზე ორიენტირებულ სტაბილურობად. გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად. ამისთვის სრულად უნდა ავამუშაოთ ხელისუფლების შტოთა გამიჯვნის, ბალანსის და გაწონასწორების მექანიზმები. შევქმნათ დამატებითი ინსტურმენტები სამოქალაქო ჩართულობისთვის. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ დავამკვიდრო პრობლემურ, სტრატეგიული, მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა.“.

პრეზიდენტმა განაცხადა იმის შესახებაც, რომ მას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უწევს საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდომ სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი რევაზ არველაძე გაუძღვა მანამ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე არ აირჩიეს. კობახიძე ამბობს: „მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემი დასახელებისთვის.“ კობახიძის კანდიდატურის წინააღმდეგ მხოლოდ სამი დეპუტატის ხმა დაფიქსირდა.

დღესვე, პარლამენტის სხდომის საზეიმო გახსნის შემდგომ, პრეზიდენტის ინიციატივით შეხვედრა პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს შორის გაიმართა.

საქართველოს პარლამენტი პარტიების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. მისი შემადგენლობა ასე გამოიყურება: 115 მანდატს ქართული ოცნება ფლობს, 27 მანდატს ნაციონალური მოძრაობა, 6 მანდატს პატრიოტთა ალიანსი, თითო–თითოს კი თოფაძე–მრეწველები და თავისუფალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტში მყოფის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის ძირითადი მესიჯი თანამშრობლობის აუცილებლობას ეხებოდა: „საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი საქართველოს პარლამენტია, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო და მათ შორის, საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. ამიტომ, მე არ მინდა, რომ ახლა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აქ რაღაც დაპირისპირება ხდება. არავითარ შემთხვაში. ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად კონსტრუქტიულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს.“

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ტრადიციული შეურიგებლობით დაფიქსირდნენ დღესაც. მისი ერთ–ერთი წევრი, ნიკა მელია კი ბიძნა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩის აქციებსა და დემონსტრაციებსაც აანონსებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ ასევე, რომ პრეზიდენტი არც თუ სახარბიელო ავტორიტეტით სარგებლობს. „ჩვენ წარვმართავთ სხვადასხვა სამართლიან აქციებს, დემონსტრაციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. იმიტომ რომ მარტო საპარლამენტო ცხოვრებით ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ჩამოშორება მართვის სადავეებიდან, შესაძლოა, რთული იყოს.“

პარლამენტის დღევანდელი საქმიანობის შედეგად ხუთი ფრაქცია ჩამოყალიბდა, არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი და მოადგილეები: სერგი კაპანაძე – ნაციონალური მოძრაობიდან, ილია ნაკაშიძე აჭარის კვოტით, ირმა ინაშვილი –პატრიოტთა ალიანსიდან და ზვიად ძიძგური და გიორგი ვოლსკი „ქართული ოცნებიდან“. დღის ბოლომდე კიდევ 15 საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვალნელის ვინაობა გამოვლინდება.

XS
SM
MD
LG